ავტორი:

"ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავი" - როგორ ხვდება აღდგომას შორენა ბეგაშვილი და რას იხსენებს წარსულიდან?

"ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავი" - როგორ ხვდება აღდგომას შორენა ბეგაშვილი და რას იხსენებს წარსულიდან?

აღდგომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომლისთვის ყველა განსაკუთრებულად ემზადება. არიან ადამიანები, რომელთაც ამ დღესასწაულთან დაკავშირებით თავიანთი ტრადიციები აქვთ. ბევრისთვის მნიშვნელოვანია ამ დღის აღსანიშნავად ყველაფერი თავისი ხელით გაამზადოს. როგორ ხვდება შორენა ბეგაშვილი აღდგომას, ამის თაობაზე მსახიობი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- აღდგომა ჩემი საყვარელი დღესასწაულია. ძალიან მიყვარს პასკა, მაგრამ გამოცხობა არ ვიცი და ვყიდულობ, კვერცხს დედაჩემი მიღებავს და მაძლევს, შესაბამისად, კვერცხის შეღებვაც აღარ მიწევს. აღდგომა სიხარულთან ერთად ჩემთვის სევდიანიც არის, ეს ხომ ის დღეა, როდესაც ვიხსენებთ იმ საყვარელ ადამიანებს, რომლებიც ამქვეყნად აღარ არიან... ამ დღეებში ბევრს ვფიქრობ ხოლმე მათზე, აღდგომის დღესასწაული ხომ მათთვისაც ზეიმია.

- აღდგომის აღნიშვნის რაიმე შენი ტრადიცია ხომ არ გაქვს?

- არა. დროს ჯერ ოჯახის წევრებთან ერთად ვატარებ, რადგან ეს ჩემთვის ოჯახური დღესასწაულია. შემდეგ უკვე მეგობრები ვიკრიბებით, რადგან ყველა ვისვენებთ და გვაქვს იმის საშუალება, რომ ერთმანეთს შევხვდეთ და გავიხსენოთ იმქვეყნად წასული ძვირფასი ადამიანები.

- შორენა, პანდემიის პერიოდში ბევრმა დაიწყო კერძების მომზადება... დღესასწაულზე რაიმე განსაკუთრებულის მომზადებას ხომ არ გეგმავ?

- პანდემიის დროს მეც ძალიან გამიტაცა კულინარიამ. უკვე ბევრ ისეთ კერძს ვამზადებ, რისი გაკეთებაც მანამდე არ ვიცოდი. აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად გამომდის და ყოველდღიურად და დღესასწაულებზეც ვცდილობ, რომ გემრიელი რაღაცები მოვამზადო...

- კულინარიით გატაცება წონის პრობლემას არ გიქმნის?

- აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვიკვებები, თუმცა კვირაში ერთი დღე, განტვირთვის დღედ მაქვს გამოცხადებული. ვფიქრობ, ვისაც ჩემსავით ტკბილეული უყვარს, ხელი უნდა შეუწყოს თავს, რომ არ მოიმატოს და წონა არ გაექცეს. ამიტომ კვირაში ერთი დღეს საკმაოდ შეზღუდულად ვიკვებები.

- როგორ ცხოვრობდი იმ პერიოდში, როცა პანდემიის გამო ყველას სახლში უწევდა ყოფნა?

- ლამის გითხრათ, რომ საუკეთესო დრო იყო პანდემია ჩემთვის, რადგან ამდენი ხანი არასდროს დამისვენია. ისე კი, რაც მოხდა, ვფიქრობ, ყველასთვის შოკი იყო. ყველა მიჩვეულია აქეთ-იქეთ სიარულს, რაღაცის კეთებას და ერთ მშვენიერ დღეს, ყველანი უცებ ჩავიკეტეთ სახლებში. 100%-ით შეიცვალა ჩემი ცხოვრების სტილიც, დავიწყე შინ ვარჯიში, სამზარეულოში ტრიალი, ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც სულ მინდოდა და მანამდე ვერ ვასწრებდი. იმედი მაქვს, რომ მალე გამოვალთ ამ მდგომარეობიდან, დავიწყებთ ერთმანეთთან მიმოსვლას და ერთმანეთის ნორმალურად ნახვას.

- არის აღდგომა შენს ცხოვრებაში, რომელიც განსაკუთრებულად გახსენდება?

- ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იყო პირველი აღდგომა მამის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც მის საფლავზე უნდა მივსულიყავით. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დარდიანი და ტკივილიანი დღე. როგორც უკვე გითხარით, მიყვარს ეს დღესასწაული, მაგრამ თან მასევდიანებს, რადგან მტკივნეულ მოგონებებს აღმიძრავს.

ადამიანები ყოველდღიურობით და ერთმანეთზე ზრუნვით ვართ დაკავებული და ეს არის დღე, რომელიც მთლიანად მიცვალებულისთვის, მათ გასახსენებლად, მათზე დასაფიქრებლად და პატივისცემისთვისაა, კვერცხის შეღებვასა და პასკის დაჭრაშიც კი მათ მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ... სხვა არაფერი შეგვიძლია მათთვის გავაკეთოთ...

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია