ავტორი:

"შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია" - მთავარი მესიჯები მიშელისა და ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციიდან

"შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია" - მთავარი მესიჯები მიშელისა და ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციიდან

მადლიერებას გამოვხატავ ოპოზიციის მიმართ იმ ერთგულებისთვის, რომელიც გამოხატეს თავიანთი პოლიტიკური ინტერესების გვერდით გაწევით. ეს არ არის სისუსტე, ეს არის სიძლიერე, გონივრული მიდგომა, რომელიც საჭიროა ამ ეტაპზე,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მიშელი აღნიშნავს, არსებული მომენტით უნდა ისარგებლონ, რათა იმ რეფორმებისთვის იმუშავონ, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო სიღრმისეულ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

"ჩვენ ამ მომენტით უნდა ვისარგებლოთ, რათა პარლამენტში ერთად ვიმუშავოთ უკეთესი მომავლისთვის. ეს რეფორმები ის არის, რაც საქართველოს სჭირდება, რაც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უკეთეს მომავალს იმისთვის, რომ გაიხსნას გზა უფრო სიღრმისეული თანამშრომლობისთვის ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ევროკავშირი არის უძლიერესი პარტნიორი საქართველოსთვის.

ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები და ინტერესები დემოკრატიის და რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ და არსებული პანდემიის პირობებში და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში ევროკავშირი 400 მლნ ევროთი ეხმარება საქართველოს და ევროკავშირი გამოხატავს უძლიერეს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ორმხრივი ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ძლიერი პარტნიორობა და თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში აქტუალურია. გარწმუნებთ, რომ ყველა ეს წარმატება იქნება მიღწეული ერთობლივად დემოკრატიის, სიძლიერის, კეთილდღეობის მიზნით და გისურვებთ ამ სიძლიერეს ევროპის მეგობრების რანგში. ეს ნდობა არის უცილობლად მნიშვნელოვანი, ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც ოდესმე ყოფილა და იქნება“, - განაცხადა მიშელმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, შარლ მიშელის პირველი ვიზიტიდან სწორედ ერთი თვის და 20 დღის შემდეგ ის არის ამაყი, რომ შედეგი სახეზეა.

"მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში კიდევ ერთხელ, ძალზედ მოკლე პერიოდში ვმასპინძლობთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ჩვენ მადლიერები ვართ მისი პირადი ჩართულობის და მისი ვიზიტი არის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და მისი წარმატება ევროკავშირისთვის.

პრეზიდენტო მიშელ, თქვენ პირველად ამ დარბაზში განაცხადეთ თქვენი ინიციატივის შესახებ. ეს მოხდა 1-ელ მარტს, ეს უკავშირდებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას თქვენი უშუალო ჩართულობით, თქვენი პირადი წარმომადგენლის ჩართულობით. სწორედ ერთი თვის და 20 დღის შემდეგ მე ვარ ამაყი, რომ შედეგი სახეზეა. შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დასრულებულია.

თქვენ ამისთვის გულწრფელ მადლობას იმსახურებთ. მინდა ჩვენი მთავრობის, პოლიტიკური გუნდის სახელით მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ხართ ნამდვილი ლიდერი, შეგიძლიათ ევროკავშირის ეგიდით მედიაციის და მოლაპარაკების წარმოება კონკრეტული შედეგის დასრულებით. ჩვენ ერთად შევქმენით წარმატებული მაგალითი, პრეცედენტი ევროკავშირის, ასევე აშშ-ს ჩართულობით საქართველოსთან ერთად პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი, ამოწურულია.

ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თქვენს წარმომადგენელს, ბატონ კრისტიან დანიელსონს, რომელიც უშუალო მანდატით იყო მოვლენილი საქართველოში. მან ძალიან დიდი სამუშაო გასწია, იმუშავა როგორც ჩვენს პარტიასთან ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, ოპოზიციასთან.

დღევანდელი დღით საქართველომ გაიმარჯვა. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების კონსოლიდაციას და იმ მთავარ გამოწვევებთან გამკლავებას, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე დგას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი.

„ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს და ჩვენი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს და ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

ასევე ჩვენს შეხვედრაზე პრეზიდენტ მიშელს დავუდასტურე ჩვენი მზაობა მეტი ძალისხმევა მივმართოთ რეფორმების განხორციელებისკენ. რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვი ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მზაობას, რათა მაქსიმალურად მოვემზადოთ 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად.

ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირი-საქართველოს მიმდინარე დღის წესრიგზე და შემდგომ ნაბიჯებზე, როგორიცაა ევროკავშირის შიდა ბაზარზე შემდგომი ინტეგრაციისა და სექტორული პოლიტიკის დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯები; ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა და გაძლიერება. ასევე, შევეხეთ საგარეო პოლიტიკურ საკითხებსაც, კერძოდ, საქართველო-რუსეთის კონფლიქტს და ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს განსაკუთრებული, მართლაც უპრეცედენტო ჩართულობისთვის და მზაობისთვის, რომ გააგრძელოს ჩვენი ქვენის მხარდაჭერა კომპლექსური რეფორმების გზაზე, გზაზე, რომელმაც საბოლოოდ ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიგვიყვანოს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"არავინ იფიქროს, რომ შეიძლება ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყო, გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე - 20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, ყველა დაიწვება" - ნიკა მელია

"თუ პარლამენტში შევედი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად" - ნიკა მელია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"