ავტორი:

"გობრონიც იმ ადგილზე დაიღუპა, სადაც დიდი მსახიობი შავგულიძე - ტროლეიბუსი დაეჯახა" - ბევრისთვის უცნობი პლეხანოველი პოეტი, რომელმაც ტერენტი გრანელი აღმოაჩინა

"გობრონიც იმ ადგილზე დაიღუპა, სადაც დიდი მსახიობი შავგულიძე - ტროლეიბუსი დაეჯახა" - ბევრისთვის უცნობი პლეხანოველი პოეტი, რომელმაც ტერენტი გრანელი აღმოაჩინა

ჩვენს უახლოეს ისტორიაში უამრავი მივიწყებული ადამიანია, რომელთაც თავისი ცხოვრებით გარკვეული კვალი აქვთ დატოვებული. გობრონ აგარელი-ციცქიშვილი საქართველოს პატრიარქის ქრისტეფორე III-ის შვილი იყო, თუმცა მამის მსგავსად, ის სასულიერო გზას არ გაჰყოლია, პოეტი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. პატრიარქს ხუთი შვილი ჰყავდა, გობრონი კი, ერთ-ერთი მათგანი, რიგით მეორე შვილი... გონიერი ყმაწვილი და-ძმას სწავლაში ეხმარებოდა, მათზე გამუდმებით ზრნავდა და დადებით გავლენას ახდენდა... განსწავლული, რვა ენის მცოდნე გობრონი აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობასაც ეწეოდა... თურმე პირველ მსოფლიო ომის მონაწილეც ყოფილა.

პოეტის შვილიშვილი, ფილოლოგი და ჟურნალისტი მანანა ციცქიშვილი ჩენთან საუბარში თავის საამაყო წინაპარზე ასე საუბრობს:

- ჩემი ბაბუა, მამის მამა, გობრონ აგარელი არასოდეს მინახავს, ის 1951 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მის სიახლოვეს ყოველთვის ვგრძნობდი... ბავშვობაში მამსგავსებენ კიდეც და ძალიან მიხაროდა...

დიდებული უბრალოება - ასე ვუწოდებდი გობრონ აგარელს, რადგანაც ასეთი გახლდათ მისი განვლილი გზა. მას ლიტერატურულ წრეებში კარგად იცნობდნენ, მაგრამ ბევრისთვის ის დღესაც არ არის ცნობილი. ბაბუაზე ბევრი რამ ბებიას მონაყოლიდან ვიცი...

გობრონ აგარელი-ციცქიშვილი მეუღლესთან ერთად

გარდა იმისა, რომ იყო პოეტი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ცოცხალი ენციკლოპედია ყოფილა... ტერენტი გრანელი პირველად მას აღმოუჩენია, მოსწონებია, სამწერლო ასპარეზზე სწორედ მას გამოუყვანია და ბოლომდე პატრონობდა. მოგვიანები ტერენტი მასზე ასე ამბობს: "ყველაზე მატად გობრონ აგარელთან ვგრძნობ სულიერ სიახლოვეს". გრანელთან მას ბევრი რამ აკავშირებდა - ორივე "სევდის რაინდები" იყვნენ. გობრონმა და ტერენტიმ ლექსების კრებული ერთად გამოსცეს, რომელსაც "პანაშვიდები“ დაარქვეს. კარგი მეგობრები იყვნენ - მათ სევდა და პოეზია აერთიანებდათ.

- გობრონ აგარელის პოეზია მართლაც საკმაოდ სევდიანია...

