"ნიკა მელია არის "ნაციონალური მოძრაობის" ფიქციური თავმჯდომარე, რეალური თავმჯდომარე არის მათი ბელადი, ვიცით, რომ მელია არის მძევალი მის ხელში და ამ რთულ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, სწორი იქნება, ეპატიოს ქმედება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობას" არ გამოუვიდა მოლაპარაკებების ჩაშლა და ახლა ცდილობენ ევროკავშირის ეგიდით შემუშავებული დოკუმენტის აღსრულების შეფერხებას.
"ეს კიდევ ერთხელ უთითებს მათ პრორუსულ ინტერესზე, თუკი ვინმეს ამ ქვეყანაში არ სურს დიალოგი, თუკი ვინმეს ამ ქვეყანაში სურს არეულობა და დესტაბილიზაცია, ეს არის ოკუპანტი ქვეყანა და ყველა, ვინც დიალოგის წინააღმდეგაა და ემხრობა რადიკალიზაციას, პირდაპირ ასრულებს რუსულ წესებს.
შესაბამისად, ჩვენ, "ქართულმა ოცნებამ“, როგორც მმართველმა პარტიამ, გამოვიჩინეთ მაღალი პასუხისმგებლობა და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ასევე, სხვა ოპოზიციურმა ჯგუფებმა მათი პოლიტიკური კულტურის შესაბამისად, მივაღწიეთ შეთანხმებას. ამ შეთანხმების ყველა პუნქტს „ქართული ოცნება" დაიცავს. ასევე, ჩვენ მზად ვართ, რომ ნიკანორ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი ის ქმედება, რომელიც პროკურატურამ ბრალის სახით წარუდგინა მას.
რაც შეეხება იმას, სურს თუ არა ამ პატიების მიღება, ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯისთვის, ვინაიდან ეს არის შეთანხმების საგანი და შესაბამისად, ჩვენ დავაინიცირებთ კანონპროექტს ამნისტიის შესახებ და გამოვცემთ ამნისტიის აქტს, თუმცა, ფაქტია, რომ ნიკანორ მელია უარს ამბობს ევროკავშირის შეთავაზებაზე მის სასარგებლოდ გადახდილ იქნას გირაო და მე არ გამოვრიცხავ, რომ მან იმ მოტივით, რომ რაში სჭირდება "ქართული ოცნების“ წყალობა, ასევე უარი თქვას ამნისტიის აქტზე.
თუმცა, ჩვენ დავიცავთ შეთანხმების ყველა პირობას. შეთანხმებაში წერია, რომ ამნისტიის აქტი შეეხება 19-20 ივნისის მოვლენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა პირს თანაბრად ეხება. ჩვენ მზად ვართ ნიკანორ მელიას ეპატიოს მის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაული, არჩევანი მასზეა. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანი არის ფიქციური თავმჯდომარე მათი პარტიის, რეალური თავმჯდომარე არის მათი ბელადი, ვიცით, რომ ეს ადამიანი არის მძევალი მის ხელში და აქედან გამომდინარე, ამ რთულ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ამ ადამიანს, სწორი იქნება ეპატიოს ქმედება,"- განაცხადა ოხანაშვილმა.