ავტორი:

"კომენდანტის საათი არსად შემხვედრია... ყველგან განსხვავებული შეზღუდვებია" - რას ჰყვება ბლოგერი, რომელმაც პანდემიისას მსოფლიო მოიარა

"კომენდანტის საათი არსად შემხვედრია... ყველგან განსხვავებული შეზღუდვებია" - რას ჰყვება ბლოგერი, რომელმაც პანდემიისას მსოფლიო მოიარა

"გამეფებულია აზრი – მსოფლიო დაკეტილია, მოგზაურობა შეუძლებელია – სინამდვილეში ასე არ არის" – ამბობს მოგზაური და ბლოგერი სოსო ნებიერიძე, რომელიც სოციალურ ქსელებში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გამომწერებს უამრავ საინტერესო ვიდეოსა და ფოტოს უზიარებს. სოსო პანდემიის დაწყებასაც არ გაუჩერებია, მოგზაურობას აგრძელებს და AMBEBI.GE-ს მკითხველს ურჩევს, როგორ იმოგზაურონ და რა გაითვალისწინონ პანდემიის დროს:

- ბავშვობიდან ვოცნებობდი მოგზაურობაზე. კონკრეტული ქვეყნისა და ქალაქის ნახვის ინტერესი არ მქონია, უბრალოდ, მინდოდა, საზღვრებს გარეთ გავსულიყავი და მენახა რაიმე ახალი და განსხვავებული. მახსოვს, სკოლაში, რომელიღაც კლასში, გეოგრაფიის წიგნში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის საინტერესო ადგილები, თავისი ფოტოებით. ზეპირად ვიცოდი თითოეულო გვერდი, როგორ მახსოვს, რომ ვფურცლავდი ხოლმე და ვათვალიერებდი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რისი გაკვეთილი ტარდებოდა, მე მაინც იმ წიგნში ვიხედებოდი.

- როგორ გახსენდება პირველი მოგზაურობა?

- პირველად 16 წლის ასაკში გადავკვეთე საზღვარი და ტრაბზონში ჩავედი. საოცრება იყო. არასდროს დამავიწყდება ის შეგრძნებები, რასაც მაშინ ვგრძნობდი. როგორც კი მანქანა სარფის საბაჟოს გასცდა, გიჟივით ვიყურებოდი ფანჯარაში. ირგვლივ ყველაფერს ვათვალიერებდი. განსხვავებული შენობები, ტროტუარები, მაღაზიები, ყველა დეტალს ვაკვირდებოდი და მსიამოვნებდა, რომ ეს გარემო ჩემთვის ახალი და უცხო იყო. გზა ტრაბზონამდე ბევრს გაგივლიათ და იქ განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ როცა 16 წლის ბიჭი პირველად კვეთს საზღვარს, მისთვის ყველაფერი სხვაგვარადაა. მას შემდეგ 13 წელი გავიდა და დღეს უკვე 43 ქვეყანა მაქვს მოვლილი.

- რომელია შენი საყვარელი ქვეყანა?

- ჩემი საყვარელი ქვეყანა კუბა გახდა მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ იქ ვიმოგზაურე. კუბა არცერთ სხვა ქვეყანას არ ჰგავს, ყველასგან განსხვავებულია. შეგრძნება გაქვს, რომ დროში მოგზაურობ. თანამედროვეობას და ყველაფერ იმას, რაც 21-ე საუკუნისთვის არის დამახასიათებელი, კუბამდე ჯერ არ მიუღწევია. საოცარი ენერგია აქვს ამ ქვეყანას და გამორიცხულია, რომ ნებისმიერი ადამიანი არ მოაჯადოოს. ხშირად დავდიოდი გარეუბნების ქუჩებში. ქუჩები ხალხით არის სავსე – ბავშვები ერთობიან, უფროსები საუბრობენ, ზოგი დომინოს თამაშობს, ზოგი აივანზეა და გვერდით აივანზე მყოფ მეზობელს ელაპარაკება. ვიღაცას დინამიკი უდგას და მუსიკას უსმენს. ახალგაზრდები ბირჟებს "ამაგრებენ", ხუმრობენ, იცინიან და არის ყიჟინა, ჟრიამული და მხიარულება.