- კი, სევდიანი და ღრმაა, მგრძნობიარე, მელანქოლიურიც. გიზიდავს, გხიბლავს და კიდევ ერთხელ გაფიქრებს იმაზე, რაც უკვე იცი, გამოსცადე, მაგრამ შესაძლებელია, ვერ დაარქვი სახელი, პოეტი კი გეხმარება ამ განცდათა ერთგვარ დალაგებაში... ეს შენგან დამოუკიდებლად ხდება ისე, რომ არც იცი, მაგრამ თანდათან ხვდები... რვა ენის ცოდნა და პოეტური ნიჭი ლექსებს უცხო ენებზეც აწერინებდა... ამასთან, ბოჰემური ცხოვრება, საუბარი ლიტერატურაზე, ლექსები და ჭიქა ღვინო - ეს გობრონ აგარელისთვის უცხო არ იყო.

- როგორც მითხარით, ბაბუასთან გალაკტიონიც მეგობრობდა...

- კი, ასე იყო. მას ჩვენს სახლში, მარჯანიშვილის მოედანზე არაერთი ლექსი აქვს დაწერილი... თვითონაც იქვე, ახლოს, მარჯანიშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. ასე რომ, პოეზიის გარდა, მათ პლეხანოველობაც აერთიანებდათ. ბაბუა უბრალო და მდიდრული, მოხდენილი, არისტოკრატული გარეგნობის კაცი იყო, საოცარი შარმით გამორჩეული. ულამაზესი ქალბატონს, მსახიობი თამარ ციციშვილს კარგად ახსოვდა ის და აი, რა აქვს პირადად ჩემთვის ნათქვამი, როდესაც მას აბაშიძეების ოჯახსი შევხვდი - „საოცარი იყო შენი ბაბუა, ყველასგან გამორჩეული, ულამაზესი ქალები გარშემო ეხვივნენ, ქედს იხრიდნენ მისი ნიჭის წინაშე...

გობრონ აგარელი-ციცქიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, დათიკო ღოღობერიძე, გიორგი დარჩიაშვილი - 5 ივნისი, 1930 წელი. თბილისი.

გობრონი მოსიარულე ენციკლოპედია იყო. გობრონმა კი ცხოვრების თანამგზავრად ჩემი ბებია, ულამაზესი და უჭკვიანესი ქალი, ლიდა აბესაძე აირჩია, რომელიც სასულიერო წრეს ეკუთვნოდა, როგორც თავად გობრონი, ის ხომ პატრიარქის შვილი იყო. მათ ერთი ვაჟი ჰყავდათ, მამაჩემი - გივი ციცქიშვილი, არანაკლებ ცნობილი პიროვნება, პოეტი, მთარგმნელი... გობრონის ლექსებზე ბებიაჩემი, ლიდა, სიმღერებს წერდა და თავის საყვარელ მეუღლეს უმღეროდა. შინ გვიან მოსული, ბებიას გიტარას ხელში მიაწოდებდა და ამღერებდა. ისიც მღეროდა, თუნდაც ღამის 3 საათი ყოფილიყო...სიმღერაც, როგორც ლექსი, ჩვეულებრივი რამ იყო ჩვენს ოჯახში მაშინაც და ახლაც... თავმდაბალი, უბრალო ადამიანი იყო ბაბუა, როგორც მისი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე მესამე... ქუჩაში მშიერი კაცი რომ ენახა, სახლში წაიყვანდა, დააპურებდა, მასთან ერთად იქეიფებდ და ისე გაისტუმრებდა...

გივი ციცქიშვილი

- გობრონ აგარელი-ციცქიშვილი საკმაოდ ახალგაზრდა გარდაცვლილა...

