ავტორი:

"ნოდარის ქეთის ტელეფონში უნახავს რაღაც, შემდეგ ქეთი ამბობდა, ამას არ მაპატიებსო" - რას იხსენებს კასპში მოკლული მამაკაცის დედა და რას პასუხობს ბრალდებას ადვოკატი?

"ნოდარის ქეთის ტელეფონში უნახავს რაღაც, შემდეგ ქეთი ამბობდა, ამას არ მაპატიებსო" - რას იხსენებს კასპში მოკლული მამაკაცის დედა და რას პასუხობს ბრალდებას ადვოკატი?

კასპში, 14 მარტს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კიდევ ერთი პირი - მოკლულის ცოლი, 31 წლის ქალი დააკავა. დაკავებული შსს-ს გორის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ქ.ჩ-ს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია. დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულს ცოტა ხნის წინ ადვოკატი შეხვდა.

ჯაბა კოჭლამაზაშვილი საქმის მასალების გაცნობამდე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი, იგი ძალზე ცუდ მდგომარეობაშია, ნერვიულობს, პირველ რიგში - ბავშვებზე. დღეს დილით მივიდნენ საცხოვრებელი სახლის მისამართზე, სადაც, სამწუხაროდ, ბავშვებიც იმყოფებოდნენ. მართალია, მისცეს უფლება, რომ ბავშვებს დამშვიდობებოდა, მაგრამ რომ დაებარებინათ, ისევე მივიდოდა, როგორც აქამდე მიდიოდა და ჩაბარდებოდა. რის გამო დააკავეს, რის საფუძველზე, ჩემთვის უცნობია, ვინაიდან, მას პირველივე დღეს ჰქონდა მიცემული ჩვენება, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, ამის შემდეგ დაიწყო დაზარალებულის მხარემ აქციები პროკურატურასთან, სახლში მივარდნები, ყვირილი, ქვების სროლა, იქ ცხოვრობდნენ ბავშვებიც, ცუდი ფაქტი დაფიქსირდა და სავარაუდოდ, ამ ყველაფერმაც იმოქმედა სამწუხაროდ, საგამოძიებო უწყებაზე და ასე დაჩქარებული წესით, განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად სდებენ დანაშაულის დაფარვას, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა, რაც არ არის არც მკვლელობაში თანამონაწილეობა, არც დახმარება და ა.შ. მინდა, რომ ეს მკაფიოდ დავაფიქსირო. მას აქამდე ჰქონდა მოწმის სტატუსი, შესაბამისად, არ გვქონდა წვდომა საქმის მასალებზე. ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია. მას შემდეგ, რაც ბრალის წარდგენა მოხდება, გადავწყვეტთ, როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, ამაზე ახლა არ შემიძლია რაიმეს თქმა", - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

მოკლულის ოჯახი, მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, რძალს ადანაშაულებს. ნოდარ ღუნაშვილის დედის, ხათუნა რაზმაძის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა მოკლულის მეუღლეც.

"ჩემი შვილი მხოლოდ ერთ ადამიანს არ მოუკლავს, მკვლელობაში მონაწილეობდა მისი მეუღლეც - ჩემი რძალი, რომელიც ახლა დააკავეს და ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვის მუხლით. ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვდით ამას, აქციებიც კი გავმართეთ, ძალიან კარგია, რომ ბრალი წარუდგინეს, მაგრამ გამოძიება უნდა გაგრძელდეს და გაირკვეს, რა მოხდა იმ სახლში, ოჯახში. ამასობაში იქნება ექსპერტიზების პასუხებიც და დადგინდება, რომ მკვლელობის თანამონაწილეა ცოლიც, უფრო მეტიც, მას მეტი წვლილი მიუძღვის მკვლელობაში.

პირველი, ძირითადი დამნაშავე არის ქეთი, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჯერ მაგან დაარტყა და მერე დაუძახა იმ ბიჭს დასახმარებლად, ან ორივე ერთად მოქმედებდა. მაგათ ჯერ სახლში დაარტყეს რაღაც, სისხლის კვალი სახლშიც ნახეს გამოძიებისას, გათიშეს და ცოცხალ-მკვდარი ან უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს იქ, ტყეში, სადაც ჩემმა შვილმა სიცოცხლე დაასრულა. თავიდანაც ბევრჯერ ვცადე მიზეზების გარკვევა, ჯერ, თავდაპირველად, თუ რაზე მოუვიდა ჩხუბი ცოლ-ქმარს, როცა ჩემი შვილი დააკავეს, მაგრამ ნოდარი თავმოყვარე კაცი იყო და ვერავისთან ვერაფერს ამბობდა. როგორც ვიცით, ტელეფონი გამოურთმევია და იქ უნახავს რაღაც. ქეთი კი ლაპარაკობდა - ნოდარი არ მაპატიებსო, რა არ უნდა ეპატიებინა, რას აკეთებდა ასეთს?!", - აცხადებს ხათუნა რაზმაძე.

მოკლულის დედის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსა და მკვლელობაში რძლის დადანაშაულებაზე, ქ.ჩ-ს ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ცრუ ბრალდებაა.

"რაც შეეხება მოკლულის ოჯახის განცხადებებს, ბრალდებებს, რის საფუძველზე აცხადებენ, იქ იყო ვინმე თუ ვინმემ გადაიღო რა ხდებოდა? ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დადანაშაულება ეს არის ცრუ ბრალდება, ამის თქმა შემიძლია. რაც შეეხება კითხვას სახლში აღმოჩენილ სისხლის კვალზე, ამაზე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ამომწურავი პასუხები აქვს გაცემული თავის დროზე, როდესაც წაიყვანეს და გამოკითხეს, შესაბამისად, ახლა არ მსურს ამ დეტალებზე საუბარი, ვინაიდან თავად მე არ ვესწრებოდი ამ გამოკითხვას. ხვალ ან ზეგ მექნება ხელთ საქმის მასალები, გავეცნობი და როდესაც მოვა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენების მიცემის ეტაპი, ის მისცემს იმ ჩვენებას, რაც არის სიმართლე", - განაცხადა ჯაბა კოჭლამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, კასპში, ნოდარ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავეს. დაკავებული ქალი მოკლულის მეუღლეა.

მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ.კ., რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში, 1987 წელს დაბადებულ ღუნაშვილს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

"ბიჭი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. სწავლისთვის ემზადებოდა. ერთ დღესაც გაქრა..." - აზერბაიჯანელი აქტივისტი თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს: რა ვერსიებზე ლაპარაკობენ მისი მეგობრები?

"ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული და თუ ამნისტია მას უნდა შეეხოს, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!" - გომელაური

"დავაკავებთ, რა თქმა უნდა. ახლა გავალთ და...“ - რა განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ბადრი ესებუაზე