ავტორი:

"ამდენი თვის ბოიკოტმა შედეგი მოიტანა, დაგვრჩა ბოლო ნაბიჯი..." - რას ამბობენ ოპოზიციის ლიდერები გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ

"ამდენი თვის ბოიკოტმა შედეგი მოიტანა, დაგვრჩა ბოლო ნაბიჯი..." - რას ამბობენ ოპოზიციის ლიდერები გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ

დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა „ლელო“ მას ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია დააფიქსიროს, - ამის შესახებ მედიატორებთან შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, „შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ“.

"ლელო ყველა პუნქტს პოლიტსაბჭოზე გაიტანს, რათა იმსჯელოს და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს. შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. დაგვრჩა ბოლო ნაბიჯი, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ. დაიწყო გადატვირთვის პროცესი. ამ დოკუმენტის დასრულებით ქვეყანაში ახალი გადატვირთვა დაიწყება, რაც გამოიხატება იმ პუნქტების რეალიზაციით, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ს მონიტორინგის ქვეშ განხორციელდება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძემ „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ევროკავშირის ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე არ მივიდა. ხაზარაძის შეფასებით, დღევანდელ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლების არყოფნა გაუგებარი ქცევა, ამომრჩევლებისა და მედიატორი ელჩების უპატივცემულობა იყო.

„ქართული ოცნება“ ბოლო წუთს ჩაეხსნა შეხვედრას. ეს ნიშნავს, რომ არ უნდათ შეთანხება. მათი საქციელი გასულია კრიტიკის ზონიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად დააფიქსიროს საკუთარი მიდგომა და ხელმოწერა იმ ხუთ პუნქტზე, რომლის მიმართაც "ლელო" და ბევრი პარტია მზად არის", - დასძინა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით, საუბარია 43%-იანი ზღვრის დაწესებაზე მხოლოდ პროპორციული და არა მაჟორიტარული მაჩვენებლებით.

„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი მივიღეთ, ბატონ შარლ მიშელისაგან. ეს საბოლოო დოკუმენტია, რომელიც მის მიერ მომზადდა. აქ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ვნახეთ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებასთან მიმართებაში და განვიხილეთ, შესაძლებლობა, რომ ეს საკითხი ძალიან სწრაფად ამოვწუროთ.

ამავდროულად შემოთავაზება რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით არაა, რაც ჩვენ გვსურდა თავიდანვე, მაგრამ ესაა ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, იმიტომ რომ საუბარია 43%-იანი ზღვრის დაწესებაზე მხოლოდ პროპორციული მაჩვენებლებით და არა მაჟორიტარული მაჩვენებლებით. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია! მე პირადად მხარს ვუჭერ ამ დოკუმენტს! ამდენი თვის შრომამ, ამ ბოიკოტმა შედეგი მოიტანა, მე მიმაჩნია, რომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ მოიტანოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებულია ევროკავშირის თავდებობა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დოკუმენტში, რომელიც დღეს დაიდო, შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შევიდეს. ვაშაძის ინფორმაციით, პირველივე პუნქტში საუბარია პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტაზე. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, „მითითებულია 43 პროცენტის აღების აუცილებლობა „ქართული ოცნების“ მხრიდან“.

„ეს არის ფაქტობრივად, საბოლოო დოკუმენტი - შეიძლება ასე ითქვას, რომელშიც მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შეიძლება შევიდეს. ბევრი რამ შეიძლება კიდევ მინდოდა, რომ ყოფილყო ამ დოკუმენტში, მაგრამ ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც მეტ-ნაკლებად მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი, ორივეს საკითხი უნდა გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში, იმასაც გეტყვით, რომ რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი, ეს შეიძლება იყოს პრეზიდენტის შეწყალება. ერთიც და მეორე მექანიზმიც შეიძლება იყოს გამოყენებული და ეს არის მკაფიო პოზიცია გამოხატული ამ დოკუმენტში. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, აქ მითითებულია 43 პროცენტის აუცილებლობის აღება „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხზე და ვფიქრობ, ეს არის ის რაციონალური კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მედიატორებმა ჩვენ შემოგვთავაზეს. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ჩართვის დროს იყო კიდეც საუბარი, რომ ახლა 4 წლის მანძილზე არავინ აპირებს არც აშშ-ის და არც ევროპის მხრიდან, რომ მუდმივად მედიატორები იყვნენ ამ მოლაპარაკებაში, ამიტომ ყველას გვმართებს ღირსეული მიდგომა, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რასაც მე ვერ ვხედავ „ქართული ოცნების“ მხრიდან და ძალიან გაწბილებული ვარ დღევანდელ დღეს და მინდა ვთქვა, რომ ამ ხელმოწერას კი არ დაიმახსოვრებენ, ვინ მოაწერა და ვინ არ მოაწერა ხელი ათწლეულების მერე, დაიმახსოვრებენ ერთ რამეს თანამედროვე პირობებში, 2021 წელს ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა შესაძლებლობა კონსენსუსის შეთანხმების, თუ როგორც 90-იანებში მოხდა, საშინელ დაპირისპირებაში გადავიდა ყველაფერი, როცა ვერ შეთანხმდნენ ადამიანები. ამიტომ მე ვფიქრობ, შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ და იმედი მაქვს, ეს დესტრუქცია, რომელიც დღეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, იქნება გამოსწორებული და შეთანხმება შედგება“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ის რომ დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრო „ქართული ოცნება“, ეს მათი მხრიდან დესტრუქციაზე მიუთითებს.

„მათ დღესაც გაუგებარი რამ თქვეს, რომ იმ დოკუმენტზე მოაწერეს ხელი, რომელიც არ იყო საბოლოო ვარიანტი. დღეს რატომ არ მოვიდნენ, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, არც მედიატორებმა იციან და არავინ იცის. ჩემთვის ეს არის დესტრუქცია, რაც დღეს მათ გააკეთეს. იმედი მაქვს, ამას ამაღამ გამოასწორებენ და სწრაფად გონს მოეგებიან. ჩემთვის ეს დოკუმენტი არის მისაღები, მაგრამ ჩემს პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა და ჩვენ დაველოდებით სხვა კოლეგების თანხმობასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც მთავარია „ქართული ოცნების“ თანხმობას“, - გაანცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, "„ქართული ოცნება“ არ ვიცი, დემონსტრაციულად, არ ვიცი როგორ, მაგრამ არ გამოცხადდნენ ამ შეხვედრაზე".

მისივე თქმით, როგორც იცის, მათ პარტნიორებს ამის შესახებ მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით შეატყობინეს.

„დღეს რომ შევედი დავარქვი, რომ იქნებოდა შეთანხმების დღე, მაგრამ შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე. მინდა ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არ ვიცი, დემონსტრაციულად, არ ვიცი როგორც, მაგრამ არ გამოცხადდნენ ამ შეხვედრაზე და ეს მხოლოდ SMS-ით შეატყობინეს, როგორც ვიცით, ჩვენს მასპინძლებს. ეს არის საოცარი მიდგომა. სახელისუფლებო ძალის მხრიდან ასეთი მიდგომა ჩემთვის არის შოკისმომგვრელი. რამდენჯერმე ვიკითხე, რა ხდება მეთქი, უბრალოდ, წარმოუდგენელია“, - განაცხადა ვაშაძემ.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის ხათუნა სამნიძის განცხადებით კი, მზად არიან, რომ ამ დოკუმენტს ხელი მოეწეროს.

"დოკუმენტი არის მისაღები. მე შემიძლია, ვთქვა, "რესპუბლიკური პარტიის" სახელით, რომ პოზიტიურად ვართ განწყობილი და მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი მხრიდან ამ დოკუმენტს ხელი მოეწეროს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ხელისუფლების მხრიდან იყოს მზაობა, რომ შევთანხმდეთ", - აღნიშნა სამნიძემ.

"პოლიტპატიმრების თემაზე ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ - ორივე პოლიტპატიმართან დაკავშირებით არის შეთანხმებაში შესაბამისი ფორმულირება ჩადებული, რა მექანიზმებით მოხდება მათი გათავისუფლება" - ამის შესახებ „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, დაიწყება შემდეგი პროცესი, რის შემდეგაც ყველა პარტია გაივლის შიდა კონსულტაციებს და ჩამოყალიბდა პარტიული პოზიციები.

„ვფიქრობ, რომ პოლიტპატიმრების თემაზე ჩვენ სერიოზულ პროგრესს მივაღწიეთ, იმიტომ , რომ ორივე პოლიტპატიმართან დაკავშირებით არის შეთანხმებაში ტექსტში შესაბამისი ფორმულირება ჩადებული, რა მექანიზმებით მოხდება მათი გათავისუფლება. ეს რა თქმა უნდა, მნშივნელოვანი პროგრესია, რადგან პოლიტპატიმრების თემა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია.

ამ ეტაპზე ვფქირობ, რომ იქნება შემდეგი პროცესი, ყველა პარტია გაივლის თავის შიდა კონსულტაციებს და შესაბამისად ჩამოყალიბდა პარტიული პოზიციები. ჩვენ ვნახეთ მოწოდებები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, რომ ყველა პარლამენტის წევრმა განიხილოს ამ შეთანხმების ხელმოწერა და სწორედ ამიტომ ხდება საჯარო ეს დოკუმენტი, რომ ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. ასევე, დაიწყება საჯარო განხილვის პროცესი , რომელიც დასრულდება , სავარაუდოდ, იმით რომ ალბათ, ვიღაცა ჩათვლის, რომ შეთანხმება მათთვის არის მისაღები, მე რამდენადაც მესმის ზოგიერთმა პარტიამ ეს განაცხადი უკვე გააკეთა.

ჩვენ გვაქვს გარკვეული რეზერვაციები, ამიტომ მე ვერ ვიტყვი და ვერ გაცნობებთ ჩვენ პარტიულ გადაწყვეტილებას. ჩვენ კიდევ გვჭირდება კონსულტაციები და დრო, იმიტომ, რომ გვაქვს შეკითხვები“, - განაცხადა სამადაშვილმა.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, პარტია "მოქალაქეები" ამ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

მისივე განმარტებით, დოკუმენტში ჩაწერილია, როგორც ვადამდელი არჩევნების საკითხი ასევე, ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლების კონკრეტული მექანიზმები.

"შეხვედრაზე გვითხრეს ძალიან მკაფიოდ, რომ ეს არის საბოლოო დოკუმენტი პრეზიდენტ მიშელის მიერ მოლაპარაკების მაგიდაზე დადებული, რომელშიც ძალიან მცირე სარედაქციო ცვლილებები შეიძლება შევიდეს, მაგრამ შინაარსობრივად არსებითად ტექსტი არ შეიცვლება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუკი "ქართული ოცნება" ოქტომბერში პროპორციულ წესში 43%-ზე მეტს ვერ აიღებს, აქ ძალიან კონკრეტული მექანიზმებია რურუას და მელიას გათავისუფლების, აქ არის ძალიან სერიოზული ჩანაწერები მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია და 5 კომიტეტთან დაკავშირებით, რომელიც უნდა დაიკავონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

მე ვიცი ერთი რამ, რომ უსასრულოდ ენის მოჩლეფვით ლაპარაკს და დიალოგს არავინ არ დაგვიწყებს, ეს იყო ბრიუსელის და ვაშინგტონის ერთობლივი განცხადება, დაიდო საბოლოო დოკუმენტი და ამას ვინც ხელს არ მოაწერს იმას არც ქვეყანა ადარდებს და არც ეს ხალხი ადარდებს, რომელიც სიღარიბეში და სიღატაკეში იხრჩობა. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტს ხელს ვაწერთ, ჩვენ ისედაც პარლამენტში ვართ შესულები, ძალიან უცნაური იყო, რომ აქ "ქართული ოცნება" არ იყო წარმოდგენილი და ეს თავისთავად ძალიან ცუდი იყო და აი, საინტერესოა ხალხმა ნახოს, ვისაც ეს ქვეყანა და ხალხი ადარდებს ის ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს", - განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიციის ლიდევ ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, რიგგარეშე არჩევნების ბმა ადგილობრივ არჩევნებზე არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, მაგრამ სასწორის მეორე მხარეს დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი დევს.

„დოკუმენტში წინა ვერსიასთან შედარებით შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს და პირველ რიგში, ეს ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და საუბარია მკაფიოდ ორი ადამიანის გამოშვებაზე. საუბარია მკაფიო ვადებსა და მექანიზმებზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიციამ ძალიან დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა და ითხოვდა - ორივე ადამიანი: ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში. რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით კი შემიძლია ვთქვა, რომ ბმა ადგილობრივ არჩევნებზე არ არის საუკეთესო და სწორი გზა რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად. მე გეტყვით გულწრფელად, ახლაც მიმაჩნია, რომ 43% არის ალოგიკური რიცხვი, სრულად ლოგიკური იქნებოდა 48 პროცენტი, რომელიც „ოცნებამ“ აიღო არჩევნებზე, მაგრამ სრულად მესმის, რომ ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი და კომპრომისს ხანდახან მოაქვს ალოგიკური და თუნდაც, მძიმედ მხარდასაჭერი შეთანხმებებიც. ამიტომ ჩემთვის ამ დოკუმენტში პრობლემურია სწორედ რიგგარეშე არჩევნების საკითხი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს დევს დიდი პოლიტიკური ფასი და ინტერესი. ამ ქვეყნის მომავლისთვის სრულიად კატასტროფად მიმაჩნია, ისევე როგორც ოპოზიციის სამომავლო წარმატებული ბრძოლისთვის, რომ ამ ქვეყანაში ოპოზიცია დაუპირისპირდეს დასავლეთს და პროდასავლური ნიშა მთლიანად დაიკავოს აბსოლუტურად არადასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენი მომავალი წარმატებისა და ოპოზიციის მომავალი გამარჯვებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ დასავლეთის მხარდაჭერას და დასავლეთის პოზიციას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ შეხვედრაზე არ მისულან, ბაქრაძემ აღნიშნულს ხელისუფლების მხრიდან „დიდი უპასუხისმგებლობის“ გამოჩენა უწოდა. „როცა ქვეყნის ბედი და მომავალი წყდება, მმართველი პარტიის მხრიდან შეთანხმებულ მოლაპარაკებებზე არ მოსვლა, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ხალხის დამოკიდებულებას საქართველოს მომავლის მიმართ, დამოკიდებულებას პრობლემებისა და მთელი ამ პროცესის მიმართ, მათ შორის ადასტურებს დამოკიდებულებას იმ დოკუმენტის მიმართ, რომელიც დაიდო მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს იყო დიდი უპასუხისმგებლობისა და უპატივცემულობის გამოვლენა მთლიანად მოლაპარაკების პროცესის და ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მიმართ“,- აღნიშნა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, ის დოკუმენტის შესახებ იფიქრებს და გადაწყვეტილებას პარტიებთან ერთად ლოგიკურ ვადაში იტყვის.