- კი, მამაჩემი პირველ კურსზე იყო, როცა მამა დაკარგა. გობრონ აგარელი ტრაგიკულად დაიღუპა სწორედ იმ ადგილზე, სადაც დიდი მსახიობი გიორგი შავგულიძე... ეს ამბავი პლეხანოვზე მოხდა, ერთ-ერთ რესტორანთან... გობრონს ტროლეიბუსი დაეჯახა, რომელსაც ქალი მართავდა... მძიმე დღე იყო არა მარტო ოჯახისთვის, არამედ ფართო წრისთვისაც, ყველასთვის, ვინც ამ გენიალურ კაცს იცნობდა... მანამდე კი ასე უთქვამს - არ მეძებოთ, ვერ მიპოვით... და მართლაც, ძნელია, იპოვო კაცი-პოეტი, ბოლომდე ჩასწვდე მის გრძნობას და რითმას და ან კი რატომ უნდა ჩასწვდე?! ამას დრო ისედაც იტყვის და შთამომავლობა მკითხველი თავის ადგილს მიუჩენს პოეზიის თაროზე. სხვა ქართული იცოდა, მაღალი დონის ენათმეცნიერი იყო, რა უნდა გეკითხა, სიტყვას ყოველთვის პოულობდა, ძებნაც არ სჭირდებოდა...

- საოცარია - დიდი მსახიობი და პოეტი ერთსადა იმავე ადგილზე, ერთი და იმავე ტრანსპორტის მსხვერპლი რომ გახდა...

- კი, ეს რაღაც მისტიკაა... ბებიას გობრონის დაღუპვის შემდეგ ტრანსპორტის სამინისტრომ პენსია, ე.წ. კომპენსაცია დაუნიშნა... რაც შეეხება იმ ქალს, ტროლეიბუსის მძღოლს, მისი დასჯის საკითხის ირგვლივ ბებიას მონათხრობიდან არაფერი მახსოვს, მგონი, არც უბრძოლია იმისთვის, რომ მძიმედ დასჯილიყო, რადგანაც გობრონი უკვე აღარ იყო... მამა და ბებია ცხედრის ამოსაცნობად მორგში წაიყვან ეს, ეს უმძიმესი რამ იყო...

მანანა ციცქიშვილი

- როგორი მამა იყო გობრონი, ბებია რას ჰყვებოდა?

- არ ერეოდა შვილის საქმეში, მხოლოდ ერთხელ უთხრა გადაკვრით - ჩემმა შვილმა ფილოლოგიურზე უნდა ჩააბაროსო... გივიმაც შეასრულა მამის თხოვნა და წარმატებული ფილოლოგი გახდა, თუმცა ტექნიკური საგნებიც კარგად იცოდა, სკოლა „მედალზა“ დაამთვრა... ასეთები იყვნენ სამივე: ქრისტეფორე, გობრონი და გივიც - ასე გაგრძელდა გვარი, საქმე და პოეზია...

პასტორალი „გამოვეპარე ქალაქებს. შეწითლებულა ბალი/. პურს კიდობანში ალაგებს ვინმე სოფლელი ქალი./ მზეზე დარბიან ბალღები. იმედიანი ყანა/. მზეზე დარბიან ბალღები, ძროხები ჩრდილში დგანან/. გულმა სილაღე ინება, აღარ ვნატრულობ ქუჩას/. „რა მოსავალი იქნება! რა კარგი პირი უჩანს“.

პატარაა ჩვენი მიწა, მაგრამ ბევრი გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული პოეტი ჰყავს. ჩვენი ვალია, გამოვაჩინოთ ისინი, მზის სინათლე ნამდვილად სჭირდებათ მათ ლექსებს, მათ აზრებს, მათ მიგნებას, ფიქრს... მივიწყებული შემოქმედება შესაბამის დროს უცდის ხოლმე. დრო გადის და ერთ მშვენიერ დღეს ვიღაც უეცრად შეეხება გაყვითლებულ ფურცელს, რომელიც არ მოკვდა, რადან დროს გაუძლო და ახლი სიცოცხლე შეიძინა...

საქართველოში შესაძლოა, ახალი უქმე - "მამის დღე" დაწესდეს - საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ

თეა წულუკიანი მცხეთაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად - ფოტოები სვეტიცხოვლის ტაძრიდან

კორონავირუსის 986 ახალი შემთხვევა და 12 გარდაცვლილი - როგორია 29 მაისის მონაცემები?