ავტორი:

უცნობი ფაქტები ყველასთვის ცნობილი მარკშაიდერის ცხოვრებიდან - როგორ იგონებენ "ზემგრძნობიარე ადამიანსა" და "გასაოცარი სიკეთის" მქონე ძია ვანიჩკას

უცნობი ფაქტები ყველასთვის ცნობილი მარკშაიდერის ცხოვრებიდან - როგორ იგონებენ "ზემგრძნობიარე ადამიანსა" და "გასაოცარი სიკეთის" მქონე ძია ვანიჩკას

"უკაცრავად, ეს ბზარი იყო აქ?" - ვინ არ იცის ცნობილი ფრაზა კინოფილმიდან "ცისფერი მთები", რომელიც მარკშაიდერს ეკუთვნის. ის მთელი ფილმის მანძილზე აბსურდულ დაწესებულებაში ამაოდ ეძებს ადამიანს, რომელიც უბრალოდ, გაესაუბრება. არაერთი მცდელობის მიუხედავად, არავინ უსმენს და მისი არავის ესმის. ამის ფონზე სამაგალითოა ამ პერსონაჟის მიზანდასახულება და მოთმინება... პროფესიით მარკშაიდერია, სამთო ინჟინერი, ტექნიკოსი, გეოდეზიური და გეოლოგიური სამთო სამუშაოების სპეციალისტი...

ლეგენდარულ ფილმში ლეგენდარულ როლს მსახიობი ივანე საყვარელიძე, იგივე ძია ვანიჩკა შეუდარებლად ასრულებს. ის უამრავ ქართულ ფილმშია გადაღებული და არაერთი სახასიათო როლი აქვს შექმნილი როგორც კინოში, ისე - თეატრში, თუმცა მარკშაიდერი მისი შემოქმედების გვირგვინია... წელს, 3 აპრილს მას 100 წელი შეუსრულდებოდა და AMBEBI.GE მას ასე იხსენებს.

ივანე საყვარელიძის ცხოვრების შესახებ ბევრმა არაფერი იცის... ვანიჩკა საყვარელიძე 2002 წელს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. კეთილშობილი, ერთგული, პატიოსანი, - ასე იხსენებენ ადამიანები ყველაზე ცნობილ მარკშაიდერს.

"ყველანი ძია ვანიჩკას ვეძახდით... უსაყვარლესი და უკეთილესი ადამიანი იყო, ძალიან ნიჭიერი, საინტერესო მსახიობი, რომელზეც გენიალური რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი დიდ იმედებს ამყარებდა, თავიდან მისი სტუდენტიც იყო... მკვეთრად სახასიათო გარეგნობისა და ნიჭის გამო არა მარტო სცენაზე, უამრავ ფილმში ბევრი სახე და ეპიზოდი შექმნა, თუმცა "ცისფერ მთებში" სერიოზულად გამოჩნდა. ვერ ვიტყოდი, რომ მისი როლი (მარკშაიდერი) მეორეხარისხოვანია, საერთოდ, ამ სურათში ყველას დასამახსოვრებელი სახე აქვს შექმნილი. ჯერ ერთი, სიტყვა მარკშაიდერი ცხოვრებაში დამკვიდრდა და ყველამ გაიგო, რომ ის სამთო ინჟინერს ნიშნავდა. ეს ყველაფერი ცხადია, ფილმის დამსახურებაა, მაგრამ ეს როლი ძია ვანიჩკას რომ არ ეთამაშა, ასეთი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა“ - გვიყვებოდა წლების წინ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი რუსუდან ბოლქვაძე.

მისივე თქმით, ცხოვრებაშიც საინტერესო ადამიანი იყო, საოცრად კეთილი, იცოდა მეგობრის, თბილი სიტყვისა და საკუთარი შრომით მოპოვებული ლუკმის ფასი. დალხენილი და მატერიალურად უზრუნველყოფილი ცხოვრება არასდროს ჰქონია, მიუხედავად ამისა, მზად იყო, ადამიანისთვის უკანასკნელი ლუკმაც გაეყო...

