ავტორი:

ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა - რა შეფასებები მოჰყვა თურქეთსა და სომხეთში აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას და რა ახალი გეოსტრატეგიული პროცესები იწყება რეგიონში

ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი აღიარა - რა შეფასებები მოჰყვა თურქეთსა და სომხეთში აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას და რა ახალი გეოსტრატეგიული პროცესები იწყება რეგიონში

ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. ის არის აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ოფიციალურ განცხადებაში სომეხთა მასობრივად დახოცვას გენოციდი უწოდა.

ოსმალეთის იმპერიაში ჩადენილ სომეხთა მასობრივი მკვლელობის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება თეთრმა სახლმა გაავრცელა:

"ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ გენოციდს ემსხვერპლა. ოსმალეთის ხელისუფლებამ მილიონნახევარი სომეხი გაასახლა, დიდი ნაწილი დახოცა. ვინც გადარჩა, ახალი საცხოვრებლის პოვნა მოუწია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებში. ათწლეულების განმავლობაში, სომეხმა იმიგრანტებმა მრავალგზის გაამდიდრეს შეერთებული შტატები, თუმცა, ჩვენ მათი ტრაგიკული ისტორია ყოველთვის გვახსოვდა, რადგან ის მათმა წინაპრებმა ჩვენს ნაპირებთან მოიტანეს... ვხედავთ მათ ტკივილს და ვადასტურებთ ისტორიას. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ აღარასდროს განმეორდეს - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სანამ ჯო ბაიდენის განცხადება გავრცელდებოდა, მედიაში გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ბაიდენი აპირებდა სიტყვა "გენოციდის" გამოყენებას, რასაც თურქეთის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.

მსვლელობა ერევნის ქუჩებში, რომელიც მასობრივად დახოცილ სომეხთა ხსოვნას მიეძღვნა - 2021 წლის 23 აპრილი. ფოტო: Reuters

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსტაფა სენთოფმა ბაიდენის ამ ნაბიჯს პოპულისტური უწოდა. განცხადების გავრცელებამდე სენთოფი ამბობდა, რომ თუ ამერიკის პრეზიდენტი 1915 წლის მოვლენებს გენოციდად აღიარებდა, ეს იქნებოდა პოლიტიკური განცხადება, ოღონდ სამართლებრივი ძალის გარეშე, ხოლო გენოციდად აღიარებისკენ სომხეთის მოწოდებები თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების ძალისხმევას ჩრდილს მიაყენებდა.

"თურქეთს არავისგან არაფერი ესწავლება, განსაკუთრებით, საკუთარი წარსულზე“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, თურქული მედია წერს, რომ ბაიდენის განცხადება ამერიკასა და თურქეთს შორის ურთიერთობას დაძაბავს.

Wall Street Journal ერთ-ერთი პირველი გამოცემა იყო, რომელმაც ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ის მაშინვე აიტაცეს სომხურმა და თურქულმა გამოცემებმა. თურქული მედია წერს, რომ ამერიკაში "სომხურმა ლობმა" ბაიდენის ადმინისტრაციაზე გავლენა იქონია.

ბოლო რამდენიმე დღეა სომხური საზოგადოება აშშ-ს მადლობას უხდის ამ გამბედაობისთვის და იმედოვნებს, რომ ბაიდენის განცხადებას რამდენიმე დღეში "განსხვავებული ინტერპრეტაციები არ მოჰყვება." ზოგიერთის შეფასებით კი, შესაძლოა, ეს ნიკოლ ფაშინიანის არჩევნებში მოგების გეგმის ნაწილი იყოს, სომხური ლობის ჩარევით, რომელსაც პრემიერი სარგებელს შეჰპირდა.

სომხებმა გუშინ 106 წლის წინ მასობრივად დახოცილი ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს

სხვების ვერსიით, ამერიკამ დაინახა, რომ სომხურ საზოგადოებაში ანტირუსული განწყობები იზრდება და "ქვეყნისთვის მხარდაჭერის გამოცხადების საუკეთესო დრო და ფორმა შეარჩია..."

"ჯერ კიდევ 2019 წლის 30 ოქტომბერს, ამერიკის კონგრესმენთა პალატამ სომეხთა გენოციდი აღიარა. აღიარებას 405-მა ადამიანმა მისცა ხმა, 11 კი წინააღმდეგი იყო, სამმა ხმის მიცემის პროცესში თავი შეიკავა. მიღებული რეზოლუცია ოსმალეთის იმპერიის მიერ გენოციდის აღიარებას ნიშნავდა, ოღონდ ძალაში ამერიკის სენატისა და პრეზიდენტის თანხმობის გარეშე, მხოლოდ ფიქტიურ დოკუმენტად ითვლებოდა... ეს განცხადება ახალი ეპოქის დასაწყისია", - წერს ერთ-ერთ სომეხი აქტივისტი გორ არმათუნი.

"იციან, რომ სომხეთში არცახის ომის შემდეფ მძიმე ფონია ყველა მიმართულებით და რაღაც წამახალისებელი ხომ გვჭირდებოდა?! ჰოდა, ზუსტად არჩევნების წინ, ჩვენმა პრემიერმა ამერიკაში სომხურ ლობის გააქტიურება სთხოვა, ალბათ, პრივილეგიებსაც შეჰპირდებოდა. ნიკოლ ფაშინიანმა ხომ ბევრჯერ დაგვიმტკიცა, რომ უმძიმეს სიტუაციაში რაღაც გამოსავლის უნარი აქვს. ეს მორიგი ნაბიჯია, ახლა მოსახლეობის განწყობაზე თამაშობს, მხარდამჭერები სჭრიდებოდა, თან ამერიკა რომ ანგარიშს გვიწევს, ეს დაგვანახა. ბოლო დროს ხალხი რუსეთზე გამწყრალია, ომში მისი ნეიტრალური პოზიციის გამო", - მიაჩნია ამაიან ვარდანიანს.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სომხები1915 წელს გარდაცვლილ თანამემამულეებს იხსენებენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ

"ბაიდენის განცხადება მნიშვლოვნად ცვლის რეგიონში ამერიკის გეოსტრატიგიას. ვაშინგტონს ახლო და შუა აღმოსავლეთში რომ თავისი ინტერესები აქვს, ეს დიდი ხანია ცნობილია და ამისთვის არც თურქეთის ჩაჩოჩებას მოერიდება, შესაბამისად, არც ამ განცხადების შემდგომ მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებს მოერიდება", - წერს აღმოსავლეთმცდონების ინსტიტუტის დირექტორი რუბენ საფრასტიანი.

"ამერიკა-თურქეთის ურთერთობა ისედაც კრიტიკულ ზღვარზე იყო. მათ უამრავი უთანხმოება აქვთ. ანტითურქული განწყობები ვაშინგტონში აშკაარა. ბაიდენის გუნდში გავლენიანი პოლიტიკოსები არიან, რომელთაც ლობირებას უწევენ, რათა მათ წარმოსთქვან სიტყვა "გენოციდი", მათ შორის, სენატორი, დემოკრატი რობერტ მენენდესი, სწორედ ის არის ამ რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი. ასევე ბარაკ ობამას ყოფილი თანაშემწე, სამანა პაუერი... ასე რომ, პროცესები საინტერესოდ ვითარდება", - ამბობს ამერიკული კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი სურენ საგრსიანი kavkaz-uzel.eu-სთან საუბრისას.

წყარო: kavkaz-uzel.eu

"ირჩევთ ვაქცინაციას, ან თქვენი დაპატიმრება მომიწევს" - ფილიპინების პრეზიდენტის მიმართვა მოსახლეობას

"ბრძოლა გრძელდება, არაა გამორიცხული, ძალიან მალე კიდევ ერთი არჩევნები ვიხილოთ" - როგორ ეხმაურებიან სომხეთში ფაშინიანის პარტიის გამარჯვებას

"დიდი ხანია შეერთებულმა შტატებმა კანონებით ცხოვრება დაიწყო? დაე, მათ სანქციებით საკუთარი თავი დაისაჯონ" - მარია ზახაროვა