ავტორი:

ერთხელაც ეველინი თბილისში გაემგზავრა "ნამდვილი ხინკალის“ გასასინჯად...  - როგორ "აფრინდა" ქართული "მიმინო" ესტონეთში?

ერთხელაც ეველინი თბილისში გაემგზავრა "ნამდვილი ხინკალის“ გასასინჯად...  - როგორ "აფრინდა" ქართული "მიმინო" ესტონეთში?

ესტონურ-ლატვიურმა გამოცემამ "დელფიმ" («Delfi») გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "ჩვენი ისტორიები: ეველინ ტარტლანის ქართული ტრაქტირი "მიმინო“, რომელიც შეეხება ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ იიხვში მდებარე ქართული სასტუმრო-რესტორნის საქმიანობას. როგორც პუბლიკაციაშია ნათქვამი, "მიმინო“ ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"ეველინს მოგზაურობა უყვარს და პრობლემები არ აშინებს. ბოლოსდაბოლოს, სწორედ მოგზაურობის დროს ხდება ხშირად მხიარული ისტორიები, რომელთა წყალობით ცხოვრება მშვენიერი ხდება. ჰოდა, წარმოიდგინეთ, როგორი მშვენიერი და ნათელია ცხოვრება, როცა ერთ-ერთი მოგზაურობის შედეგად საქართველოს პატარა "კუთხის“ მფლობელი ხდები, ქართველებთან ერთად, თანაც პირდაპირ ესტონეთში, იიხვში.

ქართული ტრაქტირი "მიმინო“ განსაკუთრებულია და მას გამორჩეულად მფლობელები ქმნიან - ქართულ-ესტონური დუეტის სახით. 2010 წელს ესტონელი ეველინი, მეგობრებთან ერთად, საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაემგზავრა - "ნამდვილი ხინკალის“ საჭმელად. და როცა უგემრიელესი კერძი დააგემოვნა, როცა გაიცნო ქართული კაფე-რესტორნები და გასინჯა ქართული ჭაჭა, საბოლოოდ მივიდა დასკვნამდე, რომ მსგავს ობიექტს მშობლიურ იიხვშიც შექმნიდა. ასე დაიწყო მუშაობა ქართულმა ტრაქტირმა "მიმინომ“, რომელსაც სამიოდე თვეში, აგვისტოში, 9 წელი უსრულდება.

თბილისის შთაგონებითაა გაკეთებული ტრაქტირის ინტერიერი, რომელიც ძველი თბილისის ქუჩას მოგვაგონებს - ტერასებით, ღვინის კასრებით და აივნიანი სახლებით. ტრაქტირს სახელი ეწოდა ცნობილი ფილმის "მიმინოს“ მიხედვით. სხვათა შორის, სახელწოდება თვითონ ვახტანგ კიკაბიძემაც მოიწონა, ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა“, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში მკითხველი ეცნობა ტრაქტირის მფლობელი ეველინ ტარტლანის ბიოგრაფიას, რომელიც პროფესიით იურისტია, ტარტუს უნივერსიტეტის მაგისტრანტი, არის სამი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებია.

"მიმინოს“ კერძების მენიუში თავმოყრილია ყველაფერი ის საუკეთესო, რითაც ქართული სამზარეულო ამაყობს, მათ შორის ხინკალი, ხაჭაპური, ხარჩო, მწვადი. კერძებს ქართველი მზარეულები ამზადებენ. "ტრაქტირის მფლობელი ყველაზე ბედნიერი მაშინ არის, როცა კლიენტები მომსახურებით და საჭმელებით კმაყოფილნი რჩებიან. ეველინი განსაკუთრებით მაშინაა გახარებული, როცა გაიგებს - სტუმრები შორიდან - ტალინიდან და ვირუდან - იიხვში იმიტომ ჩამოვიდნენ, რომ "მიმინოს“ პოპულარობა შეიტყვეს. "ჩემთვის საამაყოა, როცა სტუმრები, რომლებიც საქართველოში არიან ნამყოფნი, მეუბნებიან - საჭმელი ნამდვილად ქართულია და უკეთესიც კი“, - ამბობს ეველინი.

2017 წელს "მიმინო“ თავისი პოპულარობით "ესტონეთის გემოს“ რეიტინგში მოხვდა, ხოლო 2018 წელს ტრაქტირი ჩრდილოეთის ქვეყნების საზოგადოებრივი კვების 100 საუკეთესო დაწესებულების სიაში შევიდა და დღემდე იკავებს ერთ-ერთ მოწინავე ადგილს. როგორც ეველინი ამბობს, "ჩვენ სამჯერ დავიმსახურეთ ის, რომ ქვეყნის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს და მის გარემოცვას მოვმსახურებოდით“."იიხვის ქართული ტრაქტირი და მისი ქართულ-ესტონური პატარა კოლექტივი იმედიანად უყურებს მომავალს და ცდილობს კიდევ უფრო გააფართოვოს თავისი ეროვნული სახე, ეროვნული მენიუ და უფრო მეტი კლიენტი მიიზიდოს. "მიმინო“ ესტონეთში ქართული სამზარეულოს ტრადიციების პოპულარიზატორია“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

დაფიქსირდა თუ არა ინდური შტამი საქართველოში - ცერცვაძის განმარტება

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს ხელფასი გაეზარდათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო თანამშრომლობას ყოველწლიურად აფართოვებს