"ვიცოდით, რომ აფთიაქში ვიღაც ნაცნობი ჰყავდა, რომლისგანაც იმ დროისთვის რთულად ხელმისაწვდომ წამლებს იძენდა და თუ გაიგებდა ვინმე ავად იყო, ან გაჭირვებული, წამალი მასთან ყოველგვარი საფასურის გარეშე მიჰქონდა... ადამიანები უყვარდა და ყველას დახმარება იცოდა. როდესაც მიხეილ თუმანიშვილმა კინომსახიობთა თეატრი დააარსა, იმის გამო, რომ კინოსტუდიასთან არსებული თეატრი გახლდათ, იქ კინომსახიობს საშუალება ჰქონდა, სპექტაკლებში ეთამაშა. თუმანიშვილისთვის ძია ვანიჩკა საყვარელი მსახიობი იყო, ყველა სპექტაკლში ჰყავდა დაკავებული. პირველი სპექტაკლი, რომელიც ამ თეატრში დადგა, "ჩვენს პატარა ქალაქში" იყო, ამ წარმოდგენა-შედევრში ბატონ ივანეს პაწაწინა როლი ერგო (თეოდორე მისუსე), სცენაზე ერთადერთი შემოსვლა ჰქონდა, მერე ორ წინადადებას ამბობდა, რასაც უსიტყვო, პატარა სცენა მოსდევდა, შეუდარებლად თამაშობდა“ - იხსენებდა რუსუდან ბოლქვაძე.

კადრი ფილმიდან "ჭა"

ბატონ ივანეს თურმე სპორტი იტაცებდა, იოგით ყოფილა დაკავებული და ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევდა. ასევე საოცარი მონადირეც გახლდათ, შესაბამისი ძაღლებიც ჰყავდა. კინოსტუდიის ეზოში ძაღლებისთვის პატარა თავშესაფარი ჰქონია მოწყობილი.

"რეჟისორ ლილი იოსელიანისგან ვიცი, რომ ომის დროს, როცა გაჭირვება, შიმშილი და უბედურება იყო, ვანიჩკა მას სოფლიდან გამოგზავნილ ნობათს უნაწილებდა. ოღონდ, ჩანთაში იმ ყველაფერს ისე ჩუმად უწყობდა, ქალბატონი ლილი ვერც კი ხვდებოდა" - გვიამბობდა მსახიობი.

"ვანიჩკა ქალბატონი ლილი იოსელიანის ნამოწაფარი იყო და მასთან სახლში ხშირად შევხვედრივარ (მეც ლილი იოსელიანის ნამოწაფარი გახლავართ)... ბატონი ივანე თავიდან მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. ეს ის წლები იყო, როცა ქალბატონი ლილი მოზარდმაყურებელთა თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში გადაიყვანეს (50-იანი წლები იყო), სადაც ცნობილი სპექტაკლები: "აურზაური არაფრის გამო", "რას იტყვის ხალხი" დადგა, სადაც ბატონი ვანოც თამაშობდა. ნათესავები არ ყოფილან, მაგრამ ქალბატონ ლილისა და ვანიჩკას ურთიერთობა ახლო ნათესაურ ურთიერთობას ჰგავდა...

ვიცნობდი ბატონი ვანიჩკას ქალიშვილსაც, მამასთან ერთად, ქალბატონ ლილისთან აქტიურად მეგობრობდა. ნადირობის მოყვარული იყო და მონადირე ძაღლებიც ჰყავდა და მონადირის როლი სცენაზეც აქვს შესრულებული. იყო ასეთი სპექტაკლი "ხეები ზეზეურად კვდებიან" (ვერიკო ანჯაფარიძემ მარჯანიშვილის თეატრში თენგიზ კანდინაშვილთან ერთად დადგა), სადაც ბატონ ვანოს მონადირის როლი ჰქონდა და მასთან ერთად მის ორივე ძაღლსაც იყენებდნენ, ანუ მონადირე თავის ძაღლებით შემოდიოდა. ამ ამბავზე მერე ხუმრობდა ხოლმე: მე გამოსვლაში 5 მანეთს მიხდიან და ძაღლებს - 7-ს, ორივე ერთად, 14-ს იღებს, - ესენი მაცხოვრებენო“ - აღნიშნავს მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი დიმა ხვთისიაშვილი.

- ბატონი ვანო არაერთ ქართულ ფილმშია გადაღებული, მაგრამ მისი შემოქმედების გვირგვინი "ცისფერი მთებია"...

- აბსოლუტურად. ამ კინოში მისი მხატვრული აზროვნება გამოჩნდა, მისი თითოეული ნიუანსი - სერიოზული ნამუშევარია. ეს რასაკვირველია დიდი რეჟისორის ელდარ შენგელაიას დამსახურებაა, ვინაიდან ბატონ ვანოს მუშაობამ მასთან მოუწია და აი, ეს თანხვედრა, - რეჟისორის და როლისთვის ზუსტად შერჩეული მსახიობის, შედგა. ამ გენიალურ რეჟისორთან მუშაობამ მას ეს შედეგი მოუტანა. მარკშაიდერის პერსონაჟით მკაფიო სახე შექმნა და ამისთვის მას სახელმწიფო პრემია გადაეცა...

როცა კინომსახიობი სახელმწიფო პრემიას იღებდა, საშუალება და უფლება ეძლეოდა, ექსპერიმენტის სახით, როგორც რეჟისორს, ერთი ფილმი გადაეღო. ჰოდა, ბატონი ვანოს ცხოვრებაში ასეთ ეპიზოდს შევესწარი, ქალბატონ ლილისთან მოვიდა: - ლილიკო, ასე მითხრეს, ფილმის გადაღება შეგიძლიაო, მე ამ საშუალებას არ გამოვიყენებ და იქნებ შენ სცადო, ხომ გქონდა ამის სურვილი და მცდელობაო. ამას ასეთი ისტორია უძღვოდა, როცა ლილი იოსელიანი ტოლსტოის "ოჯახურ ბედნიერებაზე" სატელევიზიო ფილმს იღებდა, პრაქტიკულად, რამდენიმე სერია გადაღებული ჰქონდა, რომ მთავარი როლის შემსრულებელი გარდაიცვალა და გადაღებები შეწყდა.

კადრები ფილმიდან ''გამოაღეთ ფანჯრები''

კადრი ფილმიდან ''კარიერი''

ქალბატონმა ლილიმ, რა თქმა უნდა, უარი უთხრა, თუმცა ბატონი ივანეს ეს ჟესტი კი ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი იყო...

დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი ივანე საყვარელიძეზე ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება:

"არსებობენ ადამიანები, რომლებიც გგონია, რომ მარადიულად შენ გვერდით იქნებიან, - ასეთი ტიპის პიროვნებას მიეკუთვნებოდა ბატონი ვანიჩკა და მგონი, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის... გასაოცარი სიკეთის ადამიანი იყო... პრინციპული, მტკიცე ნების კაცი, როგორც უნდა გაჭირვებოდა, არ დაიწუწუნებდა... მამაჩემის უახლოესი მეგობარი გახლდათ, ასევე ბატონი რეზო ჩხეიძის... გამორჩეული იყო მისი ერთგულება, როდესაც მამა, სიცოცხლის ბოლო პერიოდში "ლეჩკომბინატში" იწვა, ყოველ ღამე, 12 საათზე, 6 თვის განმავლობაში მოდიოდა და დილის 6 საათამდე პალატაში რჩებოდა... როდესაც უკვე მამა გარდაიცვალა, პანაშვიდზე მოვიდა, მოგვისამძიმრა, თუმცა იმის მერე ჩვენთან არც ერთხელ აღარ მოსულა. მეგობრის დაკარგვით ისეთი ტკივილი განიცადა, რომ ამის გამო, საერთოდ ვეღარ ვნახულობდით. ასეთი ზემგრძნობიარე ადამიანი იყო..."

"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას