ნენე ახობაძე ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონაა, რომელიც სოციალურ ქსელებში ჩინურ კულტურასა და ყოფას აქტიურად აცნობს ქართულ საზოგადოებას. ნენე 2015 წლიდან ჩინეთში სასწავლებლად წავიდა, დღემდე სწავლით და კვლევებით არის დაკავებული და ამავე დროს მოდელობს კიდეც. როგორია ნენეს ჩინური ცხოვრება? - ამის თაობაზე AMBEBI.GE -ს უამბობს:
- პირველად ჩინეთში თსუ-ს გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი და ვსწავლობდი ჩინურ ენასა და კულტურას, ავიღე ჩინური ენის სერთიფიკატი, მერე ისევ დავბრუნდი საქართველოში და თსუ-ში სწავლის პარალელურად, ჩინური ენის თარჯიმნად ვმუშაობდი. შემდეგ ჩინეთის მთავრობის სტიპენდია მოვიპოვე და უკვე მეორედ 2017-2018 სასწავლო წლებში ჩამოვედი ჩინეთში, ჭეძიანგის კონგშანგის უნივერსიტეტში და ვსწავლობდი ბიზნესჩინურს უცხოელ სტუდენტებთან და ასევე არაბულ ენას ჩინელ სტუდენტებთან ერთად. მაგისტრატურის გაგრძელება ჩინეთში მინდოდა, რათა შემესწავლა ჩინეთის ისტორია, ამჯერადაც, მოვიპოვე დაფინანსება და 2019 წლის სექტემბერში ჩამოვედი ჩინეთის წამყვან ჭეძიანგის უნივერსიტეტში.
- რამდენად რთულია ჩინურის სწავლა?
- თუ კარგად გინდა შესწავლა, მაშინ ძალიან რთულდება. თან რამდენიმე სხვადასხვა სირთულესთან გვაქვს საქმე - დამწერლობა, გამოთქმა, გრამატიკა, ფრაზები. ჩინეთის ისტორიის სპეციალობაზე მოხვედრა ძალიან რთული აღმოჩნდა, ენის მაღალ დონეზე ცოდნის და ჩინეთის მთავრობის სტიპენდიის გარდა, აქაურ გაზეთში ჩინურენოვანი სტატია უნდა გქონოდა გამოქვეყნებული, აქაურ ლექტორს უნდა მივეღე კვლევაზე და ა.შ. რისთვისაც ჯერ გასაუბრება უნდა გამევლო, მაგრამ ეს ეტაპიც გავიარე და ბოლოს მაინც მოვხვდი. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი უცხოელი ვარ მთელ სპეციალობაზე, რამაც კიდევ უფრო გაართულა საქმე, იმიტომ, რომ საერთოდ არ "მინდობდნენ", ზუსტად ისე მთხოვდნენ ყველაფერს, როგორც ჩინელ სტუდენტებს, ყოველ ორ თვეში 3-4, მინიმუმ 8 000-9 000 იეროგლიფიანი კვლევა უნდა მეწარმოებინა, თან ლექციებზე მეაქტიურა და მესწავლა, ამას დაემატა ჩემთვის მოულოდნელი ფაქტი, წიგნების და მასალების 80% აღმოჩნდა ტრადიციული ჩინური იეროგლიფებით, ასევე ზოგ კვლევაში ხელნაწერების გარჩევა მიწევდა, რაც, ჩემი აზრით, ქართულშიც კი რთულია. ასე შემომესწავლა ტრადიციული იეროგლიფებიც, თუმცა წინასწარვე გამაფრთხილეს და პროფესიის შეცვლა მირჩიეს, მაგრამ იმდენად მინდოდა, ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ჭეძიანგის პროვინციისა და ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტის მოწვევით, ვწერთ წიგნს საქართველოს შესახებ, წიგნი 3-4 ნაწილიანი იქნება, მოიცავს საქართველოს ისტორიას, ახლანდელ მდგომარეობას, ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოსთან კავშირში მყოფი ჩინელი ბიზნესმენების შთაბეჭდილებებს.
- როგორც ვიცი, მოდელადაც მუშაობ?
