ავტორი:

კოვიდგადატანილი პაციენტები აბასთუმანში რეაბილიტაციის გავლას უფასოდ შეძლებენ - ვის შეუძლია კურსის გავლა?

კოვიდგადატანილი პაციენტები აბასთუმანში რეაბილიტაციის გავლას უფასოდ შეძლებენ - ვის შეუძლია კურსის გავლა?

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილი პაციენტები აბასთუმნის სარეაბილიტაციო ცენტრში რეაბილიტაციის კურსის უფასოდ გავლას შეძლებენ. ამის შესახებ "აბასთუმნის ფილტვის ცენტრის" დირექტორმა რეზო ჟღენტმა "სამხრეთის კარიბჭესთან" ისაუბრა:

"აბასთუმნის ფილტვის ცენტრი" გახლავთ ამიერკავკასიაში პირველი სტაციონარული ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრი ფილტვის დაავადების მქონე პაციენტებისთვის. ეს პროგრამა შეეხება ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის 20-დღიან უფასო სარეაბილიტაციო კურსს. ეს არის გათვლილი, ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის, როგორიც არიან: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები, ომის ვეტერანები, დროებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენლები და მავნე გარემოში დასაქმებული პირები. წელს უკვე შესაძლებელი გახდა მათ დამატებოდა ჩვენი საზოგადოების ისეთი აქტუალური ნაწილი, როგორებიც არიან კოვიდგადატანილი ადამიანები.

უკვე საკმაო რაოდენობის პაციენტები მივიღეთ. მთლიანობაში სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც მოიცავს ფილტვის ქრონიკული დაავადების მკურნალობას, მონაწილეობის მსურველების რაოდენობა დღითიდღე მატულობს და აღდგომის შემდეგ ველოდებით, მათი რიცხვის კიდევ ერთიორად გაზრდას.

ჩვენთან მოხვედრა ხდება სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ყოველ პარასკევს ტარდება თბილისში, ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში. ამ კომისიას წარედგინება ყველა შესაბამისი დოკუმენტი, რაც აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოხვედრისთვის არის საჭირო. კომისია განიხილავს პაციენტთა ჯანმრთელობის დღევანდელ მდგომარეობას, შესაბამისობას სტანდარტებთან და ადგენს, ვის შეიძლება რომ ჩაუტარდეს რეაბილიტაციის კურსი ჩვენს ცენტრში.

ეს არ არის სტანდარტული გაგებით სტაციონალური სამკურნალო დაწესებულება. ეს არის სარეაბილიტაციო, პრევენციის ღონისძიებების გამტარებელი ცენტრი, სადაც გამოჯანმრთელების სტადიაში მყოფი პაციენტების რეაბილიტაცია ხდება. თუ არის პათოლოგიების გამწვავების სტადია, ასეთი პაციენტი ჩვენთან ვერ მოხვდება. ჩვენთან შეიძლება მოხვდეს ფილტვის ყველა ქრონიკული პათოლოგია რემისიის ფაზაში, სუნთქვის უკმარისობის გარეშე.

გართულებები და გამწვავებები რომ მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული, ასეთი მითითება და რჩევა გვაქვს - კორონაგადატანილი პაციენტებისთვის ინფიცირებიდან თვენახევარი - ორი თვე მაინც უნდა იყოს გასული, რათა ამ პერიოდში გამწვავებები ჩამთავრდეს და მდგომარეობა პროგნოზირებადი იყოს. სწორედ ამ პერიოდის გასვლის მერე მიიღება გადაწყვეტილება, შესაძლებელია თუ არა რეაბილიტაციის პროცესის დაწყება”, - განაცხადა რეზო ჟღენტმა. წყარო

20 გარდაცვლილი და კორონავირუსით ინფიცირების 788 ახალი შემთხვევა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

საქართველოში "ასტრაზენეკას" 43 ათას დოზას 6 მაისს შემოიტანენ

რა შემთხვევაში აღარ იქნება გარე სივრცეში პირბადე საჭირო? - ამირან გამყრელიძის კომენტარი