შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პირველი, ვისაც შეხვდა, საქართველოს პრეზიდენტი იყო. "ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე და შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება სწორედ შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ამ შეთანხმებამ პოლიტიკური შედეგები უკვე მოიტანა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისივე განცხადებით, პოლიტიკური შეთანხმებით გაძლიერდა როგორც პარლამენტის, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტი და თითქოს ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ინსტიტუცია არც თუ მთლად უუნაროა და მისი უფლებები მხოლოდ კანონზე ვეტოს დადებით არ შემოფარგლება. ისიც თვალში საცემია, რომ ბოლო დროს პრეზიდენტის რიტორიკა შეიცვალა და ის თითქოს უფრო კრიტიკული გახდა "ქართული ოცნების" მიმართ. მაგალითად, მისი გამოსვლა პარლამენტში წლიური ანგარიშით აშკარად გაცილებით უფრო მწვავე იყო, ვიდრე მისი წინა გამოსვლები. მართალია სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის მიერ "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა" კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვეტოს უფლება არ გამოიყენა, მაგრამ მის მიერ პროცესი ისე წარიმართა, რომ პრემიერიც კი იძულებული გახდა მისულიყო ორბელიანების სასახლეში და მისთვის მოესმინა. მხარეებთან პრეზიდენტის კონსულტაციებით გაჩნდა ვეტოს გამოყენების მოლოდინი, თუმცა საბოლოოდ ეს ნაბიჯი არ გადადგა, რაც იმით ახსნა, რომ ამისთვის სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი იყო. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, სალომე ზურაბიშვილი ამჯერადაც კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ.
ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც აქამდე თითქოს "ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებულად მოქმედებდა და "იყო ტენდენციური“, ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე დამოუკიდებელ მოთამაშედ მოგვევლინოს.
როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტი თუ აქამდე იყო მხარე, ზოგჯერ - პროვოკაციულიც, ახლა მან თავისი, დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო და "საგარეო პოლიტიკაც და კრიზისმენეჯმენტიც ლამის თავისკენ წაიღო“
“მრჩება შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი ხდება რეალური მოთამაშე ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი პრეზიდენტობის პირველი პერიოდი ნამდვილად აჩენდა კითხვებს, ის მოიაზრებოდა "ქართული ოცნების" პარტიულ ვერტიკალში. ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დომინირებდა, მანამდე სალომე ზურაბიშვილიც მთლიანად ჯდებოდა პარტიულ მატრიცაში. მას მერე, რაც ივანიშვილი პოლიტიკას გარკვეულწილად ჩამოშორდა, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულებები, დაინახა თავისი უპირატესობა და თავისი თამაშის წამოწყება გადაწყვიტა. სრულიად ნათელია, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ელემენტარულ სტანდარტებსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ეს კარგად შეაფასა ზურაბიშვილმა და ჩაჯდა სქემაში, რასაც ჰქვია პროდასავლური, პროევროპული ნარატივის ლობირება. მან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინიციატივა სრულად საკუთარ თავზე აიღო. გვახსოვს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები, როდესაც სწორედ ის აღმოჩნდა პროცესის შუაგულში, ღარიბაშვილი კი პასიურ მდგომარეობაში დარჩა.
ეს ბუნებრივიც არის, რადგან ჩვენი კონსტიტუციით, საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში პრეზიდენტია ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. მან ვეტოსთან დაკავშირებული პროცესიც, პოლიტიკური თვალსაზრისით, სწორად წარმართა, ისე, როგორც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, გაერკვა საკითხში, მოუსმინა ყველა მხარეს. ისიც დავინახეთ, რომ პრემიერი იძულებული გახდა, მასთან მისულიყო... საბოლოოდ, პრეზიდენტმა ვეტო არ გამოიყენა, მაგრამ პროცედურულად სწორი ნაბიჯები გადადგა, როგორც პოლიტიკურად, ისე ინსტიტუციურად, რაც მისასალმებელია... რა იყო მისი საბოლოო ამოცანა - ამ პროცესისთვის ფასადის შექმნა, თუ მართლაც ცდილობს, აღადგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ფორმატი, მომავალი გვიჩვენებს.მოკლედ, პრეზიდენტი, ახლანდელი პოლიტიკური ელიტის ფონზე, ნამდვილად უკეთესად გამოიყურება. მასვე რომ დავესესხოთ, ის არის პოლიტიკური ელიტის ნაწილი, მაგრამ - ოდნავ ზემოთ..."