მიუხედავად იმისა, რომ მთელ ქვეყანაში საშინელი სიღარიბეა გამეფებული, არ აქვთ ინტერნეტი, არც მაღაზიები და შოფინგ მოლები, არც გამართული სატრანსპორტო სისტემა, არც ინფრასტრუქტურა, მიუხედავად იმისა რომ მათთვის უცხოა, რაც ნორმალურ სახელმწიფოებში ჩვეულებრივი მოვლენაა, ისინი მაინც ბედნიერები და ლაღები არიან. თითქმის ყველა ცდილობდა, გამომლაპარაკებოდა. გარდა ადამიანების სილაღისა, გარემოც ძალიან ფერადია. ალბათ, ფოტოებში ყველას გექნებათ ნანახი ფერადი, ვინტაჟური ტიპის ავტომობილები, რეალობაში ეს ყოველივე საოცარი სანახავია.

- წელს კორონავირუსის გამო რამდენად აგერია სამოგზაურო გეგმები?

- წელს უამრავი გეგმა მქონდა. რომ არა კორონავირუსი, ალბათ, 10 ქვეყანას მაინც ვნახავდი,. თუმცა, ყველაფერ ცუდს აქვს დადებითი მხარე. საქართველოში დავიწყე მოგზაურობა და უამრავი რამ აღმოვაჩინე. ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებიდან ძალიან დიდი ფოტო-ვიდეო მასალა დავაგროვე. ადამიანებს ისეთი ადგილების შესახებ ვუყვებოდი, რომელთა არსებობა აქამდე არც კი ვიცოდი. ვფქირობ, წელს ჩემი პატარა წვლილი მეც შევიტანე შიდა ტურიზმის პოპულარიზაციაში. დეკემბერში, როდესაც გავაანალიზე, რომ პანდემიის დასრულება ჯერ ადრეა, გადავწყვიტე, მოგზაურობა კვლავ დამეწყო. მოვიძიე იმ ქვეყნების სია, რომლებიც ღია იყო ტურისტებისთვის და იანვრის თვეში ასე აღმოვჩნდი მალდივის კუნძულებზე.

- რომელ ქვეყნებში რა შეზღუდვები დაგვხვდა?

– დღესდღეობით, ამ კუთხით, სიტუაცია არასტაბილურია. იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ამ მომენტში ღიაა, არავინ იცის, რამდენიმე თვეში რა მოხდება. ძალიან ხშირად იცვლება რეგულაციები და ეს ყოველივე გაურკვევლობას ქმნის იმ ადამიანებში, ვისაც მოგზაურობა სურს. ყველგან განსხვავებული შეზღუდვები მხვდებოდა ხოლმე. მაგალითად, მალდივებზე აეროპორტში გვეკეთა პირბადე, სხვა არსად არავის მოუთხოვია. აბსოლუტურად ყველაფერი ღია იყო და რომ არ გცოდნოდა, საერთოდ ვერაფერი მიგახვედრებდა პანდემიის არსებობას. თითქმის იგივე მდგომარეობა იყო ეგვიპტეში. ძალიან ცოტას თუ ეკეთა პირბადე. ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. რაც შეეხება სეიშელებს, პირბადის კუთხით, შედარებით მეტი სიმკაცრე იყო და წესებს ადგილობრივებიც იცავდნენ. მაღაზიები საღამოს ექვს საათზე იკეტებოდა. კომენდანტის საათი არსად შემხვედრია. ხოლო, რაც შეეხება კარანტინს, ქვეყანა, რომელიც ორ კვირიან კარანტინს აწესებს, ტურისტისთვის გახსნილად არც ითვლება და იქ სამოგზაუროდ არავინ ჩადის.

- თვითმფრინავის ბილეთების, სასტუმრეობის ფასები რამდენად არის შეცვლილი?

- თვითმფრინავის ბილეთები, ადრინდელთან შედარებით, ნამდვილად ძვირია და ფრენების სიხშირეც შემცირებულია. ამის გამო გადაჯდომისას ხშირად მიწევს 15-20-საათიანი ლოდინი. სასტუმროები კი დიდად გაძვირებული არ მეჩვენება, პირიქით, ზოგჯერ უფრო იაფიცაა. რადგანაც ტურისტების რიცხვმა იკლო, ზოგიერთმა სასტუმრომ ფასები დაწია.

- სანამ რომელიმე ქვეყენაში წახვალ, პირველ რიგში, რას აქცევ ყურადღებას?

- როცა რომელიმე ქვეყანაში ვაპირებ მოგზაურობას, პირველ რიგში, "გუგლის“ საშუალებით ვცდილობ, მოვიძიო ინფორმაცია, ეს კონკრეტული ქვეყანა ტურისტისგან რას ითხოვს. ძირითად შემთხვევებში ეს არის – პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხი. თუმცა, სამოგზაუროდ, ახლა ქვეყნების დიდი არჩევანი არ გვაქვს, რადგან ტურისტებისთვის საზღვრები ძალიან ცოტამ გახსნა. ამ ეტაპზე ყველაზე პოპულარული მიმართულებები მსოფლიოს მასშტაბით არის: მალდივები, დუბაი, ეგვიპტე, ტანზანია, მექსიკა, თურქეთი და ახლა უკვე სეიშელის კუნძულებიც, რომელიც ოფიციალურად მარტის თვეში გაიხსნა და გახსნიდან მეხუთე დღეს უკვე იქ გახლდით.

რას ურჩევდი მოგზაურობის მსურველებს, რა გაითვალისწინონ?

– პირველ რიგში, ყურად არ უნდა იღოთ გამეფებული აზრი – "მსოფლიო დაკეტილია, მოგზაურობა შეუძლებელია" – სინამდვილეში ასე არ არის. ქვეყნებში, რომლთა კარიც ტურისტებისთვის ღიაა, ჩვეულებრივად მოგზაურობენ და ისვენებენ ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქყვეყნებიდან. ასე რომ, თუ ამ ვითარებაში ვინმეს მოგზაურობა უნდა, ეს იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოუდგენია. ჩემი რჩევაა, რომ წასვლამდე აუცილებლად კარგად უნდა გადაამოწმოთ იმ ქვეყანაში არსებული რეგულაციები, სადაც გამგზავრებას აპირებთ. თან იქონიეთ პისიარ ტესტის პასუხი და ისიამოვნეთ მოგზაურობით.

– რამდენად არის შესაძლებელი ეკონომიურად მოგზაურობა?

– ეკონომიურად მოგზაურობა შედარებით გართულდა, რადგან ქუთაისიდან "ვიზეარი" აღარ დაფრინავს და ევროპაც დაკეტილია. იმ ქვეყნებში, რომლებიც გახსნილია, ამ ეტაპზე მოგზაურობა არც თუ ისე იაფია, თუმცა რაღაც თანხების დაზოგვა მაინც შესაძლებელია, თუნდაც, სასტუმროში – ჯერ კიდევ მოიძებნება შედარებით იაფი ვარიანტები. მაგალითად, ეგვიპტეში გადასაადგილებლად "უბერის" აპლიკაციას ვიყენებდი და ძალიან იაფად ვმგზავრობდი. ასევე ვერიდებოდი რესტორნებში კვებას, რის გამოც გარკვეული თანხები იზოგებოდა.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

"ტკივილები მაქვს თავის არეში და ჰემატომა ტვინში..." - როგორია "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის მდგომარეობა, რომელიც 5 ივლისს ძალადობის მსხვერპლი გახდა

"საკმაოდ რთული ოპერაცია იყო... დაწყებამდე ცოტას ნერვიულობდა" - რას ამბობენ ლაშა გაბუნიას მდგომარეობაზე კოლეგები და რა კადრები ვრცელდება თურქეთიდან?

5 მიზეზი, თუ რატომ არის ბექაფი საუკეთესო არჩევანი ავტომობილის დასაზღვევად