ავტორი:

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - რატი თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეზე 10 სახის დარღვევა გამოავლინა. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრმა", რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ინტერესებს იცავს.

დოკუმენტში არაერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის არაეფექტურ მუშაობას ჰფენს ნათელს, რეგულირების სააგენტო მიიჩნევს, რომ დაავადების პირველივე კვირაში ინფექციური პროცესის მძიმე მიმდინარეობის პროგნოზირება შესაძლებელი იყო. დასკვნის თანახმად, მყისიერად უნდა შეფასებულიყო 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტის (ინსულინდამოკიდებულობის) საკითხი. ამასთან, როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ფატალური შედეგის მიზეზი იყო დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციაც.

"სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ასევე, ირკვევა, რომ დარღვეულია ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბრძანებების მოთხოვნები. თუმცა, შესაბამისი სამედიცინო რეცენზიის ავტორები, თავიანთ დასკვნაში აღწერილი და გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად, მხოლოდ ერთი წინადადებით, ბუნდოვნად აღნიშნავენ, რომ „ორგანიზაციულ პრობლემებს, რაც არსებობდა პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, არ მოუხდენია გავლენა გამოსავალზე“.

ასეთი პოზიციის დაფიქსირება შემაშფოთებელია და აჩენს კითხვებს რეცენზიის ავტორების ტენდენციურობასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე განიხილება ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრომ „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ არ მიაწოდა ინფორმაცია კითხვაზე - თეკლა თორდიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პაციენტის ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისას იყო თუ არა თავისუფალი ადგილები საქართველოს მასშტაბით“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარდაცვლილის მამა რატი თორდია Ambebi.ge -ს ეუბნება, რომ რეგულირების სააგენტოს დასკვნამ საქმის გარკვეულ საკითხებს ნათელი მოჰფინა, თუმცა, მისი შეფასებით, არაერთი მნიშვნელოვანი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.

"ჩვენ, რასაც ვფიქრობდით, ეგ არის. ცოტა გამიკვირდა კიდეც, ეს დასკვნა რომ მოიტანეს. დოკუმენტი მას შემდეგ მოგვცეს, რაც ჩვენ დავიწყეთ მოთხოვნა, რომ საქმე მოკვლეულიყო, მივედით სამინისტროში და ადგილზე მოვითხოვეთ საქმის გამოძიება. თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო ყვლაფერში დამნაშავე. ჩვენ ვუთხარით, რომ ყველაზე ნაკლები პრეტენზია სწორედ მასთან გვქონდა, რადგან აქ მთავარი პრობლემა ექიმების უყურადღებობა და გულგრილობა იყო. დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია.

ბავშვი დროულად არ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო კრიტიკულად აუცილებელი. დაგვიანებით ხომ გამოჩნდა ადგილი, როცა უკვე აზრი აღარ ჰქონდა? რამდენჯერაც დავრეკეთ და მოვითხოვეთ ჰოსპიტალიზაცია, ერთმანეთთან გვამისამართებდნენ და წრეზე გვატრიალებდნენ. კიდევ ბევრ რამეზე უნდა გასცეს პასუხი გამოძიებამ. ვფიქრობ, რომ გერმანული კლინიკის მიმართაც უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, თუ ამას დაადასტურებენ. ბოლოს რომ დავრეკეთ ამ კლინიკაში, მითხრეს, რომ ბავშვი დავაძინეთ, რადგან ძალიან ცუდად იყო და სუნთქვა უჭირდაო. რატომ არ ჩაგვაყენეს საქმის კურსში თუ აძინებდნენ? ან რამდენად საჭირო იყო დაძინება? ასევე, რატომ არ გვპასუხობენ კითხვაზე, იყო თუ არა მაშინ თავისუფალი ადგილი კლინიკებში, როცა ეს თეკლას კრიტიკულად სჭირდებოდა?" - ეუბნება Ambebi.ge - ს რატი თორდია.

მისი ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ დაადგინა ორი ექიმის ბრალეულობის საკითხი, მათ შორის არიან ოჯახის ექიმი და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსი. კონკრეტულად რა სახის სანქციას შეუფარდებენ მათ, ჯერ-ჯერობით უცნობია.

"ოჯახის ექიმს თავად ესაუბრა თეკლა, სანამ შეეძლო და უთხრა, რომ ჰქონდა მაღალი სიცხე, უჭირდა სუნთქვა, ყველაფერი სტკოდა და თან შაქრიანი დიაბეტით იყო დაავადებული. ექიმმა კი არაფრად ჩააგდო ეს ყველაფერი და არ მოითხოვა ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. მან კოვიდ სასტუმროში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა, სადაც თერმომეტრიც კი არ ჰქონდათ, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. რაც შეეხება პირველი საუნივერისტეტო კლინიკის ექიმის პასუხისმგებლობას, როდესაც კოვიდ-სასტუმროდან საავადმყოფოში გადავიყვანეთ ბავშვი, ექიმმა გასინჯა და ისევ სასტუმროში დააბრუნა. იქ უკიდურესად დამძიმდა თეკლას მდგომარება და გადავიყვანეთ გერმანულ კლინიკაში, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო, მალევე გარდაიცვალა", - ამბობს გარდავლილი თეკლა თორდიას მამა.

რატო თორდია იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა აქტიურად და ობიექტურად გამოიძიებს საქმეს და სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მოქმედებით ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გაეცემა.

19 წლის თეკლა თორდია 2020 წლის 29 ნოემბერს თბილისში, გერმანულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა - ის კორონავისურით იყო ინფიცირებული და ჰქონდა ქრონიკული დაავადება, დიაბეტი. გერმანულ კლინიკაში პაციენტის გარდაცვალების შემდეგ განაცხადეს, რომ როცა თეკლა 24 ნოემბერს კოვიდსასტუმროდან მათთან მიიყვანეს, მდგომარეობა უკვე უიმედო იყო. გოგონას გარდაცვალებამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

"გურამ ფალავანდიშვილმა ინსტალაცია თავზე დაგვამხო, ყველაზე იძალადა, პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა" - "თბილისი პრაიდის" აქტივისტი

"დედაენის ბაღში" ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია გურამ ფალავანდიშვილმა დაარბია" - რა ინფორმაციას ავრცელებს "თბილისი პრაიდი"

"დაბეჯითებით გთხოვთ არ გახვიდეთ ღია სივრცეში! ქალაქები საჰაერო დარტყმის ქვეშაა" - საქართველოს საელჩო ისრაელში მორიგ გაფრთხილებას ავრცელებს