მედიცინის დოქტორი, პედიატრი თამარ ობგაიძე მშობლებს მუდმივად უზიარებს საჭირო რჩევებს, რომელიც შვილების აღზრდაში ეხმარებათ. ამჯერად ერთ-ერთი აქტუალურ საკითხს ეხება. საუბარია პატარების აღზრდაში ბებია-ბაბუების ჩართულობაზე.
"უნდა ჩავრთოთ თუ არა ბავშვის აღზრდა-გაზრდის საქმეებში ბებია და ბაბუა? მე ვფიქრობ, რომ დიახ. და მგონია, თქვენი უდიდესი ნაწილიც ამ კითხვაზე ასე პასუხობს. თუ გინდა, შვილს დიდი სიყვარული, განსაკუთრებული სითბო და ზრუნვა აჩუქო, მშობლები ამ საქმეში აუცილებლად ჩართე.
არაფერი შეედრება იმ სიყვარულს, რისი გაზიარებაც ამ ადამიანებს შეუძლიათ. ბებიობა და ბაბუობა სრულიად განსხვავებული გამოცდლებაა. ვის შეუძლია ასეთი ზრუნვა, მოუბეზრებელი თამაში, ერთგულება როგორც ბებია-ბაბუას?! მე შვილიშვილები ჯერ არ მყავს, მაგრამ წარმომიდგენია, რა ბედნიერებაა, როცა შენი გენის მატარებელ კიდევ ერთ, უსაყვარლეს არსებას ხედავ, ხელით ეხები და გრძნობ, რომ გრძელდები! როცა მშობელი ხდები, განსხვავებულ გამოცდილებას იძენ, სწავლობ, პატარასთან ერთად შენც იზრდები, იხვეწები, როგორც მშობელი.
წლები სწრაფად გადის და აი, ის, შენი გაგრძელება შენს წინაა! ამ პატარა ადამიანს შენს სახლში, სულში ენით აუწერელი ბედნიერება შემოაქვს. აკვირდები და შენი შვილის ბავშვობას ხედავ, ხანაც თითქოს საკუთარი ნაკვთები გხვდება თვალში.რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა მშობლებმა პატარა განდეს? ალბათ ის, რომ შვილიშვილი თუმცა ჩვენი სისხლი და ხორცია, მაგრამ მაინც სხვა ადამიანების შვილია. შენი შვილი და მისი მეუღლე ან პარტნიორი თავად არიან მთავარი ადამიანები მის ცხოვრებაში და ბავშვის გაზრდა-აღზრდაც სწორედ მათი პრეროგატივაა. სწორედ ისინი ირჩევენ მის სამოსსს, ექიმს, აღზრდის მეთოდს... ყველაფერს, რაც ოდესღაც შენი შვილის გაჩენის შემდეგ შენ თავად გადაწყვიტე ან გულით გინდოდა გადაგეწყვიტა და უფროსები ჩაერივნენ, იქნებ ამით გულიც გატკინეს.
შენს კეთილ რჩევას შვილები აუცილებლად მიიღებენ, საქმეებში ჩარევას - სავარაუდოდ, არა.აი, რა კითხვები უნდა დაუსვა შვილებს, როცა პატარას მოვლაში ჩაერთვები: პირველ რიგში უნდა გაარკვიო, როგორია პატარას ძილის და კვების რეჟიმი. მშობლები აუცილებლად გეტყვიან, როგორი თამაში მოსწონს, როგორ გამოხატავს დაღლას ან უკმაყოფილებას. დეტალურად გაიარე, რა საკვები უნდა მისცე ბავშვს.
თუ დედა გამოწველილ რძეს ტოვებს, ყურადღებით გაეცანი მისი შენახვის წესებს, ხოლო თუ ხელოვნურ კვებაზეა, გაარკვიე ნარევის მომზადების საკითხები. თუ პატარა დამატებით საკვებსაც იღებს, გაეცანი ამ საკვების ჩამონათვალს. შესაძლოა, ჩვილს მზა პროდუქტებით კვებავენ - ასეთ შემთხვევაში საკვების უბრალოდ შეთბობა მოგიწევს, იმ შემთხვევაში, თუ საკვებს შინ უმზადებენ, გაეცანი რეცეპტებს და მკაცრად მისდიე მას.
არ მისცე ჩვილს სხვა საკვები, გარდა იმისა, რაც მშობლებმა დაგიტოვეს. „ჩვენს დროს ასე იყო“ - ამ საქმეში არ გამოდგება. მედიცინა მუდმივად იცვლება და შესაბამისად, იცვლება წარმოდგენებიც, მიდგომებიც მოვლის, კვების, დაავადებათა მკურნალობის საკითხებზე. ასე, რომ ბევრი რამ, ჭეშმარიტება რომ გვეგონა, მითად იქცა. გაეცანი ბავშვის ძილის რეჟიმს. ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო ძილის წესები, რაც ასევე შეცვლილია. თუ 80-90-იან წლებში მუცელზე ძილი იყო მიღებული, ახლა მკაცრად რეკომენდებულია ძილის ზურგზე, რადგან მუცელზე ძილმა, შესაძლოა, ჩვილთა უეცარი სიკვდილის რისკი გაზარდოს. ჰკითხე მშობლებს ბავშვის ჩვევების შესახებ.
არ გამოგრჩეს ის ჰიგიენური ღონისძიებები, რასაც მშობლები იცავენ. აუცილებლად დაეკითხე შვილებს ბავშვის იმ წესებზე, რაც ჩვილის უსაფრთხოებისათვისაა აუცილებელი. ხელი შეუწყე მის განვითარებას - ესაუბრე, ეთამაშე, ასეირნე. ბებია-ბაბუაზე უკეთ ეს მგონი არავის გამოსდის. ინტერნეტ-რესურსები ამოუწურავია. მოძებნე სანდო წყაროები და გაეცანი სიახლეებს ბავშვის მოვლის, კვების, დაავადებათა ექიმამდელი მართვის საკითხებზე. და რაც მთავარია, გადაჭერი სადავო საკითხები შვილებთან ერთად. ვფიქრობ, ეს საუკეთესო გამოსავალია ოჯახური ჰარმონიისა და ბავშვისათვის მშვიდი გარემოს შესაქმენლად.ტკბილ ბებია-ბაბუობას გისურვებ!