საქართველოში გამოყენებულ ორ ვაქცინასთან შედარებით „სინოფარმის" ვაქცინას გაცილებით უფრო ნაკლები სიმძიმის გვერდითი მოვლენები გააჩნია, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, გარდაცვალების რისკი ამ ვაქცინის გაკეთების შემდეგ 100%-ით არის დაზღვეული.
„ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ, რომ საინფორმაციო კამპანია იქნება აქტიურად დაწყებული, საინფორმაციო კამპანია იქნება მიმართული ორი ძირითადი კომპონენტისკენ, ეს არის - ეფექტურობა და უსაფრთხოება. თვითონ ის ფაქტი, რომ ამ ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მოსახლეობას ნაკლებად აქვს - ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან ბევრი ჩემი კოლეგა, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე უკვე ელოდება ამ ვაქცინას", - აღნიშნა ჩხაიძემ.