ავტორი:

მელიას - "გრაფი მონტე-კრისტო", გახარიას - ლორთქიფანიძის ნოველები, ნათელაშვილს - "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა..." - რა წიგნებს აჩუქებდნენ ერთმანეთს ქართველი პოლიტიკოსები?

მელიას - "გრაფი მონტე-კრისტო", გახარიას - ლორთქიფანიძის ნოველები, ნათელაშვილს - "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა..." - რა წიგნებს აჩუქებდნენ ერთმანეთს ქართველი პოლიტიკოსები?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძისა და "ანაგრამას" ინიციატივით, 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დაწესდა. იდეის ავტორების თქმით, ინიციატივის მთავარი მიზანი ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა. ამ ინიციატივას დიდი სიხარულით შეუერთდა "პალიტრამედია". წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით, "ბიბლუსი" აწყობს აქციას - საქართველოს მასშტაბით არსებულ მის 65-ვე ფილიალში შეძენილ ნებისმიერ წიგნზე, მომხმარებელი დასაჩუქრდება აკაკი წერეთლის "სამგვარი სიყვარულით". ასევე მკითხველს ელის ფასდაკლებები სხვადასხვა გამოცემებზე.

"მსოფლიოს არაერთ ქვეყნაში არსებობს ერთი ძალიან ძვირფასი და თანაც ძალიან იაფი ტრადიცია - წიგნის ჩუქების დღე. სხვა ქვეყნებში რომც არ არსებობდეს, რატომაც არა - ჩვენ დავამკვიდრებდით. თუ დააკვირდებით, წიგნის ჩუქება ყველა საჩუქარს ერთად მოიცავს: ცოდნასაც და განცდასაც, სიხარულსაც და ტკივილის გაძლების სწავლასაც, ნივთს, ჩაფიქრებას, დაკვირვებას, ამ დაკვირვებით გაკვირვებას. წიგნი კაცობრიობის მეხსიერების ჯამია, ისეთივე გამოცდილება, როგორიც მე და შენ გვაქვს და რაღაც აზრით, წინასწარი გამოცდილებაც ჩემთვის და შენთვის. ამიტომაც ვიფიქრე, რომ ეგებ ეს დღე 23 აპრილს დაგვეწესებინა, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ამ იდეას მე, ეროვნული ბიბლიოთეკა და "ანაგრამა" გთავაზობთ. მოიფიქრეთ, ვის აჩუქებთ წიგნს.“ - აცხადებს გიორგი კეკელიძე.

ambebi.ge-მ რესპოდენტ პოლიტიკოსებს მიმართა კითხვით - მოეფიქრებინათ, ვის აჩუქებდნენ წიგნს ამ დღეს და საკმაოდ საინტერესო პასუხებიც მივიღეთ.

ალეკო ელისაშვილი, პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების“ ლიდერი:

"გიგა ბოკერიას ვაჩუქებდი მაინ რიდის "უთავო მხედარს“ - გუნდი გაექცა, დაეშალა და უთავო მხედარივითაა პოლიტიკაში. ფიოდორ დოსტოევსკის "ორეულს“ ირაკლი კობახიძეს ვაჩუქებდი - ის მართლა ორია. მამუკა ხაზარაძეს თეოდორ დრაიზერის "ფინანსისტს“ - ვისაც წაკითხული აქვს, მიხვდება, რომ ერთი ერთშია. ალექსანდრე დიუმას "გრაფი მონტე კრისტოს" ვაჩუქებდი ნიკა მელიას , რათა ნახოს და გაიაზროს, რამდენს წვალობს ხალხი, ციხიდან რომ გამოვიდეს და ის კი არ გამოდის. შალვა ნათელაშვილს ვაჩუქებდი ოთარ ჭილაძის მითოლოგიურ რომანს "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ - ნაწარმოები შინაარსით შეიძლება არ ემთხვევა, მაგრამ სათაური - აკვდება. უილიამ თეკერეის "ამაოების ბაზარს“ ვაჩუქებდი ყველა პოლიტიკოსს, ვინც მოლაპარაკებებში ვმონაწილეობდით, 6 თვე ვიწვალეთ და რომლის ბოლოსაც ყველა შედის პარლამენტში“.

ვახტანგ მეგრელიშვილი, "გირჩის“ ლიდერი:

"წიგნს ვაჩუქებდი შალვა პაპუაშვილს. ის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეა, სადაც ძალიან მაინტერესებს მუშაობა. შალვას მსოფლმხედველობის გასაცნობად, მას ვაჩუქებდი ჯორდან პეტერსონის წიგნს "ცხოვრების 12 წესი“ და ჩვენც მარტივად გავიცნობდით ერთმანეთს. ისიც თუ მაჩუქებდა მნიშვნელოვან წიგნს, მივხვდებოდი, რა ადამიანია. ისე, ბევრ ადამიანს ვაჩუქებდი წიგნს, ყველას სჭირდება კითხვა. ხელისუფლებიდან მარტო შალვას ვაჩუქებდი. დანარჩენს ჩემს შვილებს ვაჩუქებდი, უყვართ კითხვა და მათ წიგნებს, ძირითადად, ჩემი მეუღლე და იაგო ურჩევენ ხოლმე. ოჯახში ჩვენი განათლებით ჩემი მეუღლეა დაკავებული.

ზვიად ძიძიგური, "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე:

"წიგნს, პირველ რიგში, ჩემს შვილებს ვაჩუქებდი, რომელთაც წიგნის კითხვა არ უყვართ და ყველანი კომპიუტერს არიან მიჩიჩინებულები. მოქმედი პოლიტიკოსების 80%-ს ვურჩევდი, საქართველოს უახლოესი ისტორიის ქრონიკები წაეკითხა. წიგნად არაა გამოსული, თორემ ვაჩუქებდი. ისეთი შეცდომები და სისულელეები ხდება ქართულ პოლიტიკაში, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ბევრჯერ მომხდარა.

სამწუხაროდ, მოქმედ პოლიტიკოსებს წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რა შეიძლება კონკრეტულმა შეცდომამ მოიტანოს, დაწყებული პარლამენტში არშესვლიდან და დამთავრებული პარალელური მიტინგებით (ოპოზიცია მიტინგს რომ ატარებს, ხელისუფლება მის ალტერნატიულ მიტინგებს უკეთებს ორგანიზებას). ბევრი ცუდი რამ მოხდა უახლეს ისტორიაში და დღევანდელ მოქმედ პოლიტიკოსებს ვურჩევდი, გადაავლონ თვალი საქართველოს უახლოეს ისტორიას და ქრონიკები წაიკითხონ. განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკოსებს მინდა ეს ვურჩიო იმიტომ, რომ შეცდომებზე, რომლებსაც ისინი უშვებენ, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი“.

გიგი ხოჯევანიშვილი, პარლამენტის წევრი:

"წიგნს სიამოვნებით ვაჩუქებ ყველას, ვისაც კითხვა უყვარს. ძნელია კონკრეტული პოლიტიკოსის გამოყოფა, ზოგადად კი ვიტყვი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული გამოწვევებიდან და პრობლემების აქტუალობიდან გამომდინარე, პოლიტიკოსებს ქართველი კლასიკოსების გადაკითხვას ვურჩევდი. დამეთანხმებით, მათ შემოქმდებაში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე პასუხი იკითხება.

თაკო ჩარკვიანი, პარტია "კანონი და სამართალი“:

- სხვათა შორის, ჯანსუღის რჩეული ლექსების კრებული გამოვიდა, რომლის პრეზენტაცია კოვიდის გამო შეჩერდა. ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მას ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელს, რომელიმე თინეიჯერს ვაჩუქებდი სიამოვნებით.

დღეს ბევრ პოლიტიკოსზეა ნათქვამი, "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო“, ამიტომ მგონია, ზოგისთვის წიგნის ჩუქება დაგვიანებულია. მათ მაინც ვაჩუქებდი ნიკო ლორთქიფანიძის ნოველების კრებულს. ვურჩევდი, განსაკუთრებით წაიკითხონ ნოველა - "იყიდება საქართველო“. ამ წიგნს ხელისუფლებაშიც ვაჩუქებდი და ოპოზიციაშიც, პირველ რიგში მას ვაჩუქებდი გიორგი გახარიას, ვისაც 99 წლით მიწის გაყიდვაზე აქვს ხელი მოწერილი, იქნებ დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება.

ქეთი დუმბაძე, პარტლამენტის წევრი, "ქართული ოცნება“:

- ნებისმიერ ქუჩაში გამვლელს ვაჩუქებდი თანამედროვე ქართველი მწერლების წიგნებს, რომელთაც, სამწუხაროდ, არ იცნობენ. ავტორებს არ ჩამოვთვლი, უხერხულია, არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო. ვურჩევდი თანამედროვე ავტორებს იმიტომ, რომ ვატყობ, თითქოს მამას თაობაზეა გაჩერებული თანამედროვე მკითხველი. ავიღებდი 20 ავტორის წიგნს, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს წაკითხული და აბსოლუტურად ყველას დავურიგებდი საჩუქრად. ეს 20 წიგნეული კლასიკასაც უნდა მოიცავდეს და თანამედროვე ლიტერატურასაც (დაწყებული "ვეფხისტყაოსნიდან“, თანამედროვე ლიტერატურით დამთავრებული). 20 მთავარი მწერალი ყველა პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს წაკითხული - შოთა, ილია, აკაკი, სულხან-საბა, გურამიშვილი და ა.შ. დღევანდელ დღემდე.

კახა კოჟორიძე, პარტია “ლელო საქართველოსთვის“:

- წიგნების ჩუქება ძალიან მიყვარს, ბევრისთვის მიჩუქნია კარგი წიგნი. საარჩევნო კამპანია როცა გვქონდა, ამ პროცესში გამიჩნდა სურვილი, რომ ბავშვებისთვის მეჩუქებინა წიგნები, მაგრამ მერე ვიფიქრე, საარჩევნო მოსყიდვად არ ჩამითვალონ-მეთქი... კამპანიის დასრულების შემდეგ, ხაშურის ერთ-ერთ სოფელში გვქონდა აქცია, სადაც ბავშვებს ვაჩუქეთ წიგნები. ძალიან ბედნიერები იყვნენ.

წიგნის ჩუქების დღე - ეს ძალიან კარგი აქციაა გიორგი კეკელიძის ეგიდით.

მე პირადად, შესანიშნავ წიგნს, აინ რენდის "ატლანტმა მხრები გაშალა“ გავუგზავნიდი ნიკა მელიას - ციხეშია და ბევრი თავისუფალი დრო აქვს. ვფიქრობ, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც სჭირდებათ ამის წაკითხვა და მათაც ვაჩუქებდი. ეს წიგნი მხატვრული ნაწარმოებია, მაგრამ რეალისტურია და მასში პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებია აღწერილი. ნაწარმოებში მოვლენები ამერიკაში ვითარდება და ხედავ, რა შეიძლება დაემართოს წარმატებულ ქვეყანას არასწორი მმართველობის შედეგად. რადგან ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მთავარი მიმღები პირი ბიძინა ივანიშვილია, მეორე ეგზემპლარს გავიმეტებდი - ერთს ნიკა მელიას, მეორეს კი ბიძინა ივანიშვილს ვაჩუქებდი. ის სქელტანიანი წიგნია (1000-ზე მეტგვერდიანია) და ნიკა დანარჩენის კითხვას თავისუფლებაზე გააგრძელებს. წიგნის მთავარი იდეა თავისუფლებაა და სწორედაც რომ...

რომან გოცირიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:

"საშუალება რომ მქონდეს, პარლამენტში ყველა პოლიტიკოსს ჩამოვურიგებდი ჯორჯ ორუელის "ცხოველების ფერმას“ და "1984“-ს. ორუელი ყველას მოუხდება, ნაციონალ მეგობრებსაც, მათ შორის. პარლამენტში ბევრს არ აკლია ფული და მოკალათდნენ თბილ სავარძლებში. პოლიტიკოსისთვის 3000 - ლარიანი სკამი სინამდვილეში, არის შრომის და ოფლის ღვრის ადგილი, მაგრამ თბილად იქცევა მათთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის, თუ სხვა არაკანონიერი უფლებების გასამყარებლად წამოსკუპებულან თბილ სკამებზე. ჩემთვის ეს ადგილი არასდროს ყოფილა თბილი, პირიქით, ძალიან ცივი იყო. იმდენი დრო მაქვს დახარჯული პარლამენტის მისადგომებთან, დერეფნებში, მედიაში, რომ ამდენი მსოფლიოში ალბათ მარტო დათო აქუბარდიას თუ ექნება დახარჯული პირდაპირ ეთერში.

პოლიტიკოსების დიდ ნაწილს აკლია ცხოვრების ობიექტური აღქმის უნარი, ანუ სამყაროს კომპლექსურად მრვალმხრივად აღქმის უნარი. არაა გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს ძლივს ევროპულ ორბიტაზე გადასულები, რუსულ ავტორიტარულ ორბიტაზე აღმოვჩნდეთ, ამიტომ ყველას ვაჩუქებდი ორუელის ამ ორ წიგნს. ამასთან, დაახლოებით 20 წლის წინ, როცა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ვიყავი, დეპუტატებისთვის გამოვეცი პატარა ბროშურა "რა უნდა ვიცოდეთ ბიუჯეტის შესახებ“. აი, ამ ბროშურას გავამრავლებდი, არაფერს შევცვლიდი და კიდევ ერთხელ დავურიგებდი მათ. ასევე, ივანიშვილს ვაჩუქებდი ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრას" გამარტივებულ ვერსიას - ორიგინალი თუ არა, ეს შეიძლება მოსწონებოდა. ვინაიდან ეს ვერსია არ არსებობს, ეროვნულ ბიბლიოთეკას ვურჩევდი, ეზრუნა ნიცშეს, პლატონის და არისტოტელეს ნაშრომების გამარტივებაზე.

იაგო ხვჩია, პოლიტიკური პარტია "გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი:

- ზოგადად, წიგნს ვაჩუქებდი იმას, ვისაც წიგნი უყვარს და ესმის მისი ფასი. ამ თვალსაზრისით, კრიტერიუმები ძალიან ვიწროვდება, წიგნს ყველას ვერ აჩუქებ... საქართველოში ითვლება, რომ ადამიანს წიგნს თუ აჩუქებ, ეს შეიძლება მის შეურაცხყოფად ჩაითვალოს, თითქოს მიანიშნებ, რომ მას ეს წიგნი წაკითხული არ აქვს. თუმცა ეს სულაც არაა პრობლემა და შეურაცხყოფა. მე პირადად, ბიძინა ივანიშვილს და "ქართული ოცნების“ ლიდერებს ვაჩუქებდი აინ რენდის წიგნს "ატლანტმა მხრები გაშალა“. მასში ნაჩვენებია იმ ფორმით მმართველობის შედგები, რა ფორმის მმართველობასაც "ქართული ოცნება“ ზოგადად "აწვება“ ქვეყანაში. ამ წიგნის წაკითხვას ვურჩევდი ყველას. აინ რენდი არის საბჭოთა კავშირიდან ამერიკაში გაქცეული მწერალი ქალი და მას სოციალიზმის, კოლექტივიზმის და სახელმწიფოს გაფეტიშების პრობლემა კარგად აქვს დანახული. დარწმუნებული ვარ, ბატონი ბიძინაც და "ქართული ოცნების“ წევრებიც დიდ სიამოვნებას მიიღებენ ამ წიგნის კითხვის პროცესში.

„მომავალი უკვე დღესაა - როგორ შეცვალა პანდემიამ სამყარო?“ - სოფო შევარდნაძე თავისი პირველი წიგნის შესახებ

„მიწისქვეშა რკინიგზა“ - თავისუფლების მარშრუტი: მალე, კოლსონ უაითჰედის ბესტსელერი წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალის პრემიერას ვიხილავთ

უკვე დღეიდან კ. გამსახურდიას სერიის მეოთხე ტომი „დიონისოს ღიმილი” გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად