ავტორი:

"ოჯახში, სადაც ვმუშაობ ოთხი ბავშვია და განწირულები ყვიროდნენ... უმძიმესი ღამე იყო" - რას ჰყვება თელ-ავივში მცხოვრები სოხუმელი ქალი

"ოჯახში, სადაც ვმუშაობ ოთხი ბავშვია და განწირულები ყვიროდნენ... უმძიმესი ღამე იყო" - რას ჰყვება თელ-ავივში მცხოვრები სოხუმელი ქალი

"მთელი ღამე გავათენეთ, არ გვიძინია..." - გვეუბნება ინტერვიუს დაწყებამდე ქეთი გოგავა, რომელიც უკვე ექვსი წელია ისრაელში ცხოვრობს. ქართველი ქალი ახლა თელ-ავივში ერთ-ერთ ოჯახში მუშაობს, სადაც ოთხი ბავშვი იზრდება.

ორი დღეა ისრაელში მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. გუშინ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორშაბათ საღამოდან დღემდე 1 000-ზე მეტი რაკეტა და საარტილერიო ჭურვი ისროლეს. სარდაფში გაატარა ღამე ქეთი გოგავამ და ამბობს, რომ ის დრო გაახსენდა, როდესაც 7 წლის ასაკში სოხუმი დაბომბეს და მაშინ იქ ცხოვრობდა...

- მე ახლა თელ-ავივში ვიმყოფები, გუშინ საღამოს დაიბომბა ქალაქი და საბედნიეროდ, მოვასწარით სარდაფში ჩასვლა, სადაც მთელი ღამე გავათენეთ. ახლა სიმშვიდეა, მაგრამ ტელევიზიით აცხადებენ, რომ ისევ დაგვბომბავენ და კიდევ უფრო ძლიერად. ტელევიზიით მოგვიწოდებენ, რომ სახლებში დავრჩეთ.

- ქეთი, ექვსი წელია ისრაელში ცხოვრობთ და ამ წლების მანძილზე ხშირად აღმოჩენილხართ ანალოგიურ სიტუაციაში?

- დიახ, აქ ხშირია დაბომბვა და ხალხიც მზდ არის, რომ სარდაფებს მიაშუროს, მაგრამ ასეთი არ მახსოვს, ეს საშინელება იყო. ჩემთვის ეს ძალიან ცუდი განცდაა. სოხუმში დაბადებული და გაზრდილი ვარ და მახსოვს პატარა ვიყავი, როდესაც ქალაქი იბომბებოდა და ჩემთვის ეს ძალიან ძნელი იყო. აქ ბევრი ქართველი ცხოვრობს და ძალიან განვიცდით, რა იქნება არ ვიცით. იმედი გვაქვს, რომ დაწყნარდება სიტუაცია. გუშინ ქალაქში ვიყავი გასული, კბილი ამტკივდა და ტაქსით წავედი ექიმთან. უკან რომ დავბრუნდი, როგორც კი სახლში შემოვდგი ფეხი, თელ-ავივი დაბომბეს, საშინელება იყო. ოჯახში, სადაც ვმუშაობ ოთხი ბავშვია და განწირულები ყვიროდნენ, საშინელ დღეში იყვნენ მშობლებიც და ყველანი სარდაფში ჩავედით. რთულია ასე ცხოვრება, ძალიან განიცდიან ესენიც.

- ცნობილია, რომ დაბომბვამდე სირენის ხმა აფრთხილებს მოსახლეობას, რომ სარდაფებს შეაფარონ თავი... რა ხდება, მაშინ თუ ამ დროს ადამიანი ტრანსპორტით გადაადგილდება?

- მე საბედნიეროდ არ აღმოვჩენილვარ ასეთ სიტუაციაში, მაგრამ ამ დროს ტრანსპორტიდან ჩამოდიან და გარეთ არიან, ცდილობენ, სადმე შეაფარონ თავი. როგორც გითხარით, გუშინ გადავრჩი, რადგან როგორც კი სახლში შემოვდგი ფეხი მაშინ დაიწყო ქალაქის დაბომბვა. ახლაც ერთი საათის უკან ტელევიზიით გამოაცხადეს რომ ყველა სახლში დარჩეს. ამბობენ, რომ საღამოს თელ-ავივის მიმართულებით ისევ განხორციელდება სარაკეტო შეტევა. ადამიანები მოძრაობენ ქუჩაში, ზოგს რაღაც საქმე აქვს, ზოგიც სამსახურიდან ბრუნდება, მაგრამ ხალხის დიდი ნაწილი მაინც უფრო სახლებშია. გუშინაც მოულოდნელი იყო, რაც მოხდა. დღეს ხუთი საათიდან ყველა სახლში უნდა იყოს, აეროპორტიც კი დაიკეტა.

- საქართველოში დაბრუნებაზე ხომ არ ფიქრობთ?

- საქართველოში დაბრუნებას აგვისტოში ვაპირებ. იმედია, იქამდე დაწყნარდება ყველაფერი და მშვიდობიანად ჩამოვალ. ჩემთვის ძალიან რთუილია ისრაელში ცხოვრება, რთული სამსახური მაქვს, 16 საათი ფეხზე ვდგავარ. მაინც მადლიერი ვარ ამ სახელმწიფოსი, აქ ჩამოსვლით არაერთი ოცნება ავიხდინე, მაგრამ ჩემი საქართველო ყველაფერს მირჩევნია.

- როგორც მითხარით აფხაზეთიდან ხართ...

- დიახ, 7 წლის ვიყავი აფხაზეთის ომის დროს და ყველაფერი მახსოვს როგორ იბომბებოდა ქუჩები. უღელტეხილი ოჯახთან ერთად გადმოვიარე. სოფელ ოქტომბერში ვცხოვრობდი და ვიზრდებოდი, სოხუმში, ტურბაზაში გქვონდა ბინა. ეს არის ჩემი მოგონება აფხაზეთზე...

რატომ ვერ ახერხებენ აცრის მსურველები ადგილების დაჯავშნას? - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განმატებას ავრცელებს

თბილისში 4000- მდე აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისის ენერჯი"

რა ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების სამსახური ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარზე?