ავტორი:

"უამრავი საქმეა მოსაგვარებელი, თუმცა პუტინი ამბობს, "გავფრინდებითო" - რა მესიჯებით დაბრუნდა ბჟანია რუსეთიდან და რას ამბობს ქართულ მხარესთან ურთიერთობაზე?

"უამრავი საქმეა მოსაგვარებელი, თუმცა პუტინი ამბობს, "გავფრინდებითო" - რა მესიჯებით დაბრუნდა ბჟანია რუსეთიდან და რას ამბობს ქართულ მხარესთან ურთიერთობაზე?

მოსკოვში ოკუპირებლი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას "სამუშაო ვიზიტი" დასრულდა. ადგილობრივი მოსახლეობა ინტერესით ელოდა, რა მესიჯებით დაბრუნდა აფხაზეთის ლიდერი რეგიონში... ბჟანიამ ერთადერთი ინტერვიუ რუსულ გამოცემა ТАСС-ს მისცა, სადაც რეგიონში არსებულ პრობლემებსა და მოსალოდნელ ცვლილებზე გააკეთა აქცენტი.

"23 აპრილს ერთი წელი გავიდა, რაც ასლან ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტია. ჩვენ დავინტერესდით, რისი შეცვლა მოასწრო ამ დროის განმავლობაში მან და რა გეგმები აქვს მომავალში..." - წერს რუსული გამოცემა.

ბჟანია სააგენტოსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ რთულ პერიოდში მოუწია "პრეზიდენტობა".

"კოვიდ-19 არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც დანარჩენ მსოფლიოში, ასევე აფხაზეთშიც მწვავედ დგას. მეორე და მთავარი პრობლემაა ელექტროენერგიის პრობლემა, რომელსაც ხელმძღვანელობა დღემდე ებრძვის..." - ამბობს ბჟანია.

ბჟანიას ინტერვიუს კვალდაკვალ, აფხაზები წერენ, რომ "თუ შარშან ამ დროს ფსოუს საზღვართან, ტურისტებით სავსე ათი ავტობუსი იდგა, ახლა ორი ძლივს მოდის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსებს მოუწოდა, თურქეთის ნაცვლად აფხაზეთის მისამართით აიღონ გეზი... თუმცა, არაერთი შეპირების მიუხედავად, ქვეყანაში ვაქცინის sputnik -V-ის შემოტანის იმედიც კი არ ჩანს...".

ბჟანიას ცნობით, შარშანდელთან შედარებით რეგიონში დიდი ცვლილებები არ იგრძნობა. მთავარია, კოვიდ-პანდემიის კონტროლი შეძლონ. ინფიცირების შემთხვევები კი, სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის რეგულაციების დარღვევების გამო, ყოველდღიურად მატულობს.

"ახლა მთავარია რუსული ვაქცინა დროულად შემოვიტანოთ, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. იმედია, ტურისტული სეზონის გახსნამდე ყველაფერი მოესწრება" - ამბობს ბჟანია, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა პასუხობს, რომ დიდი ალბათობით თავისი სიტყვების თავადაც არ სჯერა.

ე.წ. პრეზიდენტის ცნობით, რადგან ტურისტული სეზონი სტარტს იწყებს, რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება. მისივე ცნობით, რუსეთი აფხაზეთს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, თუმცა ეს საკმარისი მაინც არ არის.

"ამიტომ აუცილებელია ვიმუშაოთ მეტი რუსი ინვესტორის მოზიდვაზე, რათა მათთვის აფხაზეთში სამუშაოდ მისაღები პირობები იყოს... ასევე ძალზე მნიშვნელოვანია აეროპორტისა და რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა, ამისთვის დაახლოებით, 4,5 მილიარდი რუბლია საჭირო. თუმცა გაფრენამდე ჯერ კიდევ შორია. მე ვესაუბრე რუსეთის ავიაციის მინისტრს ალექსანდრ ნერადკოს და უამრავი საქმეა მოსაგვარებელი, თუმცა ვლადიმირ პუტინი ამბობს, "გავფრინდებითო" - ამბობს ბჟანია.

კითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს "ქართულ მხარესთან სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემები", აფხაზეთის "პრეზიდენტი" პასუხობს:

"ხალხი მუდმივად მოძრაობს ენგურის ხიდზე, გადადიან და გადმოდიან ქართულ მხარეს სავაჭროდ, ვაჭრობა კი აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ, აქ საქართველოს კი არა, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებზეა საუბარი. შეგახსენებთ, რომ რუსეთი და სომხეთს დაინტერესებული არიან, აფხაზეთის გავლით ტვირთი მესამე ქვეყანაში გავიდეს, ანუ აფხაზეთი სატრანზიტო ქვეყანა გახდეს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმების პერსპექტივას მისცემს..." - ამბობს ის.

ბჟანიას ინტერვიუს აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილში იმედგაცრუება მოჰყვა

"პრეზიდენტობიდან ერთი წლის შემდეგ, მას არ აქვს ახალი ხედვა და გეგმები. ფაქტობრივად, ისევ რუსეთზეა მიბმული, როგორც ეკონომიკურად, ასევე საშინაო პოლიტიკითაც და რაც მთავარია, ყოველი თავისი სიტყვით ერთგულებას უმტკიცებს პუტინს და ჩვენ გვაჩვევს, რომ ცალკე არასდროდს არაფერი გამოგვივა" - წერენ აფხაზები abkhaz-auto.ru-ს კომენტარებში, რომელიც ბჟანიას ინტერვიუს განხილვას მოჰყვა.

"ილაპარაკა იმაზე, რომ დენის ფასი უნდა გაძვირდეს, რათა უწყვეტი ელექტროენერგია გვქონდეს, ოღონდ ეს თანხა რით გადავიხადოთ, არ ამბობს. აფხაზეთში სომეხი აცხობს და ყიდის პურს, ამუშავებს მიწას, იღებს შემოსავალს და რეალიზაციასაც აკეთებს. ჩვენ რატომღაც არაფერი გვაქვს... ასე რომ, რუსი ინვესტორების შემოყვანის კვალდაკვალ, იქნებ ქართველ ბიზნესმენებზეც ესაუბრა, იქნებ არჩევანის საშუალება მოგვცენ..." - წერს ადგილობრივი ზურაბ დონდუა.

"თქვენი და ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ თქვენ რუსეთს არ ენდობით, მეგობრებო... ის, კი, ვინც რუსეთს არ ენდობა, ყოველთვის ცუდად ამთავრებს - რატოღაც ვერ გაიგეთ, რომ რუსეთს აფხაზეთისთვის კარგი უნდა, ოღონდ მასთან ერთად. ასე რომ, ჩამოყალიბდით..."- წერს სერგეი დუშკინი სტატიის განხილვისას.

"სანამ რუსეთის სათავეში პუტინია, აფხაზეთიც ისეთივე ჭაობში იქნება, როგორშიც რუსეთია... საქართველოსკენ რომ მივდივართ, სადაც შედარებით იაფია ყველაფერი, ძაღლებით დაგვსდევთ, რუსეთში წადითო, იქ კი, სამმაგი ფასებია... 26 წელია ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, რუსეთზე დამოკიდებული არ ვყოფილიყავით და აღარც იმედი არსებობს, როგორ ვიარსებოთ..." - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი ფელიქს ჭითანავა.

რუსი ოკუპანტები ქარელის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან სასაოფლო-სამეურნეო ტექნიკით გამოჩნდნენ (ფოტო, ვიდეო)

"მითხრა, განსაკუთრებულ ექსპერიმენტს ვატარებო" - რუსი ბლოგერი 40-დღიანი "გამაჯანსაღებელი შიმშილობის" შემდეგ აფხაზეთში გარდაცვლილი იპოვეს

"ახლა მთავარია, ადამიანებს აიძულონ, "ეს სიკეთე" მიიღონ" - როგორ შეხვდა აფხაზი მოსახლეობა რეგიონში რუსული ვაქცინის შეტანას?