16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი და მისი პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ მომზადებული დოკუმენტის ხელმოწერა გადაწყვიტა. 18 აპრილს გავრცელდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერების ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოუწოდეს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ იქნებოდა შეთავაზებული.
"ამ კომპრომისზე წასვლით ყველა მხარე წარმოაჩენს კეთილგონიერებასა და მზაობას, რომ საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ინტერესებზე წინ დააყენებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.
იმავე დღეს, საღამოს, პოლიტიკურ პარტიებს შარლ მიშელის ახალი შეთავაზებებიც გააცნეს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ვადამდელი არჩევნები 2022 წელს უნდა დაინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივ არჩევნებში "ქართული ოცნება“ პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს. ამასთანვე, მედიატორების დოკუმენტით, პოლიტპატიმრებად შეფასებული პირები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა გათავისუფლდნენ, თუმცა როგორც მოლაპარაკებების მონაწილეების ნაწილი ამბობს, მედიატორების მხრიდან მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ნიკა მელიასთვის თანხის გადახდის აუცილებლობა, ოპოზიციის ნაწილის თქმით, შეთავაზებები მისაღებია, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათ სჭირდებათ დრო შიდაპარტიული კონსულტაცებითვის, ჯერ არც "ქართული ოცნების" პოზიციაა ცნობილი. ამ საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:
- დანიელსონის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების ჩაშლის მერე, გაბრაზებულ გულზე, საჯაროდ იმგვარად შევაფასე ეს პროცესი, რაც ზოგადად არ მახასიათებს ხოლმე, კერძოდ, "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში მთელი პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები შეზღუდული პოლიტიკური უნარ-ჩვევების მქონე ადამიანებად მოვიხსენიე და დღემდე ამ აზრზე ვარ...
ვფიქრობ, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ვერავინ, მათ შორის ვერც "ქართული ოცნების“ ლიდერები, ვერ არჩევენ პოლიტიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას ერთმანეთისგან. ჭადრაკის პარტიას თუ შევადარებთ, ჩვენს პოლიტიკოსებს ორი 2 სვლის ზედიზედ გათვლაც კი არ შეუძლიათ. სამწუხაროდ, პროცესების ლოგიკა თავიდანვე აჩვენებდა, რომ "ქართულ ოცნებას“ მოუწევდა ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა. თავის დროზე, დანიელსონის ვიზიტის დროსვე რომ მოეწერათ, გაცილებით უკეთესი იქნებოდა მათთვისაც და პოლიტიკური პროცესისთვისაც. მაგრამ, ეს არ გააკეთეს, რის მიზეზიც ისევ და ისევ მათი პოლიტიკური ახლომხედველობაა. სტრატეგიულად არასწორად გათვალეს საკუთარი ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მედიაციით მომზადებულ განახლებულ დოკუმენტზეც მოუწევს "ქართულ ოცნებას" ხელის მოწერა.
ახლა ბურთი ოპოზიციის მოედანზეა. თუ პოლიტიკური სპექტრი ისევ გაჯიუტდა და დაიჟინეს ისევ რაღაც, საბოლოოდ დაკარგავენ დასავლელი პატნიორების მხარდაჭერას.
- აშკარად საკმაოდ კატეგორიული იყო ევროკავშირის და აშშ-ს ერთობლივი განცხადება...
- დიახ და საინტერესოა, რომ ამ განცხადებით პირდაპირ მიმართეს დეპუტატებს, მოაწერონ შეთანხმებას ხელი და შევიდნენ პარლამენტში და არ მიმართეს პარტიებს. ვფიქრობ, აქ გარკვეულწილად ოპოზიციაში რღვევის შეტანის სურვილიც გამოჩნდა... ეს ოპოზიციის ნაწილში, ვფიქრობ, კარგად გაიგეს, მაგრამ, ვეჭვობ, "ნაციონალური მოძრაობა“ წავიდეს შეთანხმებაზე. რაც შეეხება შარლ მიშელის ახალ შეთავაზებებს, ამაში ახალი არაფერია, ვადამდელი არჩევნების თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა, ეს წინადადება "ქართულ ოცნებას“ აქამდეც ჰქონდა. ჩემი აზრით, "ქართული ოცნება“ ამას დათანხმდება, რადგან მათ არ ექნებათ თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ის აღების პრობლემა, თუმცა, ვფიქრობ, ამ მიზეზით, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, თუმცა მისი ჩატარება შესაძლოა მაინც გახდეს საჭირო, ამის მიზეზი კი საპარლამენტო უმრავლესობის რღვევა გახდეს.
მელიას ნაწილშიც, ვფქირობ, "ქართული ოცნება“ გადადგამს შემხვედრ ნაბიჯს. ყველაზე პრობლემური გიორგი რურუას საქმე მგონია, ის, სავარაუდოდ, პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს, მაგრამ ეს ძალიან არასამართლიანი მგონია. ის პოლიტიკურ პატიმრად არ მიმაჩნია, მეტიც, მას იმდენი აქვს საქართველოს წინაშე დაშავებული, გაცილებით მკაცრად უნდა დაისაჯოს... საბოლოოდ, თუ ოპოზცია არ წავა დათმობაზე, ის დაკარგავს დასავლეთიდან თანადგომას. მათი უცხოელი მოკავშირეები, ოპოზიციის ქცევაში ბევრ რამეს უკვე ეჭვით უყურებენ. ვნახეთ, რომ იგივე "ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიას საქციელი პროვოკაციადაც კი შეაფასა. ჩემი აზრით, ამ აქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი სხვაგვარად უნდა მოგვარდეს, ბოლოს და ბოლოს უნდა გამოჩნდეს ახალი შუალედური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებასაც“ და "ნაციონალურ მოძრაობასაც“ გვერდზე გადაწევს.
- მოგეხსენებათ, ოპოზიცია აქციებს აანონსებს და ამისთვის რეგიონებში დაიწყეს კიდეც გასვლა...
- როცა შეზღუდულ პოლიტიკურ უნარ-ჩვევებზე ვლაპარაკობდი, ამის მაგალითია ისიც, რომ ოპოზიციამ 15 მაისის აქცია მანამ დააანონსა, ვიდრე დანიელსონი მეორედ ჩამოვიდოდა ქვეყანაში. არანაკლები შეცდომა დაუშვა "ქართულმა ოცნებამ“ იმის ლაპარაკით, - ისეთი სუსტები არიან ხალხის მობილიზაციისთვის 2 თვე სჭირდებათო. არადა, მათთვის პოლიტიკურად ყველაზე მომგებიანი იქნებოდა, ეთქვათ, ოპოზიცია რადგან აქციას დანიელსონის ჩამოსვლამდე ააანონსებს, ე.ი. არანაირ შეთანხმებაზე წამსვლელები არ არიანო... ეს ხომ პოლიტიკური კულტურის ელემენტარული დეტალებია. თუმცა არც ოპოზიციაში და არც ხელისუფლებაში ამის დამნახავი კაცი არ გამოჩნდა, რაც გასაოცარია...
რა თქმა უნდა, "ნაცინალური მოძრაობა“ და მასთან ერთად პატარა პარტიები თავის "პარტიზანებს“, ანუ აქტიურ მხარდამჭერებს გამოიყვანენ ქუჩაში, ალბათ რეგიონიდან რეგიონშიც ატარებენ, მაგრამ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ გვერდით არ დაუდგება... ხომ ნახეთ, ბოლო კვლევებით, გამოკითხულების 70% ეუბნება ოპოზიციურ პარტიებს, - "შეეთრიეთ“ პარლამენტშიო... არავითარი რესურსი ქვეყანაში მასშტაბური აქციების გამართვისა და სერიოზული არეულობისთვის არ არსებობს. გაცილებით უფრო სახიფათოა ისეთი აქციები, რაც "ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ტარდება. ეს აქციები არ არის პოლიტიკურად მოტივირებული... სხვა საქმეა, ვისგან და რა ტექნოლოგიებით არის ეს მართული... მაგრამ ამ აქციებზე გასული ადამიანების დიდი უმრავლესობა გულწრფელია.