დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური “სინოფარმით“ ვაქცინაცია, შესაძლოა, გარკვეულ ჯგუფებს ჩაუტარდეთ, კერძოდ, მასწავლებლებს, ბაღის აღმზრდელებს, პოლიციას, იუსტიციის სახლებსა და "ფრონტ-ოფისებში“ მომუშავე ადამიანებს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე იმუნიზაციის საბჭო ორშაბათს იმსჯელებს.
"ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის, “სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, "ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ასე შემდეგ. დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“,- აცხადებს გამყრელიძე.
გამყრელიძის თქმით, ქვეყანას 3.5-3.9 მილიონი დოზა ვაქცინა სჭირდება, რათა ორჯერადად აიცრას მილიონ 700 ათასამდე ადამიანი.
"იცით, რომ ქვეყანაში 3 ვაქცინა გვაქვს. "ფაიზერი“, რომლითაც უკვე აიცრა 14 ათასამდე ადამიანი, 2 დღეა მათი მეორე ინექციით აცრა დაიწყო. გვაქვს, "ასტრაზენეკა“, რომლითაც აცრილია დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი, 15 მაისიდან დაიწყება ხელმეორე აცრები "ასტრაზენეკაზე“.
4 მაისიდან დაიწყება "სინოფარმით“ აცრა, ეს გახლავთ ჩინური ვაქცინა, რომლითაც მსოფლიოში დაახლოებით 150 მილიონი ადამიანია აცრილი. ეს ვაქცინა 100 ათასი დოზით გვაქვს, მალე შემოვა მეორე ჩინური კიდევ 100 ათასი და "სინოფარმის“ დამატებითი ნახევარი მილიონი დოზა კიდე ვიქნება ივნის-ივლისში.
გარდა ამისა, ახლა შემოდის "ასტრაზენეკას“ 86 ათასი დოზა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები "ფაიზერთან“, "ნოვავაქსთან“ და რამდენიმე ვაქცინის მოწოდებაზე.
ჩვენ წელს ერთად უნდა შევაგროვოთ დაახლოებით 3.5-3.9 მილიონი დოზა ვაქცინა, რომ ორჯერადად ავცრათ მილიონ 700 ათასამდე ადამიანი. თუ ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წლის ბოლოს წერტილს დავუსვამთ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებას, კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას, თანდათან ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რითმს დაუბრუნდება“, - აცხადებს გამყრელიძე.