ავტორი:

"ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ოცნების" გადაწყვეტილებას?

"ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი" - როგორ ეხმაურებიან ოპოზიციაში "ოცნების" გადაწყვეტილებას?

"ქართულ ოცნებაში" ისეთი ხისტი პოზიცია ჰქონდათ, რომ დანიელსონის არასრულფასოვან დოკუმენტსაც კი ხელი არ მოაწერეს და როგორც ჩანს, გარე წნეხისა და შესაძლოა, ნაწილობრივ შიდა ამბების გააზრების შემდეგ, პირველი ბზარი გაჩნდა მათ პოზიციაში, რომ იმ უტიფრობიდან ცოტა უკან დაიხიეს,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

ამასთანავე, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი ძალის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ქვეყანაში არსებულ კრიზისს ვერ განმუხტავს, რადგან კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიძლევა თუ ნიკა მელიასა და გიორგი რურუას სახით პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, შეწყდება პოლიტიკური დევნა ქვეყანაში და მოხდება შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე ან პლებისციტზე ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

"სამწუხაროდ, მაგით ვერ დაიწყება კრიზისის განმუხტვა. სამ პუნქტზე ჩვენ ახლაც თანახმა ვართ, ოღონდ, ბუნებრივია, ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებას ან პლებისციტზე შეთანხმებას ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი ზღვრები ყველასთვის ცნობილია, ან უნდა შევთანხმდეთ პირდაპირ ვადამდელ არჩევნებზე, ან პლებისციტზე და ხალხს ვკითხოთ სურთ თუ არა, რომ იყოს არჩევნები 2022 წლის დასაწყისში, მაგალითად და პოლიტპატიმრების საკითხი, მე ამ ბრიფინგიდან ვერ გავიგე, ანუ პოლიტპატიმრებს ათავისუფლებენ ახლავე?! ეს კარგი ნაბიჯი იქნება, ეს არ არის საკმარისი განმუხტვისთვის, მაგრამ აუცილებელი პირობა არის განმუხტვის დასაწყებად და დროზე უნდა ვნახოთ მელია და რურუა თავისუფალი და სხვა საქმეები უნდა შევწყვიტოთ. დანიელსონის დოკუმენტში პოლიტპატიმრებზეც ბუნდოვანი ჩანაწერი იყო, შეიძლება ნორმალური მთავრობის პირობებში, ეგ საკმარისი აღმოჩნდეს, მაგრამ ის ჩანაწერი არ იძლეოდა მკაფიო გარანტიას, ამიტომ შედეგი უნდა ვნახოთ ჩვენ.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი პუნქტი, რაზეც შეთანხმება უნდა მოხდეს, შემდეგ უკვე „ოცნების“ პოზიციის გამო, მედიატორმა საბოლოო დოკუმენტში ეს საკითხი არ ასახა და ამიტომ იყო ის არასრულფასოვანი დოკუმენტი და ამიტომ არ უჭერდა მხარს „ევროპული საქართველო“ და ოპოზიცია.

ეს ხელმოწერა შეიძლება დროებით ვიღაცისთვის აღმოჩნდეს პოზიტიური სიგნალი, ვინც ბოლომდე არ ჩახედავს ან არაზუსტად აფასებს კრიზისის სიღრმეს, ოღონდ ძალიან მალე გაირკვევა, რომ ეს არ არის კრიზისის განმუხტვა", - განაცხადა ბოკერიამ.

"მოქალაქეების" ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა საკითხის კომენტირებისას თქვა, რომ შეთანხმებას ხელს ოპოზიციის ნაწილიც მოაწერს. რაც შეეხება პარტია „მოქალაქეების" პოზიციას დოკუმენტზე, იოსელიანი აღნიშნავს, რომ მათთვის თავიდანვე მისაღები იყო დოკუმენტი და ხელმოწერასთან დაკავშირებით მზაობაც თავიდანვე დააფიქსირეს.

"ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, მიმაჩნია, რომ ოპოზიციის მხრიდან არის აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს დოკუმენტი არ არის რომელიმე ერთი მხარის შემუშავებული, ის არის შედგენილი მედიატორის მიერ, რომელმაც ძალიან სამართლიანად გაითვალისწინა ორივე მხარის ინტერესები ამ დოკუმენტში.

კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ეს გადაწყვეტილება, სჯობდა აქამდე მიეღო და ამდენ ხანს არ გაგრძელებულიყო ეს ყველაფერი. შესაბამისად, იმედი მაქვს ოპოზიციის ნაწილი მაინც გაითვალისწინებს ამ დოკუმენტის მნიშვნელობას, მოაწერს მას ხელს და შემოვა პარლამენტში. მე მახსოვს „ევროპული საქართველოს“ ლიდერის პოზიცია, რომელმაც თქვა, რომ ყველამ რომ მოაწეროს ხელი, ის მაინც არ მოაწერს, რამდენადაც მახსოვს ასე თქვა ბატონმა ბოკერიამ. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ნაწილი მოაწერს ხელს და ნაწილი დარჩება ისევ თავის მოთხოვნის ერთგული, ვადამდელ არჩევნებს ვგულისხმობ და ასე გაგრძელდება პროცესი.

ეს არის დათმობა „ქართული ოცნების“ მხრიდან და ამას ცუდ კონოტაციაში არ ვიტყვი, კარგია, რომ დათმობაზე წავიდნენ და გაიაზრეს პოლიტიკური სიტუაციის სიმძიმე საქართველოში. არ გამოვრიცხავ კობახიძის ვიზიტი იყოს კავშირში ამ გადაწყვეტილების მიღებასთან, თუმცა, ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან ისედაც გვესმოდა, რომ ორმხრივი კომპრომისი არის სწორი", - განაცხადა იოსელიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან შეთანხმება მაშინ შედგება, როდესაც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან და ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგია.

"ვიდრე ორ მთავარ საკითხზე ვერ მოხდება შეთანხმება, სრულად შეთანხმება არ იქნება მიღებული. პოლიტპატიმრების გამოშვება და ვადამდელი არჩევნები მთავარი საკითხებია.

თალაკვაძის ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მუშაობის შედეგად, „ქართულ ოცნებას“ მოუწია უკან დაწევა, კომპრომისებზე წასვლა იმ სამ საკითხზე, რომელიც რეფორმებს ეხება. 2 მთავარ საკითხზე უნდა მოხდეს შეთანხმება - პოლიტიკურად დევნილებსა და ვადამდელ არჩევნებზე, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა, რომ ქვეყანაში მოგვარდეს ის კრიზისი, რომელიც არსებობს", - აცხადებს მინაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან მედიატორებისშედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა შეთანხმებისთვის საკმარისი არ არის და ეს მხოლოდ დასტურია, რომ მმართველი გუნდი მოლაპარაკების გასაგარძელებლად მზადაა.

როგორც ჩიხლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დოკუმენტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება როგორც პოლიტპატიმრების, ასევე ვადამდელი არჩევნების საკითხთან მიმართებით.

"თალაკვაძის განცხადებას სჭირდება დეტალური ანალიზი, კონსულტაციები გვექნება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა რამდენიმე კითხვა მებადება. ჯერ ერთი - რა უშლიდათ ხელს მაშინაც, რომ არსებული დოკუმენტისთვის თუნდაც ამ საკითხებზე დათანხმებულიყვნენ. ასევე ბევრი კითხვის ნიშანი რჩება პოლიტპატიმრებთან მიმართებით - რა მექანიზმით მოხდება ორივე პატიმრის გამოშვება. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების 40%-ზე მიბმას, ეს დანიელსონის დოკუმენტში არ წერია, შესაბამისად, ეს პუნქტია ჩასამატებელი, ოღონდ ამაზეც სამსჯელოა. 40% თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან პატარა ზღურბლია. ჩვენნაირ ქვეყნებში ადგილობრივ არჩევნებზე 40% რომ ვერ მიიღოს, მითუმეტეს ასეთი მეთოდებით, ხელისუფლება მკვდარი უდნა იყოს. ამიტომ 40% სადებატო თემა უნდა იყოს. ამასთან საპარლამენტო არჩევნების ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა და თან 40%-ით, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში დეტალურად განვიხილავთ ყველა ამ წინადადებას. ამაზე ზედაპირულად მსჯელობა ვერ მოხდება, მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა განვიხილოთ" - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

გახარიას პარტია თბილისის მერობის კანდიდატად არჩილ არველაძეს განიხილავს? - რა განაცხადა კახა ქემოკლიძემ

"მერობაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი კანდიდატურა განიხილებოდა" - თაკო ჩარკვიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"