ექსპერტის აზრით, სწორედ სუსტი პოლიტიკური ელიტა გახდა იმის მაპროვოცირებელი, რომ ზურაბიშვილმა დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო, თორემ ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის პირობებში, მას ამის საშუალება არც ექნებოდა.
"მისი პრეზიდენტობის პირველი ეტაპი აბსოლუტურად სხვა სურათს ქმნიდა, აშკარად იყო ტენდენციური, იყო მხარე, ზოგჯერ - პროვოკაციულიც, მაგრამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მისი პოზიციები ჩემთვისაც კი სასიამოვნო სიურპრიზად იქცა. ჯერჯერობით ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ ღირს. წინ გველოდება ძალიან აქტიური და რთული პოლიტიკური პროცესი და კიდევ მოგვიწევს დავაკვირდეთ, როგორ მოიქცევა პრეზიდენტი ამა თუ იმ მწვავე ვითარებაში. პოლიტიკაში, ისევე, როგორც სხვა სფეროებში, ყველაფერი ფარდობითია. პოლიტიკური ელიტა ისეთი სუსტია, ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილმა იგრძნო, რომ ამ პირობებში შეუძლია დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს. არ მგონია, გახარიას პერმიერობისა და მით უფრო - ბიძინა ივანიშვილის აქტიურ პოლტიკაში ყოფნის დროს მას ამის საშუალება მისცემოდა, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს კი ეს კანონზომიერიც კია. საზოგადოებასთან, უცხოელ პარტნიორებთან, ოპონენტებთან ღარიბაშვილის კომუნიკაციის უნარები ძალიან შეზღუდულია. ის არის ხისტი, არ ახასიათებს პოლიტიკური მოქნილობა და რა გასაკვირია, ამ პირობებში პრეზიდენტს ეს ამბიცია გასჩენოდა, მით უფრო, რომ ღარიბაშვილი თვითონ თმობს პოზიციებს. მისთვისაც ძალიან არაკომფორტული იყო თუნდაც შარლ მიშელთან ჯდომა და საუბარი. დღეს ზურაბიშვილმა საგარეო პოლიტიკაც და კრიზისმენეჯმენტიც ლამის სრულად თავისკენ წაიღო, გახარიას პრემიერობის შემთხვევაში კი ეს შეუძლებელი იქნებოდა, ის ამ პოზიციებს არ დათმობდა“.
პოლიტოლოგ თენგიზ ფხალაძის აზრით, ინსტიტუციების დასუსტებასა და მათ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე დამოკიდებულებას კარგი არაფერი მოჰყვება, ამიტომ რაც უფრო მეტად გაძლიერდება ისინი, იქნება ეს პრეზიდენტის, პარლამენტის, თუ სხვა ნებისმიერი ინსტიტუცია, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება ქვეყნისათვის.
"ჩვენ თუ ვლაპარაკობთ ეროვნულ სტანდარტებზე, დემოკრატიაზე, განვითარებაზე, მაშინ პრეზიდენტი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ასე რომ, თუ ამ მიმართულებით წავიდა სვლა, ეს ძალიან კარგი იქნება ქვეყნისთვის. შარლ მიშელის ეპიზოდს თუ მოვიყვანთ მაგალითად, ეს სრულიად სახელმწიფოებრივი ხედვა იყო და პრეზიდენტმა მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვანი იყო და ქვეყანას სჭირდებოდა. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რაც უფრო მეტ გადაწყვეტილებას მიიღებენ პოლიტიკოსები (არა მარტო პრეზიდენტი), არა საკუთარი ემოციებით, არამედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მით უკეთესი იქნება ქვეყნისათვის.
რაც შეეხება კანონს და ვეტოს, როცა ყველას ეგონა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა, მან პოზიცია შეიცვალა და ამას სხვადასხვანაირად შეიძლება შევხედოთ. როგორც გამოჩნდა, მას ჰქონდა საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება ამ კანონპროექტის მიმართ და საბოლოო ჯამში, არ გადაითარგმნა ქმედებაში. ქმედება განსხვავდებოდა იმისაგან, რაც გამოჩნდა მის მიერვე ნათქვამ შეფასებაში. ზოგადად, ისეთი ცვლილება, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა, არ არის საჭირო ნაჩქარევად იყოს მიღებული. როდესაც პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს, ეს ორგანო იმისთვის არ არის, რომ დამკვრელური ტემპებით მიიღოს კანონი. ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით უნდა იყოს არგუმენტირებული პოლიტიკური დისკუსია, ეს არის მნიშვნელოვანი და ამისთვისაა პარლამენტი. გული მწყდება, რომ ისეთი მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც დღეს ქვეყნისთვის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, სადღაცა გვერდზეა გადადებული. ჩვენ ახლა პარლამენტში უნდა ვხედავდეთ დებატებს მაგალითად, იმავე საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით...
აგერ, ახლახან ბუქარესტში ნატოს მინი სამიტი ჩატარდა აღმოსავლეთ ფლანგთან დაკავშირებით, რომლის დეკლარაციაშიც უკრაინის, მოლდოვას და სხვა პარტნიორების გვერდით, საქართველო გაკვრით ახსენეს, ამას უნდა აქცევდეს ყურადღებას პარლამენტი და პოლიტიკური ელიტა და არა რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, დაჩქარებული და სასწრაფო წესით ხდებოდეს რაღაცა ცვლილების მიღება, რომელიც ისედაც ემოციურ ფონს კიდევ უფრო დამატებით ნაპერწკალს მატებს. პოლიტიკოსები ორიენტირებული უნდა იყვნენ იმაზე, რომ ვითარება არა დაიძაბოს, არამედ პირიქით, კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს, პოლიტიკოსები მსჯელობდნენ ეროვნულ ინტერესებზე და არა იმაზე, ვინ ვის მოერევა“.
როგორც პოლიტოლოგი გვეუბნება, პრეზიდენტი, კონსტიტუციიდან გამომდინარე, უნდა იყოს დამოუკიდებელი და ზეპარტიული, ამასთან, გაცილებით აქტიური პოლიტიკური კრიზისის დროს და არ უნდა გვჭირდებოდეს მაინც და მაინც უცხოელი ფასილიტატორების მოწვევა.
"ყოველთვის მივესალმები იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი ქვეყანაში არის სახელმწიფო ინსტიტუტი. პრეზიდენტი, კონსტიტუციით, არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და, შესაბამისად, ის უნდა იყოს დამოუკიდებელი. მივესალმებოდი იმას, რომ იგივე პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციიდან გამომდინარე არის ზეპარტიული, იყოს გაცილებით აქტიური პოლიტიკური კრიზისის დროს და არ გვჭირდებოდეს მაინც და მაინც უცხოელი ფასილიტატორების მოწვევა. არ ვიცი, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი - რამდენად დამოუკიდებელი იქნება თავის ქმედებებში, იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე და გაემიჯნება თუ არა "ოცნებას“, ამაზე ნამდვილად არ მაქვს პასუხი, უბრალოდ, ვიტყვი, რომ ჩვენ თუ გვინდა ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუციები“, - ამბობს თენგიზ ფხალაძე.