ავტორი:

27-წლიანი ქორწინების დასასრული - რატომ შორდებიან ბილ და მელინდა გეითსები და ვის დარჩება მილიარდები?

27-წლიანი ქორწინების დასასრული - რატომ შორდებიან ბილ და მელინდა გეითსები და ვის დარჩება მილიარდები?

27-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ბილ და მელინდა გეითსები ერთმანეთს შორდებიან. წყვილმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. "ჩვენ აღარ გვჯერა, რომ ერთად, როგორც წყვილი, განვითარებას კიდევ შევძლებთ“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა განცხადება twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ბევრი ფიქრისა და ურთიერთობაზე ბევრი მუშაობის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავასრულოთ ქორწინება, 27 წლის განმავლობაში ჩვენ სამი საოცარი შვილი გავზარდეთ და დავაფუძნეთ ფონდი, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანებს ჰქონდეთ ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრების შესაძლებლობა.

ჩვენ ამ მისიაში გავაგრძელებთ ერთმანეთის გვერდით დგომას და გავაგრძელებთ ერთად მუშაობას ფონდში, მაგრამ აღარ გვჯერა, რომ ერთად, როგორც წყვილს, შეგვიძლია განვითარება ჩვენი ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. ვითხოვთ პირად სივრცეს, სანამ ახალ ცხოვრებას დავიწყებთ“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბილ და მელინდა გეითსებმა ერთმანეთი 1980-იან წლებში გაიცნეს, მაშინ, როდესაც მელინდა ბილს "მაიკროსოფტის“ ფირმაში შეუერთდა. მილიარდერთა წყვილს სამი შვილი ჰყავს.

აქვთ საერთო ფონდი, რომელიც მილიონებს ხარჯავს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მკურნალობის გზების საპოვნელად და ვაქცინების განვითარების ხელშესაწყობად.

ბილ გეითსი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეოთხე ადგილს იკავებს და "ფორბსის" მიხედვით, მისი ქონება 124 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბილ გეითსი ახლა 65 წლისაა, ხოლო მელინდა - 56-ის, ის "მაიკროსოფტს" 1987 წელს შეუერთდა. მალე კი ბილთან სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო. "ჩვენ ვზრუნავდით ერთმანეთზე და არსებობდა მხოლოდ ორი შესაძლებლობა - ან დავშორდებოდით, ან დავქორწინდებოდით“, - ამბობს ბილ გეითსი "ნეტფლიქსის“ დოკუმენტურ ფილმში. წყვილი 1994 წელს დაქორწინდა.

ჯერჯერობით დამატებითი დეტალები მილიარდერთა განქორწინების შესახებ არ ვრცელდება. ახლა მედიის მთავარი კითხვაა ის,თუ როგორ შეთანხმდებიან გეითსები ქონების განაწილებაზე. მათ ქონების უდიდესი ნაწილი თანაცხოვრების დროს შექმნეს, ამიტომაც მილიარდების განაწილება მოუწევთ, თუმცა ვინ, რა ნაწილს მიიღებს - ამ ეტაპისთვის უცნობია.