კახა კუჭავას კანდიდატურას მხარი დავუჭირეთ - ვიმსჯელეთ მე და იოსელიანმა და ამ კაცის საწინააღმდეგო არაფერი არ გვაქვს, რადგან ოპოზიციაში ვართ, ტყუილ შარს ხომ არ მოვდებთ ვინმეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კუჭავა კორექტული ადამიანია და ოპოზიციის მიმართ აგდებული დამოკიდებულება არ აქვს.
"ჩვენ დავუჭირეთ მხარი კუჭავას კანდიდატურას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე და რატომ - ჩვენ რაც არ მოგვწონდა და არ მოგვწონს ქართულ პოლიტიკაში, არის ყალბი წესები, ფარისევლობა, რომელიც არის დამკვიდრებული, რომ რადგან ოპოზიციაში ხარ, არაფერი არ უნდა მოგწონდეს და თუ შინაგანადაც ეთანხმები, მაშინაც კი, შარს უნდა ეძებდე. პირადად ვიცნობთ კახა კუჭავას მეც და ლევან იოსელიანიც და ვიცნობთ მის პოლიტიკურ ბიოგრაფიას. განსხვავებით ქართული პოლიტიკოსების და თუნდაც "ქართული ოცნების“ ლიდერების 99 პროცენტისგან, ის არის ძალიან კორექტული ადამიანი. ჩვენ ვიხსენებდით და ვერ გავიხსენეთ, ალბათ ვერც ვერავინ გაიხსენებს თუნდაც, ოპოზიციისადმი მის აგდებულ კომენტარებს, განცხადებებს, დამოკიდებულებას და ა.შ. შესაბამისად, როცა ჩვენ გავიგეთ მოულოდნელი გადაწყვეტილების შესახებ, რომ თალაკვაძეს ჩაანაცვლებდა კუჭავა, ჩვენ ვიმსჯელეთ და ვთქვით, რომ რადგან ამ კაცის საწინააღმდეგი არაფერი არ გვაქვს და რადგან ოპოზიციაში ვართ, ამიტომ ტყუილ შარს ხომ არ მოვდებთ ვინმეს. ჩვენ გვინდა ეს წესი დავამკვიდროთ პოლიტიკაში, რისიც გვჯერა, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ ხოლმე,"- განაცხადა ელისაშვილმა.