ავტორი:

"ეს სია ქაღალდზე "მკვდარ“ ჩამონათვალად არ დარჩება" - კრემლი "არამეგობარი ქვეყნების" სიაზე მუშაობს, რომელშიც, დიდი ალბათობით, საქართველოსაც შეიყვანენ

"ეს სია ქაღალდზე "მკვდარ“ ჩამონათვალად არ დარჩება" - კრემლი "არამეგობარი ქვეყნების" სიაზე მუშაობს, რომელშიც, დიდი ალბათობით, საქართველოსაც შეიყვანენ

"რუსეთისთვის არამეგობარი ქვეყნების სია ამ წუთებშიც ფორმირდება", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ. მისი განმარტებით, ეს სია დაზუსტდება, როცა მინისტრთა კაბინეტის ოფიციალური განკარგულება გამოიცემა. არასასურველი ქვეყნების სიის დაზუსტებაში რუსეთის სხვადასხვა უწყებები არიან ჩართული.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე რუსეთისთვის არასასურველი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: აშშ, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 23 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთისთვის არასასურველ ქვეყნებზე ზემოქმედების საშუალების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს უცხოურ დიპლომატიურ უწყებებთან რუსეთის მოქალაქეების საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტას.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განმარტებით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ბიზნესის სფეროს არ შეეხება.

ამ თემაზე სტატია გამოაქვეყნა შვეიცარიულმა გაზეთმა "ლე ტემპს" («Le Temps»), სათაურით: "რუსეთი "ბოროტების ღერძს“ ამხელს“, რომელშიც განხილულია მოსკოვის განზრახვა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნებისადმი მკაცრი პოლიტიკის გატარების შესახებ (ავტორი - ემანუელ გრინშპანი).

"რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ სიტყვიერი შეტევის ესკალაციას აგრძელებს: ის, რაც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა, იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვი ძალზე უკმაყოფილოა თავისი გეოპოლიტიკური მეტოქეების მოქმედებით. მინისტრის პოსტზე 2004 წლიდან მყოფმა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა მიანიშნა, რომ თუ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესდება (და, ალბათ, ასეც იქნება), მაშინ ორი სახელმწიფო "ცივი ომის" ან უფრო უარესი სიტუაციის პირობებში იცხოვრებს“. კრემლი, აშკარაა, რომ არ შეურიგდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ნათქვამს, რომელმაც თავისი რუსი კოლეგა "მკვლელად“ შერაცხა. რუსეთმა უპასუხოდ დატოვა ჯო ბაიდენის სატელეფონო საუბრის მთავარი მიზანი - წინადადება შეხვედრის შესახებ. ჯერჯერობით ორი ქვეყნის მეთაურის შეხვედრისა და მოლაპარაკების ადგილი გარკვეული არ არის", - ნათქვამია პუბლიკაციაში.

"რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა წინსწრებით ემოქმედა და უკვე გამოაცხადა მისთვის "არამეგობრული ქვეყნების“ სიის შედგენა, რომელშიც პირველი ადგილი, ბუნებრივია, აშშ-ს უკავია. დოკუმენტი ოფიციალურად ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ კრემლთან დაახლოებულმა გაზეთმა "იზვესტიამ“ რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყანები დაასახელა. ეს ინფორმაცია უცებ აიტაცეს სახელისუფლებო ტელეარხებმა და გამოცემებმა. აშშ-ის გარდა, სიაში არიან ის ქვეყნებიც, რომლებსაც კრემლი ჩვეულებრივ, "ვაშინგტონის ვასალებად“ თვლის, კერძოდ: დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყანა“, - წერს ავტორი.

როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, სია მალე გამოქვეყნდება. "მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზე "მკვდარ“ ჩამონათვალად არ დარჩება. სია გადაიხედება იმის კვალობაზე, თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები შესაბამის სახელმწიფოებთან მომავალში“, - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ დადგინდა კრიტერიუმებიც, რის მიხედვითაც აღნიშნულ სიაში სახელმწიფოები იქნებიან შეტანილნი.

სერგეი ლავროვის განცხადებაში აქცენტია გაკეთებული იმ თანმიმდევრულ მოქმედებაზე, რომელიც რუსეთის საპასუხო დიპლომატიურ ნაბიჯებს შეეხება: მხედველობაშია რუსი დიპლომატების უპრეცედენტოდ გახშირებულ გაძევება, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები მიმართავენ.

სერგეი ლავროვი ინტერვიუში თავს დაესხა რუს ლიბერალებსაც, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ისინი ისეთ "განებივრებულ ბავშვებს“ შეადარა, რომლებიც დასავლურ პროდუქციას არიან მიჩვეულნი და როცა რუსეთმა 2014 წელს კონტრსანქციები დააწესა, ისინი მიჩვეულ სასურველ ნივთებს ვეღარ ყიდულობენ.

"სიტყვიერი ესკალაცია კიდევ უფრო ღრმავდება და მასში რუსეთის საშინაო პოლიტიკის ცნობილი მოღვაწეებიც ერთვებიან. მაგალითად, სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ მოლოდინმა აშშ-საგან კომპენსაცია მოითხოვა "კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო და განაცხადა, რომ კორონავირუსი აშშ-მა შექმნა. ანტიდასავლურ იმპულსს, რომელიც რუსეთის ხელისუფლების ზედა ფენიდან მოდის, ისეთი მასტიმულირებელი ეფექტი აქვს, რომ ამ ტენდენციის შეჩერება შეუძლებელი ხდება“, - ასეთი რეზიუმეა გაკეთებული სტატიის ავტორის ემანეუელ გრინშპანის მიერ.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