ავტორი:

"ვნატრობდი, მათი სამოსი მქონოდა" - ლიკუნა ხაჭაპურიძის ცხოვრება გერმანიაში და თანამშრომლობა ცნობილ ბრენდებთან

"ვნატრობდი, მათი სამოსი მქონოდა" - ლიკუნა ხაჭაპურიძის ცხოვრება გერმანიაში და თანამშრომლობა ცნობილ ბრენდებთან

ყველაზე მოთხოვნადი და გამორჩეული ფოტომოდელი და "ინფლუენსერი" ლიკუნა ხაჭაპურიძე სანდრო ჭანტურიაზე დაქორწინების შემდეგ, მალევე საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც კარიერაში ახალი და წარმატებული ნაბიჯები გადადგა, გარდა უამრავი მაღალი კლასის ბრენდისა, ის "პრადასთან" და The KARL LAGERFELD-თან თანამშრომლობს. თუ როგორია მისი გერმანული ცხოვრება, ლიკუნა AMBEBI.GE-ს უამბობს

- ლიკუნა, რატომ გადახვედი გერმანიაში საცხოვრებლად?

- ჩემი მეუღლის ოჯახი გადმოვიდა გერმანიაში საცხოვრებლად და მეც გადავწყვიტე მეუღლესთან ვყოფილიყავი. ჰამბურგში ზაფხულში ჩამოვედით და ჯერჯერობით აქეთ ვაპირებთ ყოფნას. დაოჯახებიდან ერთ თვეში გერმანიაში წამოვედით. ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლომდე შეიცვალა - უკვე დაოჯახებული, ახალი ქვეყანა, რომელიც ყველანაირად ახალი გამოწვევა იყო.

რომ მოვდიოდი, ძალიან მეშინოდა. ვფიქრობდი, რომ საქართველოში ვტოვებ ყველაფერს, როგორ უნდა ვიყო ახალ ქვეყანაში, სადაც არავინ მიცნობს, მეგობრები არ მყავს?! ვფიქრობდი, რომ აღარ ვიქნებოდი ისეთი მოთხოვნადი, ჩემს საქმიანობაში. მადლობა ღმერთს, როგორც კი ჩამოვედი, ბევრი კარგი შემოთავაზება მივიღე. ჩემი ქმარი ჩემი საუკეთესო მეგობარია და მასზე ახლობელი არავინ მყავს. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრების დანაკლისს მივსებს და სულ დაკავებული ვარ, ძალიან გამიჭირდა და ახლაც მაქვს დეპრესიული მომენტები. განსაკუთრებით, როცა ცუდი ამინდებია. ბევრი მეუბნება, რომ გერმანიას ჩვევია დეპრესია და ასეც არის.

- შენმა ქორწინებამ ძალიან ჩუმად ჩაიარა...

- ქორწილი არ მქონდა. პანდემია დაემთხვა და თან გერმანიაში მალევე მოვდიოდით. არც მიმაჩნია სწორად, რომ პანდემიის დროს ქორწილი გადავიხადოთ. მე და სანდროს ბევრი მეგობარი გვყავს, ამიტომ პატარა ქორწილი არ მინდოდა. ველოდებით იმ პერიოდს, როცა ყველაფერი გაიხსნება.

ძალიან კარგია თანაცხოვრობა, დავისვენე და დავწყნარდი. ბევრისგან მსმენია, რომ თანაცხოვრობა რთულია, მერე ნახავ რაც მოხდება... მინდა ვთქვა, რომ ბევრად უკეთესი ყოფილა ერთად ცხოვრება, ვიდრე ცალ-ცალკე. ვიცოდი, რომ ასე კარგად ვიცხოვრებდით, მაგრამ ამდენად კარგი თუ იქნებოდა, არ მეგონა. მართლა ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები, ალბათ იმიტომ, რომ ვცდილობთ, ყველაფერში გავუგოთ ერთმანეთს და გავახაროთ.

- ფოტოებიდანაც ჩანს, რომ "ინფლუენსერობით" აქტიურად ხარ დაკავებული, რა ხდება შენს სამოდელო კარიერაში?

- ჩემი ერთადერთი სამსახური არის "ინსტაგრამი", "ინფლუენსერობა" და ამ ყველაფერს დიდი სერიოზულობით ვუდგები, ისევე, როგორც სხვა სამსახურს ემსახურება ხალხი. დილიდან საღამომდე შეუსვენებლად ვმუშაობ. რაც შეეხება სამოდელო კარიერას, გადაღებებზე სიარულს მაინც თავს ვარიდებ, მეშინია, რომ ვირუსი არ შემეყაროს. გერმანიაში ყველაფერი ჩაკეტილია, ძალიან მკაცრად ცდილობენ ყველა წესი დაიცვან, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა მაინც არ მცირდება. დილიდან საღამომდე დაკავებული ვარ, სულ გადაღებები მაქვს, ოღონდ ყველაფერს ჩემით ვიღებ.

- ცნობილ ბრენდებთან თუ თანამშრომლობ?

- ნელ-ნელა უფრო და უფრო დიდი ბრენდები მეხმიანებიან და ჩემთან თანამშრომლობენ. რამდენიმე დღის წინ "პრადამ" გამომიგზავნა ნივთები, "კარლ ლაგერფელდთან" დავიწყე თანამშრომლობა. ბევრი ისეთი ცნობილი და მაღალი დონის ბრენდი დამიკავშირდა, რომელზეც მხოლოდ ოცნება თუ წარმომედგინა. ვნატრობდი, მათი სამოსი მქონოდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ვითანამშრომლებდით.

ამ ყველაფერმა უდიდესი პასუხისმგებლობაც შემმატა. ამ ბრენდებისთვის ვქმნი "კონტენტს", მაგრამ რასაც მათთვის ვიღებ, ყველაფერს არ ვდებ "ინსტაგრამზე". სპეციალური შეკვეთები აქვთ, რაც საქართველოში მანამდე არ შემხვედრია და არ ვიცოდი. ვიღებ მათთვის და შექმნილ "კონტენტს" ვუგზავნი. თუ ფოტოებს "ინსტაგრამზე" არ დავდებ, მაგაში თანხას იხდიან. აქედან გამომდინარე, ჩემს თავს ვუწოდე "კონტენტ მეიქერი", რაც რეალურად ვარ.

- გარედან ძალიან ლამაზი ჩანს შენი საქმიანობა, რამდენად რთულია?

- კი, გარედან ლამაზად ჩანს. ამბობენ, რამდენ საჩუქრებს უგზავნიან, რა მაგარია... მაგრამ ძალიან შრომატევადი და რთული საქმეა. ამ ბოლო დროს საერთოდ არ მაქვს იმის განწყობა, რომ ფოტოები გადავიღო, მაგრამ რა უნდა ვქნა, როცა საქმე მოითხოვს?! აქ ისეთი ცუდი ამინდებია, საწოლიდან ადგომა რომ არ მოგინდება. მე კი ყოველდღე გავდივარ, სხვადასხვა ბრენდების სამი-ოთხი "ლუქი" მიმაქვს რომ მოვასწრო, ყველას დროულად გავუგზავნო სურათები და "ლუქები." უამინდობისას გამოსავალიც ვიპოვე, სახლის სტუდია ვიყიდე, თავისი განათებით. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ნიშა ის არის, რომ ფილტრებს და ეფექტებს არასდროს არ ვადებ ფოტოებს.

- მეუღლე რამდენად გეხმარება?

- მეუღლე ყველაფერში ჩართულია, ფოტოების 90%-ს სანდრო მიღებს, როცა თანამშრომლობაზე მწერენ, წერილებსაც ეგ პასუხობს, ყველაფერში მეხმარება და ხელს მიწყობს, რაც ძალიან მიხარია.

