ავტორი:

"პირველად, 4 წლის ვიყავი, მამა რომ დავხატე... ზოგიერთი ნამუშევრის შექმნას 6-7 თვე მოვუნდი" - ვინ არის ნახშირით შესრულებული რეალისტური ნახატების ავტორი?

"პირველად, 4 წლის ვიყავი, მამა რომ დავხატე... ზოგიერთი ნამუშევრის შექმნას 6-7 თვე მოვუნდი" - ვინ არის ნახშირით შესრულებული რეალისტური ნახატების ავტორი?

ამ ადამიანის ნამუშევრები სოციალურ ქსელში აღმოვაჩინეთ. ნახშირით შესრულებულმა ემოციურმა და ჰიპერრეალისტურმა ნახატებმა ყურადღება მაშინვე მიიქცია. კახა კაკონაშვილი თელაველი კაცია. ამბობს, რომ დაიბადა და ცხოვრობს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ თელავში. თვითნასწავლი მხატვარია. პროფესიით ეკონომისტი გახლავთ და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის თელავის ფილიალში მუშაობს. რამდენიმე თვეა, რაც ნახშირით ხატვა დაიწყო.

"მანამდე საერთოდ არ მქონია ამის მცდელობა, ძირითადად აკრილით და ზეთის საღბავებით ვმუშაობდი. თავიდანვე ვცდილობდი, რამე განსხვავებული შემექმნა, ვმუშაობდი ხის ფანერაზე, ვქმნიდი მასზე სხვადასხვა ნამუშევარს პუროგრაფიის, პუანტილიზმის და ზეთის საღებავების დახმარებით. ძალიან შრომატევადი საქმეა, განსაკუთრებით, როდესაც ხეზე წვავ და უმცირეს დეტალებს ამუშავებ, შეცდომის უფლება არ გაქვს, რადგან ვერ წაშლი. მაქვს ნახატები, რომლის შექმნას 6-7 თვე მოვუნდი. ახლა ძირითადი ყურადრება ნახშირზე მაქვს გადატანილი. ნამუშევარი ქაღალდზე იქმნება,“ - გვეუბნება კახა კაკონაშვილი.

- თქვენი საოცარი ნახატები მნახველის ყურადღებას მაშინვე იქცევს. როდის ქმნით მათ და წინასწარ, მუშაობის დაწყების წინ, იცით თუ არა, რის შექმნას აპირებთ?

- ყველაფერს მუზის ზეგავლენის ქვეშ ვქმნი, მის გარეშე სწორ ხაზსაც ვერ გავავლებ, ნახატის შექმნაზე ხომ ზედმეტია საუბარი. 15-წლიანი პაუზა მქონდა და მადლობა უფალს, რომ ახლა ეს ემოცია არ განელებულა. ძირითადად ვიცი, რა უნდა დავხატო, ჩანაფიქრი მაქვს, მაგრამ შედეგი ყოველთვის მაინც მოულოდნელია.

კახა კაკონაშვილი

- რა ასაკიდან ხატავთ? და რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?

- ხატვა სკოლის პერიოდში, დაწყებით კლასებში დავიწყე. მაშინ ჰობი იყო, თუმცა ახლაც ჰობია, ოღონდ, უფრო გაღრმავებული. სულ ძიებაში ვარ... ჩემთვის ხატვა ამოუცნობი რამ არის. რა არის, იცით საინტერსო? ყოველდღე ვპოულობ რაღაც ახალს და ეს პროცესი არ სრულდება...

- ხატვის მიმართულებით რატომ არ სცადეთ სწავლის გაგრძელება, მაგალითად, სამხატვრო აკადემიაში?

- როგორც მოგახსენეთ, ეს ყველაფერი ჩემთვის მხოლოდ ჰობი იყო და სერიოზულად მასზე არ მიფიქრია.

- ხომ არ ნანობთ ამას?

- კი, ცოტას ვნანობ...

- პირველი ნამუშევარი როდის შექმენით და რა იყო, თუ გახსოვთ?

- პირველად, მამაჩემი დახვატე, 4 წლის ასაკში. ეს იყო ჩემი პირველი ნამუშევარი. სამწუხაროდ, ის ნამუშვარი შენახული არ მაქვს.

- ნახატებს თუ ყიდით?

- იშვიათად ვყიდი. თითქოს მიჭირს კიდეც მათი გასაყიდად გამეტება. თითოეული საკუთარი შვილივით არის.

ნამუშევრის შესაქმნელად კახა კაკონაშვილისთვის ყოველ ჯერზე, როდესაც რაიმეს შექმნას აპირებს, მნიშვნელოვანი და მთავარი - განწყობა და მუზაა. მუზად საკუთარ ოჯახს მიიჩნევს. როდესაც ნახშირით პირველად იმუშავა, ამან მასში დიდი ემოციები გამოიწვია.

"თითქოს ნახშირი ზუსტად იმას იმეორებს, იმ გრძნობებს, რაც გულში მიდევს... მაშინ დავხატე ბლოელი გოგია, ალბათ იცით სოფელ ბლოში მარტო მცხოვრები კაცი. ქართველმა ხალხმა ერთობლივად მას სახლი აუშენა და მადლობა ყველას ამისთვის! მე კი მისი პორტრეტის დახატვით დავუდექი გვერდში. სხვათა შორის, პორტრეტის დასრულება მის დაბადების დღეს დაემთხვა,“ - გვიყვება რესპონდენტი, რომელსაც პერსონალური გამოფენა ჯერ არ ჰქონია.

მხოლოდ ერთხელ, 15 წლის წინ, თელავში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენაში. თვითნასწავლ მხატვრას კვლავაც უამრავი ახალი ნამუშევრის შექმნა, საინტერესო გამოფენებში მონაწილეობის სურვილი აქვს. ამჟამადაც ახალ სერიაზე მუშაობს, რომელსაც „გრძნობები და ემოციები“ დაარქვა.

ხოლო კითხვაზე დროს ხატვის გარდა კიდევ რას უთმობს ან რა იტაცებს, გვპასუხობს, რომ - "ჩემი დრო ნახატების შექმნას და ოჯახს ხმარდება“... სანამ კახა კაკონაშვილი პერსონალურ გამოფენას მოაწყობს, ის თავის ნამუშვრებს მნახველებს სოციალურ ქსელში უზიარებს. ფაქტია, რომ მისი ნახატები ყურადღებას მართლაც იმსახურებს და ადამიანებისგან მაღალ შეფასებას იღებს.

"რემდესივირის" 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები - შეთავაზებული ტერიტორიები, სადაც კარვები უნდა გავშალოთ, ჩვენთვის მიუღებელია

როგორი ამინდი გველის ზაფხულის ბოლომდე: "ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსამდე დაცხება" - სეზონის გრძელვადიანი პროგნოზი