ავტორი:

"ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა ბადრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო" - რას ჰყვებიან მოსამართლეზე, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს ემსხვერპლა

"ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა ბადრის გარდაცვალების ამბავი შეიტყო" - რას ჰყვებიან მოსამართლეზე, რომელიც მეუღლესთან ერთად კოვიდს ემსხვერპლა

58 წლის მოსამართლე მაია ოშხარელი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ამავე ინფექციას რამდენიმე დღის წინ მისი 63 წლის ქმარი ემსხვერპლა.

როგორც მისი ახლობელი გვიყვება, ოჯახში ყველა ინფიცირებული იყო და დანარჩენებთან შედარებით მაია ოშხარელი თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ცოლ-ქმარი ბოკერიას კლინიკაში მკურნალობდნენ. მაია ოშხარელის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ფილტვზე განვითარებულ თრომბოზს ასახელებენ. მეუღლის გარდაცვალების ამბავი მოსამართლეს დაკრძალვის დღეს შეატყობინეს. გარდაცვლილ ცოლ-ქმარს ქალ-ვაჟი დარჩა.

AMBEBI.GE ადვოკატ ტარიელ კაკაბაძეს ესაუბრა:

"კოვიდით ჯერ ქალბატონი მაიას შვილი დავირუსდა, მერე მეუღლე, ბოლოს კი ქალბატონი მაია. პროკურორი ბადრი გოგლიძე დაახლოებით 10 დღის წინ გარდაიცვალა. ქალბატონი მაია საავადმყოფოში იყო, ჯერ აპარატზე არ იყო შეერთებული, როცა მეუღლის გარდაცვალების ამბავი შეიტყო.

ერთი პერიოდი ის გამოკეთდა, მაგრამ მდგომარეობა უცებ დამძიმდა. მეუღლეს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, ქალბატონი მაია კი, როგორც ვიცი, ჯანმრთელი იყო. ზუსტად არ ვიცი, რამ გამოიწვია, მაგრამ რამდენიმე დღე აპარატზე იყო შეერთებული, ექიმებიც იმედს ვერ იძლეოდნენ.

როგორც ვიცი, შვილი უკეთაა და მას არაფერი ემუქრება. მაია ოშხარელი იყო ძალიან ობიექტური მოსამართლე და იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაშიცაა ქართული მართლმსაჯულება, ეს ქალბატონი იყო ერთ-ერთი ნათელი წერტილი. პიროვნულად ძლიერი და ჰუმანური ადამიანი იყო. ძალიან გულდასაწყვეტია მისი გარდაცვალება" - გვიყვება ტარიელ კაკაბაძე.

ცნობისთვის, ოშხარელის მეუღლე ბადრი გოგლიძე პროკურატურაში 2003 წლიდან მუშაობდა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა:

"საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორის ბადრი გოგლიძის გარდაცვალების გამო. ბადრი გოგლიძე საქართველოს პროკურატურაში 2003 წლიდან მუშაობდა. იგი იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი. საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს" - ნათქვამი იყო პროკურატურის ინფორმაციაში.

მთავარ ფოტოზე: ბადრი გოგლიძე და მაია ოშხარელი

"მესამე ტალღის დაღმავალ ფერდზე ვართ, პიკი გადავიარეთ" - გამყრელიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია მშვიდდება

ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დარეჯან დედოფალი- მოღალატე თუ ქვეყნისათვის თავდადებული გმირი?