- როგორ ახერხებ ყოველთვის ფორმაში ყოფნას?

- ჭამაზე ვგიჟდები, ისე მიყვარს, ჭკუა მეკეტება და თან, სულ მეზარება ვარჯიში. თავიდან, გერმანიაში რომ ჩამოვედით, მადა დავკარგე, საერთოდ ვერ ვჭამდი და ისე გავხდი, ვერც შევამჩნიე. სხვები რომ მეუბნებოდნენ, რა გამხდარი ხარო, არც მჯეროდა, მაგრამ მერე, როცა სასწორი ვიყიდე, აღმოვაჩინე, რომ 46 კილო ვყოფილვარ, მაგრამ უკვე მაგ წონიდან 6 კილო მაქვს მომატებული. ახლა ვვარჯიშობ და სწორი კვება დავიწყე. თუ ავიშვი და მოვიმატე, მერე ვიტანჯავ თავს, რომ ფორმაში ჩავდგე.

- ძალიან ხშირად იცვლიდი თმის ფერსა და სტილს, რაც სხვებისგან გამოგარჩევდა, ამ ბოლო დროს კი ეს ცვლილებები არ შეიმჩნევა...

- კი, სულ ვიცვლიდი, ვიჭრიდი, მაგრამ რაც მე და სანდრო ერთად ვართ, მას შემდეგ თითქოს დავწყნარდი, აღარ მაქვს ცვლილელების სურვილი. თან სანდროს სულ უნდოდა თმა გამეზარდა. გავიზარდე. აქ სალონები არ მუშაობდა და თმა ჩემით შევიღებე. მანიკურ-პედიკურს ჩემით ვიკეთებ და უკვე შევეჩვიე. კულინარიც გავხდი, დღეში სამჯერ ვაკეთებ საჭმელს. ჩემი ქმარი ვარჯიშობს და სპეციალური, ჯანსაღი კვება სჭირდება.

- სამოსს ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდი?

- ბავშვობაში უფრო მშობლები მაცმევდნენ. 16 წლამდე დედა მყიდულობდა ტანსაცმელს. ერთად მივდიოდით საყიდლებზე. თუ რაღაც მომეწონებოდა, ვკითხავდი, დედა ეს კარგია? მეტყოდა - არა, ის არის კარგი და მეც ვუჯერებდი. კარგად ჩაცმა პატარაობიდან მიყვარდა, მაგრამ დაახლოებით 18 წლიდან ჩემით ვირჩევ სამოსს. გარდატეხის ასაკში ოჯახის წევრებთან სულ პრობლემა მქონდა, არ მოსწონდათ ჩემი თმა, სტილი და დედა თუ მეჩხუბეობდა, მამა სულ ეუბნებოდა, ნუ ეჩხუბები, გაუვლის, კარგია, უხდება... სულ მხარს მიჭერს ყველაფერში.

- მამაშენმა, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემაც ისე შეიცვალა სტილი, ძნელია იცნო, შენ ხომ არ იქონიე მასზე გავლენა?

- ძალიან სიმპათიურია და ძალიან კარგი გემოვნება აქვს. ადრე ასე არ იცვამდა. თავისით გადაწყვიტა შეეცვალა სტილი, თმა, წვერი, ჩაცმულობა. ძალიან მომწონს და სულ ვეუბნები - ყოჩაღ, მამა.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

"მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს" - თაკო ნაცვლიშვილი სამოდელო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე: რას წერს მოდელი?

ჯენიფერ ლოპესი ძველ სიყვარულს დაუბრუნდა? - რა ხდება ჯეი ლოსა და ბენ აფლეკს შორის 17-წლიანი განშორების შემდეგ (პაპარაცული ფოტოები)

ირაკლი მაქაცარიამ აღდგომის დღესასწაული შეყვარებულთან ერთად გაატარა - წყვილი გულშემატკივრებს ახალ ფოტოებს უზიარებს