ავტორი:

"როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი... ოჯახის მფარველობას გავექეცი" - ახალგაზრდა პარლამენტარი ცნობილ ოჯახზე, მეუღლესა და კარიერაზე

"როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი... ოჯახის მფარველობას გავექეცი" - ახალგაზრდა პარლამენტარი ცნობილ ოჯახზე, მეუღლესა და კარიერაზე

მარიამ ლაშხი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი პარლამენტარია. ის პარლამენტის წევრი გასულ წელს, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდა. მარიამი საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა და ამის პარალელურად, განათლების კომიტეტის წევრიცაა. როგორც გვითხრა, ძალიან დაკავებულია, რადგან ამ მოვალეობების შესრულებასთან ერთად, 5 თვის ნიკოლოზს ზრდის. მარიამი თავის კარიერასა და ცხოვრებაზე გვიამბობს.

- ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება სტერეოტიპებთან ბრძოლაა და მათთან ჭიდილი თავიდანვე დავიწყე: მეამაყება, რომ არასდროს მისარგებლია დედ-მამის დახმარებით. როცა მამაჩემს მძღოლი ჰყავდა, მე ავტობუსით დავდიოდი და ვცდილობდი, ყველაფრისთვის ჩემით მიმეღწია. ამიტომ, ოჯახის მფარველობას გავექეცი და სულ სხვა პროფესია ავირჩიე - საინფორმაციო ტექნოლოგიების შესწავლა დავიწყე. ამ მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტში ჩავაბარე. მთელ ჯგუფში მარტო მე ვიყავი გოგო და ყველას უკვირდა, ამ ქერა ცისფერთვალებამ ამ საქმის შესწავლა რატომ გადაწყვიტაო. კარგად ვსწავლობდი და პირველი კურსი რომ დავხურე, მუშაობა დავიწყე. თან ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. ეს ამბავი რომ გაიგო, მამაჩემს ძალიან გაუკვირდა.

- რატომ?

- უბრალოდ, ოჯახში არ გვქონდა იმის საჭიროება, რომ მუშაობა დამეწყო, შემეძლო მშვიდად მესწავლა და მხოლოდ ამაზე მეფიქრა. მამაჩემი, კონსტანტინე ლაშხი, მთელი ცხოვრება ბანკირი იყო, ამავე დროს, სპორტსაც მისდევდა და ტანმოვარჯიშე იყო. დღეს იგი ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელია და ტექნიკურ უნივერსიტეტშიც ასწავლის. დედა, ნანა ერგემლიძე არაბული ენის სპეციალისტია, თსუ-ის პროფესორი. მყავს და - ნინო, რომელიც ჩემზე ორი წლით უმცროსია. ის პროფესიით ჟურნალისტია, სამი გოგონას დედა და ყველანაირად მხარს მიჭერს. ასევე, მყავს ჩემზე 11 წლით უმცროსი ძმა, რომელიც ჩემ თვალწინ გაიზარდა. სულ ვამბობდი: ჩემმა მშობლებმა ოცნება ამისრულეს, ყოველთვის მინდოდა პატარა ძმა მყოლოდა და ეს ოცნება ამიხდა-მეთქი. ჩემი ძმა პროფესიით არქიტექტორია, ჯერჯერობით სწავლობს და თან, სპორტული ცხოვრებით არის დაკავებული.

- ალბათ, უცხოეთშიც სწავლობდით.

- დიახ, ცოტა ხნით გერმანიაში წავედი სასწავლებლად და ჩემი იქ ყოფნა 2008 წლის ომს დაემთხვა. ძალიან განვიცდიდი, ვფიქრობდი, რომ ჯობდა ჩემს ქვეყანაში ვყოფილიყავი და არა იქ, სადაც გულშემატკივარი არ მყავდა. ეს ჩემს ცხოვრებაშიც ყველაზე რთული პერიოდი იყო, რომელმაც ჩემი მომავალი მთლიანად შეცვალა: სწორედ მაშინ დავიწყე საერთაშორისო ურთიერთობების შესწავლა. გერმანიიდან დაბრუნებულმა პროფესია შევიცვალე და მაგისტრატურაში საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია ავირჩიე. ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა სახლების კურსდამთავრებულებს ეხმარებოდა: ტრენინგებს უტარებდა და პრაქტიკულ ცოდნას აძლევდა. ამის შემდეგ მსოფლიო ბანკში გადავედი, სადაც 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი და სერიოზული გამოცდილება მივიღე. იქიდან კი - "ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში" მიმიწვიეს. ეს ჩემთვის დიდი რისკი იყო, რადგან მსოფლიო ბანკში ძალიან კარგი პირობები დავტოვე - ორჯერ მეტი ანაზღაურება მქონდა, რასაც ბონუსებიც ემატებოდა. მაინც გავრისკე და გადავედი. სააგენტოში ბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ და მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოვიზიდეთ. მათ შორის, პირველ რიგში, "ტექნოპარკი" უნდა დავასახელო.

- რამდენი ენა იცით?

- სულ 4 ენა ვიცი: ინგლისური, გერმანული, თურქული და რუსული. ფრანგულის შესწავლაც დავიწყე.

- პარლამენტში შესვლა როდის და როგორ გადაწყვიტეთ?

- მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში ვმუშაობდი, ძალიან აპოლიტიკური ვიყავი. ჩემი ახლობლები იცინოდნენ კიდეც, რადგან ზოგიერთი პოლიტიკოსის სახელი და გვარი ზუსტად არ ვიცოდი. როცა შეთავაზება მივიღე, ჯერ დავიბენი და ვთქვი, - დავფიქრდები-მეთქი. მართლა რომ დავფიქრდი, მივხვდი, ვინმეს შორიდან კრიტიკა ძალიან ადვილია, ვიდრე პასუხისმგებლობის აღება და საქმის კეთება. ალბათ, ამიტომ გადავწყვიტე 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა. ოქტომბერში, როცა რეგიონებში სიარული დავიწყეთ, 6 თვის ორსული ვიყავი. ეს ჩემთვის დიდი დატვირთვა იყო და ოქტომბრის ბოლოს ბავშვი ნაადრევად გავაჩინე. ჩემი ნიკოლოზი 26 ოქტომბერს დაიბადა და გარკვეული ხნით ინკუბატორში მოუწია ყოფნამ. თავიდანვე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ინკუბატორიდან სესიებზე მიწევდა სირბილი, ამას ემოციური ფონიც ემატებოდა...

, რთული დღეები გამოვიარე. ერთხელ, პარლამენტში ვიყავი და დამირეკეს, რომ ბავშვი ტიროდა - ჭამა უწევდა. შინისკენ გამოვრბივარ და ერთ-ერთი ჟურნალისტი გამომედევნა: თქვენთან მნიშვნელოვანი კითხვები გვაქვსო. ჩემი კონტაქტები ჩავაწერინე, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი: ჩემზე მნიშვნელოვანი საქმე არ გექნებათ, რადგან სახლში მშიერი ბავშვი მელოდება და ინტერვიუ მერე ჩავწეროთ-მეთქი. იმ ჟურნალისტს თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ მედიის შეკითხვებს თავს ვარიდებდი... თავიდან მართლა მიჭირდა. კიდევ კარგი, რომ ჩემი საქმიანობის ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა და ამ რეჟიმს ნელ-ნელა შევეჩვიე. ნიკოლოზიც ძალიან მშვიდი ბავშვია და ხშირად ჩემთან ერთად ესწრება ონლაინკონფერენციებს. გაეროს ქალთა ორგანიზაციაში უკვე პოპულარულია, იცინიან: ყველაზე ახალგაზრდა ფემინისტი ჩვენ შორის ნიკოლოზ ნეფარიძეაო. ყოფილა შემთხვევები, როცა თან ბავშვს ვაჭმევდი და თან კონფერენციას ვესწრებოდი. ნიკოლოზი ამ კონფერენციების სრულუფლებიანი წევრია და ნელ-ნელა ეგუება მუდმივად მოუცლელი დედის შვილობას.

- თქვენს მეუღლეზეც გვიამბეთ.

- ჩემი მეუღლე - ალექსანდრე ნეფარიძე ერთ-ერთ ბანკში იურისტად მუშაობს. არც კი გვახსოვს, ერთმანეთი როდის გავიცანით, რადგან ერთ უბანში გავიზარდეთ. საერთო სამეგობრო გვყავდა, პატარაობიდანვე ვმეგობრობდით და ვიღაცებს ვურიგებდი კიდეც. ერთხელ, ხუმრობით მითხრა: ასეთ მეგობარს ცოლადაც სიამოვნებით მოვიყვანდიო. ცოტა ხანში ეს ხუმრობა სინამდვილედ იქცა და სერიოზული ურთიერთობის დაწყებიდან 8 თვეში, ჯვარი დავიწერეთ. მე 29 წლის ვიყავი, ხოლო სანდრო - 33-ის, ასე რომ, ოჯახი გააზრებულად, უკვე ზრდასრულ ასაკში შევქმენით.

2018 წლის შემოდგომა იყო და ჩვენი თაფლობის თვე იტალიაში გავატარეთ. იმ დღეებში ქართველი მორაგბეები იტალიელებს ეთამაშებოდნენ და ჩვენი ვიზიტი ამ თამაშს დავამთხვიეთ. თანაც, პორტუგალიაში მიწევდა სიტყვით გამოსვლა, სადაც დიდი ღონისძიება იმართებოდა. იტალიაში ჩვენი დიდი სამეგობრო იყო შეკრებილი, რომელიც მორაგბეებს გულშემატკივრობდა. მოკლედ, ძალიან ლამაზი, სამახსოვრო მოგზაურობა გამოგვივიდა, რომელიც პარიზში დაგვირგვინდა, სადაც საქმიანი ვიზიტით ჩავედი - იქაც სიტყვით უნდა გამოვსულიყავი. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს დავამთხვიეთ.,,წაიკითხეთ სრულად

ბათუმის ბულვარში საკურა აყვავდა - ულამაზესი ფოტოები ზღვისპირა ქალაქიდან

"ჯანმრთელი ადამიანები პანიკას აყვნენ... ჰგონიათ, სუნთქვა აღარ ყოფნით, იკავებენ საწოლებსა და ჟანგბადის აპარატებს" - რას ჰყვება ინდოეთში მყოფი ქართველი?

იგეგმება თუ არა ე.წ. კომენდანტის საათის წინ ან უკან გადაწევა - ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი