ავტორი:

"ზრდასრული მოსახლეობის მესამედის მიერ კორონავირუსის გადატანა პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის" - ბიძინა კულუმბეგოვი

"ზრდასრული მოსახლეობის მესამედის მიერ კორონავირუსის გადატანა პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, დედაქალაქში, კორონავირუსის ინფექციის უსიმპტომოდ გადატანის წილი ძალიან დიდია.

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მისთვის სარწმუნოა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლის თანახმადაც, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს COVID-19 გადატანილი აქვს.

რაც შეეხება პოპულაციურ იმუნიტეტს, როგორც ბიძინა კულუმბეგოვი აღნიშნავს, ქვეყანა პოპულაციურ იმუნიტეტამდე ჯერ კიდევ შორს არის. თბილისში ზრდასრული მოსახლეობის მესამედის მიერ კორონავირუსის გადატანა კი პოპულაციური იმუნიტეტისთვის საკმარისი არ არის.

"მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამერიკულ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ მინიმუმ სამჯერ მეტია ამერიკაში არსებული ინფექციის რაოდენობა ანუ თუ 30 მლნ ინფიცირებულია, რეალურად არის 100 მილიონი.

ჩვენს ქვეყანაში, ერთი ოჯახის წევრი ავად რომ გახდება, დანარჩენი აღარ იკეთებს სინჯს - "რა აზრი აქვს, იგივე მექნება“. რეალურად ასეა, ადამიანების 40% უსიმპტომო მატარებელია, თვითონაც ვერ ხვდებიან, რომ ინფექცია გადაიტანეს. მთელ მსოფლიოშიც ასეა. ცოტა განსხვავდება, სადღაც 1% არის გადატანილთა რაოდენობა, სადღაც კი 23 %. განსხვავებულია რეგიონების, სიმჭიდროვის მიხედვით, როგორია ესა თუ ის ქალაქი.

რეალურად, ჩვენს შემთხვევაში, თუ 300 ათასი ადამიანი გვყავს ინფიცირებული, ძალიან ლოგიკურია, რომ დაახლოებით 2.5-3-ჯერ მეტი იყოს რეალური ციფრი. საქართველოს მოსახლეობა 3.5 მილიონია, 300 ათასს თუ გავამრავლებთ სამზე, 900 ათასიდან მილიონამდე გამოდის.

პოპულაციური იმუნიტეტის შემთხვევაში კი საჭიროა იმუნური ფენა მოსახლეობაში 75%-დან-80%-მდე იყოს. ასევე, "ბრიტანული შტამი“ სწრაფად ვრცელდება და მარტივად გადამდებია, ასეთ ადვილად გადამდებ ვირუსს რომ გაუძლოს და შეწყდეს საზოგადოებაში გავრცელება, თითქმის 80%-იანი იმუნიტეტი უნდა იყოს. ჩვენ რეალურად, ამისგან ძალიან შორს ვართ. ჩვენი მოსახლეობის 70% ინფექციის ადვილად მიმღებია. პოპულაციურ იმუნიტეტამდე ჯერ კიდევ შორს ვართ.

რეგიონების მიხედვით რომ შევხედოთ, რეალურად თბილისი ყველაზე მეტად დაზარალდა. სრულიად ლოგიკურია, რომ ინფექციის უსიმპტომოდ გადატანის წილი ძალიან დიდია “,-აცხადებს კულუმბეგოვი.

კითხვაზე, რამდენად საკმარისია COVID 19-ის გამოუვლენელი შემთხვევების პრევალენტობის შესწავლის დროს კვლევაში 903 პირის მონაწილეობა და რამდენად სარწმუნოა კვლევის შედეგები, როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, აღნიშნული მეთოდოლოდიით ჩატარებული კვლევა სარწმუნოა, ცდომილება კი შესაძლოა რამდენიმე პროცენტი იყოს.

"სამედიცინო სტატისტიკა ისევეა, როგორც წინასაარჩევნო დროს ესა თუ ის გამოკითხვა. ეს არის ეპიდემიოლოგია, მეცნიერება. წინასაარჩევნოდ, წინასწარი გამოკითხვის დროს 1000-1500 ადამიანის შედეგებია მთელ ქვეყანაში გავრცელებული. ეს ასეა, მეცნიერებაა, სადაც ცდომილება შეიძლება იყოს, +/-5 პროცენტი. ამ მეთოდოლოგიებით ხდება სეროპრევალენტობით შეფასება და ექსტრაპოლირება. ეს მიღებული მეთოდია და სარწმუნოა“, - აცხადებს კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, გუშინ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ სოციალურ ქსელში, თბილისში კორონავირუსის გამოუვლენელი შემთხვევების რაოდენობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც აღნიშნავდა, რომ თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19. კვლევა ჩატარდა ა.წ. მარტში. კვლევაში კი მონაწილეობდა 903 პირი თბილისის ყველა რაიონიდან, რომელთაც არ ჰქონდათ გადატანილი დადასტურებული COVID-19.

" ა.წ. 10 მარტისთვის COVID-19 გადატანილი ჰქონდა (ვინც იცოდა და ვინც არ იცოდა) 305 161 პირს, რაც შეადგენს თბილისის ზრდასრული მოსახლეობის 35,5%-ს. ანუ, თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19 (მათგან 101 641 პირმა ამის შესახებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ე.წ. იმუნური ფენა შეადგენს ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს (გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა COVID-19 გადატანილს შესაძლოა არ ჰქონდეს COVID-19-ის საწინააღდმეგო ანტისხეულები)“,- აღნიშნავდა თენგიზ ცერცვაძე.

როგორ ავიღოთ სწრაფი სესხი 24/7-ზე სფეისში?

"აქტიურობა მაღალია" - რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა უკვე ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით ასაცრელად?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა გასულ 24 საათში