"მინდა ვთქვა, რომ პარლამენტის სასახლე ეკუთვნის ჩვენს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს და "გირჩის“ არც ერთი მეფის სასახლე არასდროს არ გახდება", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში "გირჩის“ მისვლას გამოეხმაურა.
მისი თქმით, “გირჩს“ აქვს თავისი ორიგინალური სტილი, რაც "პარლამენტის ტრადიციებზე გავლენას ვერ მოახდენს“.
"გირჩს“ შეუძლია ერთადერთი რამ გააკეთოს ამ პარლამენტში, იმუშაოს იმ მანდატით, რომელიც მას საზოგადოების ნაწილმა მისცა. მესმის, რომ მათ აქვთ თავიანთი ორიგინალური სტილი, თუმცა, დამერწმუნეთ, ეს პარლამენტის ტრადიციებზე, პარლამენტის სამუშაო პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს, ისინი იქნებიან უზრუნველყოფილნი ყველაფრით თანაბარ პირობებში, როგორც სხვა ოპოზიციური პარტიები და ერთად დავინახავთ, თუ რის გაკეთებას შეძლებს "გირჩი“ პარლამენტში.
მე მსურს საზოგადოება და მხარდამჭერები ერთ რამეში დავარწმუნო, რომ ამ წლების განმავლობაში ფუნდამენტური რეფორმების გატარებით შევძელით სწორედ ის, რომ დღეს საქართველოში არსებობს თავისუფალი პოლიტიკური ველი და კონკურენცია, რაც ეუთო/ოდირმა პირდაპირ დააფიქსირა და მომდევნო არჩევნებსიც იქნება კონკურენცია და ამავე დროს მსურს დავარწმუნო ყველა ჩვენი მხარდამჭერი, რომ "ქართული ოცნება“ როგორც პროგრესული და მომავალზე ორიენტირებული ძალა, რომელსაც ჰყავს კარგი, განახლებული გუნდი და აქვს ხედვა მომავლის განვითარებასთან დაკავშირებით, მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას თვითმმართველობის არჩევნებშიც“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, "გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი "გირჩის“ სამეფო იქნება.