ავტორი:

ხაშურის რაიონში ჭონაზე მოსულ ბავშვებს დეპუტატმა 100 ლარიანები აჩუქა - "ვიფიქრე, წამეხალისებინა, რადგან ძველისძველ ტრადიციას არ ივიწყებენ"

ხაშურის რაიონში ჭონაზე მოსულ ბავშვებს დეპუტატმა 100 ლარიანები აჩუქა - "ვიფიქრე, წამეხალისებინა, რადგან ძველისძველ ტრადიციას არ ივიწყებენ"

29 აპრილის საღამოს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 8-დან 10 წლამდე ასაკის 9 ბავშვი ტრადიციულ ჭონაზე გაეშურა. ჯერ სულ ხუთიოდე კვერცხი ჰქონდათ შეგროვილი, გია და რომან მეტივიშვილების სახლს რომ მიადგნენ, რა დროსაც სახლიდან, ოჯახის სიძე - ლევან გამრეკელი გამოვიდა და მანქანისკენ გაეშურა.

იქიდან გამომდინარე, რომ მას წითელი კვერცხი არ აღმოაჩნდა, გადაწყვიტა პატარებისთვის გული არ დაეწყვიტა და ხელცარიელი არ გაეშვა. გამრეკელმა თითოეულს ასი ლარი აჩუქა.

ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა საჩუქრის ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ეს ამბავი ოსიაურის ერთ-ერთმა მცხოვრებმა Ambebi.ge-ს კორესპონდენტს უამბო. გადავწყვიტეთ ამ თემაზე თავად გამრეკელს დავკავშირებოდით, რომელიც ოსიაურში "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატია.

"არ მინდოდა, რომ ეს ამბავი ბევრს გაეგო, უბრალოდ, ვიფიქრე, რომ რაღაცნაირად წამეხალისებინა ბავშვები ამ ძველისძველ ტრადიციას რომ არ ივიწყებენ. მოგეხსენებათ, ახლა ძალზე იშვიათად დადიან ჭონაზე, არადა, ჭონა უძველესი ხალხური ტრადიციაა, ადრე, ამ რიტუალის დროს, მოზრდილებიც დადიოდნენ სოფელში, კვერცხის გარდა, სურსათს აგროვებდნენ, მერე კი ერთად იკრიბებოდნენ და ლხინს მართავდნენ. ეს ტრადიცია სოფლების უმეტესობაში მიივიწყეს, ზოგან კი მხოლოდ ბავშვების სახალისო რიტუალად შემორჩა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, წამეხალისებინა, ვკითხე, რამდენი იყვნენ, ცხრა ბავშვი აღმოჩნდა და ცხრაასი ლარი ვაჩუქე, მაგრამ ამ თემაზე მეუხერხულება ლაპარაკი", - აღნიშნა ლევან გამრეკელმა.

გამრეკელი, "ქართული ოცნებიდან" ხაშურის მუნიციპალიტეტის ოსიაურის თემიდან საკრებულოს წევრი ამომრჩეველთა ხმების 97 %-ით გახდა. როგორც ცნობილია, მას ხელფასი არასდროს აუღია და თანხა ჯერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის, შემდეგ სურამის ფსიქიატრიული კლინიკის და ასევე, სურამისა და ხაშურის ეპარქიის ტერიტორიაზე მშენებარე ბანას სამონასტრო-საგანმანათლებლო პროექტის ანგარიშზე ირიცხებოდა.

"ვიდრე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გავხდებოდი, რამდენიმე მიმართულებით ბიზნესს ვაწარმოებდი, ახლა კი, ფერმერულ მეურნეობას და ოჯახის სხვა ბიზნესსაქმიანობას ჩემი ძმა, შვილი და მეუღლე მართავენ. საკრებულოში არჩევის დღიდან, ხელფასი არასდროს ამიღია, მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ამ ჯამაგირით სხვებს დავხმარებოდი, მიხარია, რომ მცირედით მაინც შევეწიე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლს, ფსიქიატრიულ კლინიკას თუ ბანას მშენებარე ტაძარს", - ამბობს Ambebi.ge-სთან გამრეკელი.

ჭონა - ძველი საწესჩვეულებო ტრადიციაა და აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. ჭონაზე, აღდგომის კვირის ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით, მოზარდები იკრიბებიან და სიმღერ-სიმღერით კარიკარ შემოივლიან სოფელს, მერე კი შეგროვილ კვერცხებს ინაწილებენ. სოფელს იმიტომ, ქალაქში, ძირითადად, დაივიწყეს ეს ძველი ტრადიცია.

"მე გადავუღე ქორწილი, ჯერ ერთი წელიც არაა" - ვინ არის ქალი, რომელიც მშობიარობის შემდეგ კოვიდით დაიღუპა

"ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია... იმუნური გენეტიკა ვერ მოერია ვირუსს" - რას ამბობს ბოკერიას კლინიკის დირექტორი ახალნამშობიარების გარდაცვალებაზე

"გაუუარესდა ფიზიკური მდგომარეობა, გაუუარესდა სუნთქვის უკმარისობა" - რას ამბობს კლინიკის ექიმი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული, ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა