ავტორი:

ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?

ქართული ესტრადიდან გაუჩინარებული ია მანიჟაშვილის ამერიკული ცხოვრება - რას საქმიანობს 2000-იანებში ცნობილი ჯგუფის წევრი და და რატომ არის ნაწყენი სამშობლოზე?

წლების წინ ია და ეკა მანიჟაშვილების დუეტი, ჯგუფი "ემი" ძალიან პოპულარული იყო საქართველოში. დები ყოველდღიურად უამრავ კონცერტში მონაწილეობდნენ. მათი სიმღერები მარტივად ჰიტდებოდა. ქართულ შოუბიზნესში არსებული კრიზისის ფონზე ჯგუფი "ემიც“ იშვიათად ჩნდებოდა მედიაში. ეკამ საბანკო სფეროში გააგრძელა საქმიანობა, ია კი თვლის, რომ სამშობლოში საკუთარი თავი ვერ იპოვა.

ია მანიჟაშვილმა საქართველო 2013 წელს, მუსიკოს მეუღლე, დავისთან ერთად დატოვა. როგორ ცხოვრობს შტატებში და აისრულა თუ არა ამერიკული ოცნება, Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა:

- ია, როდის მიიღეთ მეუღლესთან ერთად საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება?

- ეს გადაწყვეტილება 2013 წელს, სპონტანურად მოვიდა იმედგაცრუებულზე, მას შემდეგ რაც ჩემი მეუღლის კიდევ ერთი სამსახური დაიკეტა. იცით, საქართველო იმედების ქვეყანაა, სულ რაღაცას ელოდები, სულ რაღაცის იმედი გაქვს, სულ ცვლილებების მოლოდინში ხარ, მაგრამ როდესაც 35 წლის ხდები და ხვდები რომ შენ შენს ქვეყანაში საუკეთესო განათლება მიიღე, (ფიზიკოსი ვარ პროფესიით, ჩემი მეუღლე მუსიკოსია, კონსერვატორია და ნიჭიერთა ათწლედი აქვს დამთავრებული) ასევე საავიაციო უნივერსიტეტი (აეროპორტში მუშაობდა 10 წელი) ცდილობ შენს ქვეყანას ემსახურო, მუდმივად ცდილობ შენი ქვეყნისთვის რაღაც აკეთო და შედეგს ვერ ხედავ. საკუთარი ნიჭისა და პოტენციალის რეალიზებას ვერ ახდენ, ხვდები, რომ გაცილებით მეტი შეგიძლია. შემდეგ იმედს კარგავ და ცდილობ რაღაც შეცვალო. ეს ცვლილება და მომავლის პერსპექტივა ჩვენ ემიგრაციაში დავინახეთ.

- გზა თბილისიდან-ამერიკამდე, რამდენად რთული იყო, როგორ მოერგეთ ამერიკულ ცხოვრებას?

- ჩემთვის ცხოვრება რისკია, თუ არ გარისკე არც არასოდეს გეცოდინება, გამოგივა თუ არა. ამ ქვეყანამ მასზე ბევრად უკეთ მიგვიღო, ვიდრე ოდესმე, ფანტაზიებში წარმოვიდგენდი. შრომისმოყვარე, კანონმორჩილი, მიზანდასახული, ნიჭიერი და მეოცნებე ხალხის ქვეყანაა. აქ ყველაფერი შესაძლებელია, რასაც მოინდომებ და მიზნად დაისახავ.

- ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მთელი თბილისი შავი ტანსაცმლით დადიოდა, შენ ფერადი სამოსი გეცვა... ახლა ამერიკაში კიდევ უფრო მეტი ფერია შენს ცხოვრებაში...

- გაკვირვებული ვარ, როდესაც ადამიანებს 15-20 წლის წინ რა მეცვა, ის ახსოვთ. ბედნიერი ვარ, თუ ჩემი ჩაცმის სტილი და ფერები ასეთი შთამბეჭდავი იყო. ამ ყველაფერზე ალბათ მაინც ბავშვობა ახდენს გავლენას, დედა გვაცმევდა ძალიან ლამაზად, თავად კერავდა არაჩვეულებრივად და ბევრ საინტერესო ფერად კაბებს და სამოსს ქმნიდა ჩვენთვის. მერე უკვე მე და ეკამ დავიწყეთ ჩვენი დიზაინით ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შეკვეთა და სასცენოდ და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც თითქმის ყველაფერი ჩვენი დიზაინით გვეცვა.

- თქვენც და მეუღლეც საქართველოში მუსიკას ემსახურებოდით, თუმცა მეუღლე პარალელურად მუშაობდა, არ შედგა საქართველოში მისი კარიერა?

- ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია ჩემთვისაც და დავისთვისაც. ამ თემაზე უემოციოდ ვერ ვსაუბრობთ. დავი საკუთარ თავს დაწუნებულ ქართველ მუსიკოსს ეძახის. მონაწილეობდა "ევროვიზიის" ხუთ შესარჩევ კონკურსში, "იქს-ფაქტორში", ფესტივალზე open air და კიდევ სხვა მრავალი, სადაც დავი მონაწილეობდა, ყველგან იწუნებდნენ. სამაგიეროდ ამერიკაში მისთვის ყველა კარი მარტივად გაიხსნა და ჩამოსვლიდან ერთ თვეში კასტინგის შემდეგ ამერიკული როკ ბენდის ENDALL-ის სოლისტი გახდა. წარმოიდგინეთ, ამერიკული მუსიკოსებით დაკომპლექტებული როკ ბენდი და ქართველი სოლისტი. ერთ წელიწადში 200 კონცერტი ჰქონდა ამერიკის სხვადასხვა შტატში. ასევე ჰქონდა კონტრაქტი გრემის და პლატინის დისკის მფლობელ ჯგუფ Crazy Town-თან. კონტრაქტის თანახმად მათ ყველა კონცერტს ამერიკაში დავი ხსნიდა. ასევე ჰქონდა კონცერტები Michael Gaves -თან. ყველა წარმატებული კონცერტის შემდეგ სევდა გვიპყრობდა და ვფიქრობდით, რატომ არ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი საკუთარ ქვეყანაში გვეგრძნო და გადაგვხდენოდა.

ბოლო დროს გავიგე, რომ დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერაა "მე ვოცნებობდი“, რომელსაც ნოდიკო ტატიშვილი ასრულებს. ეს სიმღერა დავის დაწერილია და ის ჩვენს სიყვარულზეა. სწორედ ეს სიმღერა მაჩუქა 2003 წელს და რადიოს ეთერში სიყვარული ამიხსნა.

- როგორია პანდემიური ამერიკა, ყველაზე რთული დღეები რომ გაიხსენოთ ემიგრანტობის...

- პანდემიამ როგორც მთელ მსოფლიოზე, ჩვენზეც მოახდინა გავლენა. ნიუ-იორკი დღეს სულ სხვა განზომილებაა, ცარიელია ცენტრალური ნაწილი მანჰეტენი. ჩემი სამსახურიც ერთ-ერთი სკოლამდელი აღზრდის ცენტრი იყო მანჰეტენზე და დაიკეტა... 80% დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ამიტომ ხალხმა ძვირადღირებული უბნებიდან ქალაქგარეთ ან სხვა შტატებში გადაინაცვლა. აქ ადამიანები საქართველოსგან განსხვავებით პანდემიის დროს არ ფიქრობენ რა ჩაეცვათ ან რა ეჭამათ, ყოფით პრობლემებს სახელმწიფო აგვარებდა და უდიდესი კომპენსაციები ერიცხებოდათ. უხდიდნენ ქირას, ხელფასის 40% + სამსახურის დაკარგვის კომპენსაციას იღებდა ყველა, ვინც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა.

ემიგრანტობის რთული დღეები ალბათ მაინც ნოსტალგიას და ურთიერთობების დეფიციტს უკავშირდება, ყველაზე ძნელია 35 წლის ასაკში ახლიდან უცხო ქვეყანაში მეგობრების და შენი წრის შეძენა. მახსოვს ერთხელ სამსახურიდან საშინლად დაღლილი გამოვედი, საკმაოდ რთული დღე მქონდა, ბოლო საათის განმავლობაში ყველას ქართულად ველაპარაკებოდი, როგორც ჩანს, ტვინი ვეღარ თარგმნიდა. ქუჩაში გამოვედი და ბროდვეიზე ქართული წარწერები დავინახე. სრული შოკი მქონდა. ყველაზე მკაფიოდ მახსოვს შენობა სამსახურის წინ, რომელსაც დანამდვილებით ვიცოდი, Brooks Brothers ეწერა და მე "სუხიშვილებს" ვკითხულობდი. მაშინ მიხვდი, რომ ეს ალბათ ჰალუცინაცია იყო, უდიდესი მონატრების და ნოსტალგიის ფონზე, რაც დღემდე აუხსნელია ჩემთვის.

- როგორია ახლა თქვენი ამერიკულ-პანდემიური ყოველდღიურობა?

- პანდემიის პერიოდში ბევრი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა, ამიტომ დიდი ხნის დაგეგმილი გეგმები განვახორციელეთ. გავაკეთეთ კომპანია DAVI MC PRODUCTION, სადაც აუდიო-ვიდეო პროდუქცია იქმნება. ჩემმა მეუღლემ პირველი ვიდეო სწორედ ჩემზე დატესტა და ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე გადავიღეთ კლიპი. გამოვუშვით ჩემი პირველი სოლო სინგლი "ნახვამდის“, ქართული სახელწოდებით და წარწერით. მეორე პროდუქტი იყო ჯგუფი THE PANDEMIC. რამდენიმე დღის წინ კი სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ დავის და აქ ამერიკაში მოღვაწე მომღერლის ამირან ლომიშვილის ერთობლივი მუსიკალური პროდუქტი ამერიკული ფილმი THE MOB KING -ის საუნდტრეკად დაამტკიცეს.

რაც შეეხება ჩემს საქმიანობას ბოლო ერთი წლის მანძილზე უძრავი ქონების ყიდვა- გაყიდვით დავინტერესდი, ნიუ-იორკის შტატის ლიცენზიაც მოვიპოვე და ამ სფეროში მაქვს დიდი გეგმები.

- როგორ ფიქრობთ, ეს არის ქვეყანა, სადაც სიბერემდე დარჩებით?

- ამაზე პასუხის გაცემა ყველაზე რთულია. დღესაც რომ მკითხოთ, ჩემს ქვეყანაში მერჩივნა ყველაფრის კეთება, მაგრამ ერთადერთი ნათელი წერტილი მუსიკოსებისთვის რაც იყო, მუსიკალური არხი "მაესტრო" დაიხურა. ეს იყო ჩვენი შემოქმედების, ყველა მომღერლის და მუსიკოსის რეალიზების არეალი. იყო ძალიან ჯანსაღი სტიმულის მომცემი კონკურენცია, სიმღერები, კლიპების, ათეულები, კონცერტები, ივსებოდა სპორტის სასახლეები...და მერე უცებ ყველაფერი მოკვდა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და გავაკეთებთ ჩემი ქვეყნის სახელით და სიყვარულით, უამრავ უცხოელს გავაცანით და შევაყვარეთ ჩვენი ქვეყანა. ერთ-ერთ კომპანიაში ვიმუშავე 3 თვე და პირველი ქართველი ვიყავი, წლების შემდეგ მენეჯერი შემხვდა ქუჩაში და მითხრა, დღეს 8 ქართველი მუშაობს ჩვენთან, ისე შეგვაყვარე ქართველებიო. მაგრამ დავბრუნდები თუ არა, ამაზე მიჭირს დღეს პასუხის გაცემა. დღეს იქ ვართ, სადაც უფრო მეტად ვახდენთ საკუთარი თავის რეალიზებას.

- ოჯახის წევრების მონატრებას როგორ უმკლავდებით?

- ოთხი დედმამიშვილი ვართ. თეა, ჩემი პატარა და ამერიკაში გათხოვდა და აქ ზრდის პატარა უილიამს. გიორგი ჩვენი ყველაზე უმცროსი ძმა საქართველში ცხოვრობს და მეამაყება, რომ 29 წლის ასაკში ხუთი შვილის მამაა. ეკას რაც შეეხება, ეკას მონატრებას ვერაფერი აღწერს. ცდილობს ყველა შვებულება ჩემთან გაატაროს, მაგრამ ის 2-3 კვირა არაფერია. ჩვენ ერთი მთლიანი ვიყავით. ეკასთან სიმღერა, ჩახუტება და საუბარია ის, რაც ყველაზე მეტად მაკლია და მენატრება. ჩემი გულწრფელი ოცნებაა საქართველოში დაფასდეს ადამიანების ნიჭი და შრომა. უამრავი ჩვენი მეგობრები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ჩამოდიან ამერიკაში და თავის ნიჭსა და რესურსს უცხო ქვეყანას ახმარს, როცა ჩვენი გვაქვს ასაშენებელი. ამერიკა ცდილობს ყველა აქ ჩამოსული ადამიანის ნიჭი და რესურსი შეისრუტოს და თავისი ქვეყნის განვითარებისთვის და წინსვლისთვის გამოიყენოს, რაც საქართველოში სამწუხაროდ არ ხდება.