ავტორი:

დასეტყვილი ვენახები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი გზები - ფოტოები რეგიონებიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან

დასეტყვილი ვენახები, მოგლეჯილი ხეები და დატბორილი გზები - ფოტოები რეგიონებიდან, სადაც სტიქიას ებრძვიან

უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში პრობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და ატენის თემში შემავალი სოფლების დამაკავშირებელი გზა რამდენიმე ადგილზე ჩახერგა.

ატენში დილიდან იმყოფებიან ხელისუფლებისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. გორის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია.

,,უხვი ნალექის შედეგად პრობლემები შეიქმნა ატენის თემში. მთიდან ჩამოსული ქვა-ღორღით ჩაიხერგა საავტომობილო გზა და პარალიზებული იყო მოძრაობა. შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა საჭირო ტექნიკის მობილიზება, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა სამუშაოები და სულ ცოტა ხნის წინ გზის გახსნაც მოხერხდა, თუმცა, კვლავ გრძელდება დამატებითი სამუშაოები უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

სტიქიამ ასევე დააზარალა ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი. დასეტყვილია ვენახები და მარცვლეული კულტურები.

ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლაც უამინდობაა.

სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოში და გურჯაანშიც. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, ხოლო უხვმა ნალექმა ცენტრალური გზის ნაწილი დატბორა.

გზაზე ავტომობილებით გადაადგილება რამდენიმე წუთით შეფერხდა. ადგილზე შესაბამისი ტექნიკა უკვე მუშაობს.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქარელის მუნიციპალიტეტშიც. სოფლების - გვერძინეთი-ტყემლოვანას მონაკვეთზე, უხვი ნალექის შედეგად მთიდან მიწის მასა ჩამოიშალა და საავტომობილო გზა გადაკეტა.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

,,ძლიერი და ხანგრძლივი წვიმის შედეგად, გვერძინეთი-ტყემლოვანას მონაკვეთზე მთიდან მიწის მასა ჩამოიშალა. შესაბამისი ტექნიკის მობილიზება დაუყოვნებლივ მოხდა, სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია, სულ მალე კი შესაძლებელი იქნება, მიწის მასისგან გზის სრულად გაწმენდა და მოძრაობის ორმხრივად აღდგენა", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

რამდენიმე სოფელი დაისეტყვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. სტიქიამ სოფელ ირაგაში, ალექსეევკაში, ჭივჭავში, მაწევანში, ჩხიკვთაში, ჯორჯიაშვილში, ასურეთის ნაწილსა და ქალაქ თეთრიწყარო სასოფლო სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სეტყვამ ძირითადად ხეხილი და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა, ზარალის დამთვლელი კომისია ხვალ დილიდან დაიწყებს მუშაობას.

სახლებისა და სახურავების დაზიანების შესახებ ინფორმაცია მერიაში ამ ეტაპზე არ შესულა.

"სასამართლოს განჩინება მიუთითებს იმ რეალურ რისკსა და საფრთხეზე, რაც ნინოწმინდის პანსიონში არსებობს" - ომბუდსმენი

"არავის არ ჰგავს და ამით უფრო მეტად გვხიბლავს" - ეკა ხოფერია ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს

"ბევრს მაკრიტიკებენ, მაკრიტიკონ, არაუშავს, ავიტან... ბათუმის ბულვარზეც გამაკრიტიკეს" - ამირან გამყრელიძე