- გარდა სწავლისა და თარჯიმნობა-თარგმნისა, როცა დრო მაქვს, მოდელადაც ვმუშაობ. ჩინეთში ყველა უცხოელს შეუძლია მაგ განხრით იმუშაოს. იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ფილმს და რეკლამას იღებენ. ჩემს ქალაქში შედარებით იშვიათად, უფრო შანხაისა და პეკინში. 2016 წელს, ქალაქში, სადაც ვცხოვრობ - ხანგჭოუში, გაიმართა დიდი ოცეულის სამიტი, რომლის ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში მოვხვდი, იმჟამად უნივერსიტეტმა გამიწია რეკომენდაცია ტელევიზიასთან. თავიდან სახუმარო თემა მეგონა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ამ რეკლამაში მონაწილეობა ბევრ რამეში დამეხმარა და სტიპენდიისთვის გამზადებულ სამოტივაციო წერილშიც კი მირჩიეს ჩაწერა. თურმე დიდი ყურადღება ექცევა. რამდენჯერმე უნივერსიტეტმა დამასაქმა რეკლამაში, მაგ დროს სტიპენდია არ მქონდა და ცხოვრების ხარჯებს ჩემით ასე ვფარავდი. მერე უკვე ნელ-ნელა ადგილობრივი რეჟისორები და ფოტოგრაფებიც გავიცანი და როცა დრო მაქვს, თუ რამე გადაღებაა, მონაწილეობას ვიღებ, ძირითადად თვეში 1-2-ჯერ, მეტს ვერ ვიცლი, თან ვერთობი, თან ფულს ვშოულობ, თან ფოტო-ვიდეოებს ვაგროვებ, სიბერეში შვილიშვილებისთვის ამბების მოსაყოლად. ძირითადად რეკლამებში ვმონაწილეობ, ასევე ფოტოსესიებში. ფილმებს ჩემს ქალაქში არ იღებენ, თან ფილმებისთვის დიდი დროა საჭირო. ერთხელ მივიღე მონაწილეობა სულ 1 სცენაში, რომელსაც 4 დღე იღებდნენ. შესაბამისად, ამდენი დრო იშვიათად მაქვს. ასევე ვთანამშრომლობ ადგილობრივ მედიასთან, ხანდახან მიწევს ხოლმე მათთვის ჩინურენოვანი ვლოგების ჩაწერა, ინტერვიუების აღება ან, უბრალოდ, გადაცემაში მონაწილეობა.
- არაერთი ვლოგერი აღნიშნავს, რომ ჩინელებს უცხოელების მიმართ უხეში დამოკიდებულება აქვთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
- პირიქით, თავზე გვყვებიან და უხარიათ უცხოელის დანახვა, პატარა ბავშვებივით არიან, მოდიან და შენთან ფოტოების გადაღებას ითხოვენ, თუ გაეცნობი და დაელაპარაკები, აუცილებლად სადმე საჭმელად გეპატიჟებიან და მოკლედ, ძალიან თბილად ექცევიან უცხოელებს. მაგრამ თუ შეამჩნიეს, (რაც ხშირად ხდება და ჩემი მეგობრებისგანაც შემინიშნავს) რომ ზემოდან უყურებ ან დასცინე, თუნდაც იმაზე, რომ სურათის გადაღება გთხოვა, მერე უკვე ადგილს მიგიჩენენ. თავს უცხოელად არ მაგრძნობინებენ. თავიდან რომ დამინახეს კურსელებმა, ყველა გაოცებული მიყურებდა. პირველი ორი თვე ჯგუფურ კვლევებშიც ყველაზე მარტივ დავალებას მინაწილებდნენ, რაზეც მე სულ პრეტენზიას გამოვთქვამდი, ეგრე ნუ მიყურებთ-მეთქი, მაგრამ მერე შემეჩვივნენ და ფრაზას "შენთვის რთულია" აღარ მეუბნებიან, პირიქით, ხანდახან რჩევას მეკითხებიან. ძალიან გაკვირვებული ვიყავი, კურსელმა პირველად კვლევა რომ გადმომიგზავნა და რჩევა მკითხა, მეთქი შეცდომით ხომ არ მომწერა. მერე უკვე რამდენიმემ რომ მკითხა რჩევა, მივხვდი, რომ შემეჩვივნენ და ზოგადად კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ახლა ხანდახან ისე მირთულდება ხოლმე კვლევის პროცესი, გულის სიღრმეში ვფიქრობ, - ნეტა ისე მომექცნენ, როგორც უცხოელს და თუ შეცდომას დავუშვებ, ძალიანაც ნუ გაამახვილებენ ყურადღებას-მეთქი, მაგრამ აღარ აღმიქვამენ უცხოელად.
- გამოდის, რომ სტუმართმოყვარეები არიან...
- ძალიან სტუმართმოყვარეები არიან და უყვართ დახმარება. ჩინელებს იმდენად უყვართ ადამიანს რომ ეხმარებიან, ცოტა მიკვირს კიდეც. ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, აინტერესებთ ყველაფერი შენი გადმოსახედიდან და კარგი მეგობრობა იციან, მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვთ - ცხოვრებით ტკბობა არ იციან. სულ მუშაობენ ან სწავლობენ, დასვენება არ იციან.
- მათ ტრადიციებზე რას გვიამბობ?
- ტრადიციებიდან ძალიან ბევრი რამ მომწონს, როგორიცაა ადგილობრივი დღესასწაულების აღნიშვნის ფორმა, განსაკუთრებით გაზაფხულისა და დრაკონის ნავების ფესტივალები, ასევე მომწონს ის პრინციპი, რომ დღესასწაულებზე თითქმის ყველა და ყველაფერი ისვენებს, არ აქვს მნიშვნელობა მაღაზიის გამყიდველი ხარ თუ ქვეყნის პრეზიდენტი, გაქვს უფლება დაისვენო. კიდევ მომწონს ის, რომ აქტიური მოხუცები ჰყავთ, ყოველ საღამოს და დილით, თუ გაივლით პატარა მოედნებთან, დაინახავთ ვარჯიშით დაკვებულ ან მოცეკვავე ხანში შესულ ხალხს. მოხუცები პატივს სცემენ ახალგაზრდებს, მათ აზრს და დამოკიდებულებას. საქართველოში უფროსი თაობისგან ხშირად მსმენია, - სად იყო ჩემ ახალგაზრდობაში მასე და გაფუჭდა ახალგაზრდობაო... აქ ასე არ ხდება, პირიქით, იმედით უყურებენ ახალ თაობას. ტრანსპორტში თუ ახალგაზრდამ ადგილი დაუთმო მოხუცს, ეს უკანასკნელი ბუზღუნს იწყებს, - კარგად ვარ, არ მჭირდება დაჯდომა, ეს შენ უფრო გჭირდება, მთელი დღე მუშაობო...
- რა არ მოგწონს?
- არ მომწონს ხმაურით ჭამის ტრადიცია. თუმცა, მგონი, ამ ტრადიციის გადაგდების გზას ადგანან, ახალგაზრდები იშვიათად ჭამენ ხმაურით. კიდევ არ მომწონს პლიაჟზე რომ საცურაო კოსტუმით არ დადიან და უცნაურად მიმაჩნია ის ტრადიცია, რომ ქალისთვის დეკოლტეს ჩაცმა არც თუ ისე მისაღებია, მაგრამ მისაღებია უმოკლესი კაბის ჩაცმა.
- ჩინელ ბიჭებზე რას იტყვი, როგორები არიან?
- ზოგადად აქაური კაცები ისეთები არიან, თითზე დაიხვევ და სულ შენ ჭკუაზე ატარებ. თვითონაც ამბობენ, რომ ქალები უფრო ძლიერები არიან. ურთიერთობის დასაწყებად გოგონები უფრო აქტიურობენ ხოლმე. ჩინელი კაცები ამბობენ, - ქორწილის მერე ცოლი იმპერატორია ოჯახში, ქმარი კი მისი მონაო. დაოჯახებულს ან შეყვარებულს ვისაც ვიცნობ, ვხედავ, რომ ყველა წყვილში ქალის სიტყვაა ხოლმე გადამწყვეტი. ერთი კია, ურთიერთობაში უფრო თავისუფლები არიან, არ არის ისე რომ, მაგალითად, კურსელები ვიკრიბებით და ცოლი ან ქმარი გამოყვეს შეკრებაზე ან სადმე მივდივართ და ცოლიც წამოვიდეს, ალბათ, უფრო ენდობიან ქმრებს, ვიდრე ჩვენ. ვერ ვიტყვი, რომ ცუდები არიან, თან მართლა ისე დაიხვევ ხელზე როგორც გინდა და თავზეც გადაყოლა იციან, მაგრამ ძირითადად მხოლოდ მეგობრები მყავს, როგორც მამაკაცი, ჯერ აქაური არავინ მომწონებია.
- დაბოლოს, საინტერესოა რა ვითარებაა ახლა ჩინეთში პანდემიის თვალსაზრისით?
- ჩინეთი პანდემიას შარშანვე გაუმკლავდა, ქალაქი უხანი 2020 წელის აპრილის ბოლოს გაიხსნა და ფაქტობრივად, ამ დროსვე მთელ ქვეყანაში ყველანაირი აკრძალვა მოიხსნა, პირბადის გარდა. პირბადის ტარება კი 2020 წლის ივლისიდან ნებაყოფლობითი გახდა და დღემდე მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვიკეთია. ამ ყველაფერს, ჩემი აზრით, ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ დროულად მიღებულმა რაციონალურმა ზომებმა - სისტემა შეიქმნა, სადაც შეგეძლო რუკაზე გენახა ვის, სად დაუდგინდა კოვიდი და თავი აგერიდებინა იმ ადგილისთვის. შეიქმნა სისტემა, სადაც ყოველდღე ფორმას ვავსებთ ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, რის მიხედვითაც გვეძლევა ჯანმრთელობის კოდი (დღემდე მოქმედებს ეს კოდი თუ არ გაქვს, ქალაქს ვერ დატოვებ), ცრუ ინფორმაციისგან თავდასაცავად შეიქმნა გადაადგილების კოდი, მაგალითად, როცა ქალაქს ტოვებ, სხვადასხვა ტრანსპორტით მგზავრობისას, კონტროლიორს უნდა უკარნახო შენი ტელეფონის ნომერი, რომლითაც შეუძლია შეამოწმოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში სად იყავი, იყავი თუ არა რისკის ზონაში და ა.შ. მოკლედ, ბევრი სასარგებლო სიახლე შეიქმნა. უბრალოდ, ერთი პრობლემა ის იყო, რომ აქ ყველა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა გასული წლის 3 მარტს, მაგრამ სტუდენტები და მოსწავლეები ივლისამდე ონლაინ ვსწავლობდით. ივლისის მერე ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით ყველა და ახლაც ასე გრძელება.
ავტორი: ხათუნა კორთხონჯია