ავტორი:

"რუსული კვალი იკვეთება იარაღის იმ საწყობების აფეთქებებში, საიდანაც სამხედრო მასალა საქართველოს უნდა მიეღო" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბულგარეთის პროკურატურა?

"რუსული კვალი იკვეთება იარაღის იმ საწყობების აფეთქებებში, საიდანაც სამხედრო მასალა საქართველოს უნდა მიეღო" - რა ინფორმაციას ავრცელებს ბულგარეთის პროკურატურა?

ბულგარეთის პროკურატურა იძიებს 2011-2020 წლების განმავლობაში, იარაღის საწყობებში მომხდარ ოთხი აფეთქების საქმეს. გამოძიება მიიჩნევს, რომ აფეთქებების მიზანი იყო იმ იარაღის განადგურების მცდელობა, რომლის გაგზავნაც საქართველოსა და უკრაინაში იგეგმებოდა. აღნიშნულის შესახებ ბულგარეთის პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით "დოიჩე ველე" წერს.

"საუბარია რუსეთის ექვსი მოქალაქის შესაძლო მონაწილეობაზე საბრძოლო მასალების საცავებში მომხდარ ოთხ აფეთქებაში. გამოძიება ამოწმებს ვერსიას, რომლის თანახმადაც, 2011, 2015 და 2020 წლებში მომხდარი აფეთქებების სამიზნე იყო იარაღების ის საცავები, რომლებიც ეკუთვნოდა ბიზნესმენ ემელიან გებრევს და დაგეგმილი იყო მათი გაგზავნა საქართველოსა და უკრაინაში", - აცხადებენ ბულგარეთის პროკურატურაში.

მათივე ცნობით, აფეთქებების ზუსტი მიზეზი ვერ დადგინდა, ოთხივე შემთხვევაში აფეთქებებს წინ უძღოდა ხანძარი. ასევე გამოვლენილია რუსეთის ექვსი მოქალაქე, რომლებიც ექვსივე აფეთქების დროს ქვეყანაში იმყოფებოდნენ. პროკურატურაში განაცხადეს, რომ აღნიშნული პირები შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ გებრევის მოწამვლის საქმეშიც.

  • ცნობისთვის, 2019 წელს ბულგარეთის პოლიციამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქე სერგეი ფედოროვი არის ეჭვმიტანილი 2015 წლის ზაფხულში გებრევის მკვლელობის მცდელობაში. ბიზნესმენი სოფიაში ავად გახდა, ის კომაში ჩავარდა, რის შემდეგაც, კლინიკაში მოათავსეს. საბოლოოდ, მისი გადარჩენა მოხერხდა.

ამასთან, რუსეთის კვალი გამოიკვეთა ჩეხეთში სამხედრო მასალების საწყობში 2014 წელს მომხდარ აფეთქებაშიც. მიმდინარე წლის 17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აფეთქების საქმეში რუსეთის მოქალაქეები იყვნენ ჩართულნი, რის შედეგადაც 150 ტონა საბრძოლო მასალა განადგურდა. ჩეხური მედიის ცნობით აღნიშნული სამხედრო მასალა ეკუთვნოდა კერძო კომპანიას - Imex Group-ს.

ჩეხეთის ბრალდებებს რუსულმა მხარემ უსაფუძვლო უწოდა. "ეს არის აბსურდული ბრალდებები, რადგანაც არ არსებობს არანაირი მტკიცებულება“, - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა. თავის მხრივ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი 2014 წელს მომხდარს ასე აფასებს - "უპრეცედენტო ტერორისტული აქტი.“

რაც შეეხება ბულგარეთის პროკურატურის დღევანდელ განცხადებას, რუსულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო: "დოიჩე ველე"