ავტორი:

როგორ იწყებოდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი ათწლეულების წინ - ისტორიული რაკურსი და მოუგვარებელი დაპირისპირების დეტალები

როგორ იწყებოდა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი ათწლეულების წინ - ისტორიული რაკურსი და მოუგვარებელი დაპირისპირების დეტალები

ისრაელსა და პალესტინელებს შორის ბოლო ერთი თვეა, რაც კონფლიქტი გამძაფრდა და საბოლოოდ, შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ კონფლიქტს გაცილებით ღრმა და დიდი ისტორია აქვს - ის ათწლეულებია გრძელდება.

  • ვნახოთ, როგორ დაიწყო ყველაფერი 100 წლის წინ

100 წლის წინ, იმ არეალზე, რომელსაც პალესტინას უწოდებდნენ, დიდმა ბრიტანეთმა დაამყარა კონტროლი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც შუა აღმოსავლეთის ამ ნაწილის მმართველი, ოსმალეთის იმპერია, პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა. ამ მიწაზე ებრაელები უმცირესობას შეადგენდნენ, ხოლო არაბები უმრავლესობას. ორ ერს შორის დაძაბულობა განსაკუთრებით მაშინ გაღვივდა, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ ბრიტანეთს პალესტინაში ებრაელი ხალხის "ეროვნული სახლის“ დაარსება დაავალა. 1917 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოსცა ბალფორის დეკლარაცია, რომლითაც ისინი ებრაელებს შეპირდნენ: "პალესტინაში ისეთი ერთეულის დაწესებას, რომელიც გახდებოდა სახლი ებრაელებისთვის".

მეოცე საუკუნის ადრეული პერიოდი - ბეთლემი

ებრაელებისთვის პალესტინა მათი წინაპრების სახლი იყო, მაგრამ პალესტინელი არაბებიც მოითხოვდნენ ამ მიწას.

1920 წლიდან 1940 წლამდე პერიოდში, აღნიშნულ არეალში ებრაელების რაოდენობა სულ უფრო მეტად გაიზარდა. ბევრი მათგანი ევროპაში დაწყებულ მათ დევნას გაექცა.

ყოველივეს ფონზე კი სულ უფრო მეტად იზრდებოდა დაპირისპირება ებრაელებსა და არაბებს შორის, ასევე ისინი აპროტესტებდნენ ბრიტანელების მმართველობას.

1947 წელს გაერომ მხარი დაუჭირა პალესტინის ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად დაყოფას, გეგმის მიხედვით, იერუსალიმი საერთაშორისო ქალაქი უნდა გამხდარიყო. გაეროს გეგმა მიიღეს ებრაელმა ლიდერებმა, მაგრამ არ დაეთანხმა არაბული მხარე და მისი იმპლემენტაცია არასდროს მომხდარა.

  • ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და "კატასტროფა“

1948 წელს, როდესაც პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩებოდა, ბრიტანეთმა დატოვა პალესტინა და ებრაელმა ლიდერებმა ისრაელის სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადეს. პალესტინელები ამას სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ და მალე შეიარაღებული დაპირისპირებაც დაიწყო.

ებრაული მიწისქვეშეთი და მებრძოლი 1948 წელს, ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ომის დაწყებამდე

ტერიტორიაზე შეჭრნენ მეზობელი არაბული ქვეყნების ჯარები. ასობით ათასი პალესტინელი იძულებული გახდა გაქცეულიყო. მომხდარს ისინი "ალ ნაკბას", ანუ "კატასტროფას" უწოდებენ.

1948 წელი - არაბული ლეგიონის მებრძოლები

მომდევნო წელს, როდესაც ომი დასრულდა და მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს, ისრაელი აკონტროლებდა ტერიტორიის უმეტეს ნაწილს. იორდანიამ დაიპყრო მიწა, რომელიც დასავლეთ სანაპიროს სახელითაა ცნობილი, ხოლო ეგვიპტემ დაიპყრო ღაზა. იერუსალიმი გაიყო ორ ნაწილად, დასავლეთ ნაწილი ისრაელის ძალებმა დაიკავეს, ხოლო იორდანიის ძალებმა აღმოსავლეთი ნაწილი.

არ გაფორმებულა სამშვიდობო შეთანხმება, ერთი მხარე გამუდმებით ადანაშაულებდა მეორეს და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში არაერთი ომი მოხდა.

1967 წელს, მორიგ ომში ისრაელმა დაიპყრო აღმოსავლეთ იერუსალიმი და დასავლეთ სანაპირო, ასევე სირიის გოლანის მაღლობების უმეტესი ნაწილი, ღაზა და სინაის ნახევარკუნძული.

1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს, აღმოსავლეთ იერუსალიმის აღების შემდეგ, ისრაელის სამხედრო მეთაურები აღმოსავლეთ იერუსალიმში ჩავიდნენ

პალესტინელი ლტოლვილები ღაზაში, დასავლეთ სანაპიროზე, მეზობელ იორდანიაში, სირიასა და ლიბანში ცხოვრობენ. ისრაელს ჯერ კიდევ უკავია დასავლეთი სანაპირო და მიუხედავად იმისა, რომ ღაზიდან გაიყვანა ძალები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჯერ კიდევ მიიჩნევენ, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიას წარმოადგენს.

ისრაელი მთელ იერუსალიმს აცხადებს დედაქალაქად, მაშინ, როცა პალესტინელები თვლიან, რომ მათი მომავალი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქი დასავლეთ იერუსალიმია. აშშ-ი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ცნობს ისრაელის პრეტენზიას მთელ ქალაქზე.

  • რა ხდება ახლა?

აღმოსავლეთ იერუსალიმში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ პალესტინელებსა და ებრაელებს შორის ხშირადაა დაძაბულობა. ღაზას პალესტინელ მებრძოლთა დაჯგუფება - "ჰამასი" მართავს, რომელიც წლებია იბრძვის ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი და ეგვიპტე მკაცრად აკონტროლებენ საზღვრებს, რათა ხელი შეუშალონ "ჰამასის" დაჯგუფებისთვის იარაღის მიწოდებას.

ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელები აცხადებენ, რომ ისინი იტანჯებიან ისრაელის ქმედებების გამო. ისრაელში კი ამბობენ, რომ მათი მოქმედებების მიზანი მხოლოდ პალესტინელების დაცვაა.

ვითარება მხარეებს შორის 2021 წლის აპრილის შუა რიცხვებში დაიძაბა, როდესაც რამადანის დროს ღამით პალესტინელებსა და პლიციელებს შორის შეტაკებები მოხდა. 10 მაისს ისრაელის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რა დროსაც ასობით ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ "ალ-ჯაზირამ" გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ისრაელი "იერუსალიმის დღეს“ აღნიშნავდა.

უამრავი საკითხია, რაზეც ისრაელი და პალესტინელები ვერ თანხმდებიან. მათ შორის, პალესტინელი ლტლოლვილების საკითხზე, იმაზე - უნდა გაიყონ თუ არა იერუსალიმი და ა.შ. წლების განმავლობაში სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა კონფლიქტი ვერ მოგვარდა.

მომზადებულია BBC.com-ის მიხედვით