„მე ამ დოკუმენტს განვიხილავ სერიოზულად. ვერ გამოვრიცხავ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს, აქაც არ გამოცხადდნენ. მით უარესი მათთვის, ვინაიდან დღევანდელი დღეც და მითუმეტეს, დოკუმენტზე ხელის არმოწერა კიდევ ერთხელ გამოაჩენს, რომ ამ ადამიანებს არ აწუხებთ არც პროლემები, არც ქვეყანა და არც დასავლეთთან ურთიერთობა. მათთვის ერთადერი მიზანია, რომ სავარძლები შეინარჩუნონ ისე, რომ არანაირი ბზარი არ დაემუქროს მათ მმართველობას. კონკრეტული ვადა არ ყოფილა შეთანხმებული, როდის უნდა დაბრუნდნენ მომლაპარაკებლები კონკრეტული წინადადებებით. ვადა დღეს არ თქმულა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ალბათ ხვალ, ზეგ კიდევ ერთხელ შევიკრიბებით საბოლოო მსჯელობისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით კი, ვადამდელ არჩევნებზე განსხვავებით წინა დოკუმენტისგან მკაფიო საუბარია.

„ძალიან კარგი პროგრესია ამ დოკუმენტში რაც ვნახეთ, იმასთან შედარებით, სადაც ვიყავით. საკვანძო საკითხში - პოლიტპატიმრების არის, ის ტესტი მოცემული რაც სრულიად არანორმალურ ინტერპრეტაციას აკეთებს ვინმე მთავრობიდან. არის მკაფიო ორივე ამ მთავარ პიროვნებასთან დაკავშირებით მელია და რურუაზეა საუბარი. უნდა ერთი და იგივე შედეგით სწრაფად, გათავისუფლების საკითხი გადაწყდეს. ეს აბსოლუტურად პრინციპული საკითხია, ძალიან კარგია, რომ ამ დოკუმენტში მოცემულია. ასევე ძალიან კარგია, რომ განსხვავებით წინა დოკუმენტისგან გვაქვს ვადამდელ არჩევნებზე საუბარი მკაფიოდ. მიუღებლად რჩება, რა ტესტით მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამიტომ ეს ერთი საკითხი არის გამოსასწორებელი ამ დოკუმენტში, მაშინ ის მისაღები გახდება ავტომატურად. მაგრამ აქ ამ ვითარებაში, ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ივანიშვილის გარემოცვის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საერთოდ არ მოვიდნენ შეხვედრაზე. ასეთი შემთხვევა მე არ მახსენდება, რომ შეხვედრა იყო დანიშნული ასეთ მნიშვნელოვან საკთხზე და ხალხი ვისაც მთავრობა, ვისაც ამ ქვეყნის ბედი აბარია არ გამოცხადდა, კომენტარს არ აკეთებენ. გვითხრან რატომ არ მოვიდნენ, რატომ არ სცეს პატივი საკუთარ მოქალაქეებს, მე დიპლომატებზე არ ვლაპარაკობ.

ტესტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა, არის ჩვენთვის მიუღებელი. ან პირდაპირი შეთანხმება ან პლებისციტი. ეს იმ კალიბრის საკითხია, ბუნებრივია ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან ხვალ გვექნება კონსულტაცია, მათ შორის პოლიტსაბჭოს ყველა წევრთან, მათ მოსაზრებას მოვისმენ. ეს ვარიანტი არ არის მისაღები, ვადამდელ არჩევანთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

საქართველოში დღეს შარლ მიშელი ჩამოვა - ვის შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

როგორ ეხმაურება "ოცნებისა" და ოპოზიციის ისტორიულ შეთანხმებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი