ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს მტკიცედ აქვს გაწყვეტილი, რომ ჩამოვიდეს - ის ერთობა, რომელიც ახლა გვაქვს, არ არის საკმარისი" - ლევან ბეჟაშვილი

"მიხეილ სააკაშვილს მტკიცედ აქვს გაწყვეტილი, რომ ჩამოვიდეს - ის ერთობა, რომელიც ახლა გვაქვს, არ არის საკმარისი" - ლევან ბეჟაშვილი

ნიკა მელიას გათავისუფლება მაღალი ალბათობით, შექმნის წინაპირობას იმისთვის, რომ მედიატორების მხრიდან შემოთავაზებულ დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელი მოეწეროს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარტიისადმი მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს შეუერთდეს.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, საკითხზე: უნდა მოაწეროს თუ არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელს, პარტიაში განსხვავებული პოზიციებია, პირადად მას კი "გაორებული შეგრძნებები" აქვს.

"გუშინ ჩვენ პოლიტსაბჭო ჩავატარეთ და ამ პოლიტსაბჭოზე განსხვავებული პოზიციები იყო, მაგრამ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ ნიკა მელია კვლავ საპატიმროში რჩება, ამ საკითხის განხილვა არც კი ხდება. ამიტომ, ნიკა მელიას გათავისუფლება მაღალი ალბათობით, შექმნის წინაპირობას იმისთვის, რომ ხელმოწერა გაკეთდეს და ჩვენ უკვე ჩავერთოთ მუშაობაში. საბოლოო მიზანი უნდა იყოს ყველა რესურსის, ყველა ბერკეტის გამოყენება, მათ შორის საპარლამენტო რესუსურსის, თუ საჭირო გახდა იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ და ხალხმა გაიმარჯვოს.

ერთი მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ თანმიმდევრულები, ჩვენი ამომრჩეველი სწორედ თანმიმდევრულობას და ობიექტურობას აფასებს, მაგრამ ამავდროულად, ვხედავთ, რომ პოლიტიკური პროცესების ჩიხში შეყვანამ ზოგადად ქვეყანა არ უნდა შეიყვანოს ჩიხში. ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში მარტო არ უნდა დავრჩეთ და ისეთი ინტერპრეტაცია მიეცეს, თითქოს ჩვენ მარტო დესტრუქციული პოლიტიკის მომხრე ვართ და ქვეყანაზე არ ვფიქრობთ, მათ შორის ჩვენი საერთშორისო პარტნიორების ძალისხმევაზე“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გარდა ამისა, ბეჟაშვილი ცალკეული ოპოზიციური პარტიის მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი მედროშე ნიკა მელია იყო, მისი გათავისუფლების გარეშე ცალკეული პარტიების მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა კი მათთვის მიუღებელია.

"ვფიქრობ, გუშინდელი დღე ერთგვარად "ნერვების ომი" იყო და ამ ომში ბევრმა ვერ გაუძლო, არ გამოიჩინა სათანადო სიმტკიცე, ნებისყოფა, ზოგს არ ეყო გამოცდილება, ზოგს კოლეგიალობა. როდესაც შენი პარტნიორი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეშია, ნამდვილად არ უნდა მომხდარიყო ის, რაც გუშინ მოხდა. ნიკა მელიამ თავის თავზე აიღო ყველა ის სიმძიმე, რომელიც უკავშირდებოდა ლიდერობას, თავის თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა და ხელისუფლება აიძულა, ასეთ მოლაპარაკებაზე წამოსულიყო. პრაქტიკულად ნიკა მელიამ დაათმობინა ის, რაც ამ შეთანხმებაში ღირებულია - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიბმა თვითმართველობის არჩევნებში. როდესაც ეს ადამიანი ციხეშია, შენ დოკუმენტს ხელს აწერ და ამას იმისთვის აკეთებ, რომ „ნიკა მელიას გასათავისუფლებად იბრძვი“, ერთგვარად არასწორია.ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ ნიკა მელიას პოზიციაც“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება სალომე სამადაშვილის პოზიციას, ლევან ბეჟაშვილის თქმით, მისი მისამართით უხამს განცხადებებს პარტიის ლიდერები ემიჯნებიან, თუმცა სამადაშვილის მიერ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა გაუმართლებლად მიაჩნიათ.

„რაც შეეეხება თავად სალომეს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ბუნებრივია, გაუმართლებად მიმაჩნია. როცა პარტიაში იხილება საკითხი, პარტიის წევრთა აზრი გაყოფილია, შენივე პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლებელია ამ დოკუმენტზე განცხადების გაკეთება, შენ მაინც მიდიხარ, არ ელოდები პარტიის თავმჯდომარის გათავისუფლებას და წინასწარ, გაურკვეველი მოტივაციით ამ ხელმოწერას აკეთებ, ბუნებრივია, ეს ბევრისთვის მიუღებელი რჩება“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს, რომელმაც მიშელის დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერა, ბეჟაშვილისთვის მისი პოზიცია გაუგებარია.

„მან მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკიდან წავიდა, პარტიის თავმჯდომარეობიდან წავიდა, ამ გადაწყვეტილების მერე არავის შეხმიანებია. არც არავინ აძალებდა და სთხოვდა ამ გადაწყვეტილების მიღებას, რომ მაინც და მაინც ხელი მოეწერა. რა იყო მისი მოტივაცია ამ ხელმოწერის გაკეთების დროს, სიმართლე გითხრათ, ახლაც აუხნელია. მართლაც გაკვირვებული დარჩა ყველა, ვინც ეს კადრები იხილა. მოტივაცია უცნობია, ალბათ, ეს მას უნდა ჰკითხოთ“, -განაცხადა ბეჟაშვილმა.

ასევე, მან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში შემოდგომაზე ჩამოსვლის თაობაზე გაკეთებული განცხადებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ სააკაშვილს დაბრუნება მტკიცეთ აქვს გადაწყვეტილი.

"მიხეილ სააკაშვილს მტკიცედ აქვს გაწყვეტილი, რომ ჩამოვიდეს და ადგილზე გადაწყდეს მისი პოლიტიკური საქმიანობის ბედი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანისთვის, ვინც ამ პერიოდამდე არჩევნებში არ იყო ჩაბმული, არჩევნებზე არ მოდიოდა, სტიმული იქნება, რათა ისინი პოლიტიკურად გააქტიურდნენ და ჩვენ ერთობლივად, მიხეილ სააკაშვილთან, საზოგადოებასთან, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შევძლოთ ამ ქვეყანაში რეალურად ცვლილებების განხორციელება. ვხედავთ, ის ერთობა, რომელიც გვაქვს, ამ ეტაპზე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ივანიშვილი მისი დიდი ფულით დავამარცხოთ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რას წერს ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერზე", ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