ავტორი:

"სკოლის მოსწავლეების 20% აზარტული მოთამაშეა" - რატომ არ იცავს სახელმწიფო მოზარდებს აზარტული თამაშებისგან

"სკოლის მოსწავლეების 20% აზარტული მოთამაშეა" - რატომ არ იცავს სახელმწიფო მოზარდებს აზარტული თამაშებისგან

ლუდომანია ქართველ მოზარდებში დაუძლეველ გამოწვევად რჩება. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მონაცემები ყოველ წელს სულ უფრო საგანგაშოა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უახლესი კვლევით, ქართველი მოსწავლეების 20% აზარტული მოთამაშეა. არასრულწლოვნების ინტერესები გემბლინგის მიმართ მრავალფეროვანია. ისინი თამაშობენ კარტით ან კამათლებით, სათამაშო ავტომატებით, ინტერნეტით დებენ ფსონებს სპორტულ ტოტალიზატორებში და ა.შ. აზარტულ თამაშებში ჩართულნი არიან როგორც ბიჭები, ისე გოგონები. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ამ კვლევამ მხოლოდ 14 წლამდე ასაკის მოსწავლეები მოიცვა, თუმცა ამ საკითხზე ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად მოთამაშე მოზარდების პროცენტული მაჩვენებელი იზრდება.

2019 წლის მარტში "აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით, აზარტულ თამაშებთან შეხება ჰქონდა 14-18 წლამდე გამოკითხული ბიჭების 56 %-ს, ხოლო გოგოების - 44 %-ს.

  • რატომ ერთვებიან ბავშვები აზარტულ თამაშებში?

"კამარას“ ფსიქოლოგი, გეშტალთერაპევტი მაგდა ფერაძე იმ რისკ-ფაქტორებზე საუბრობს, რომლებმაც, შესაძლოა, მოზარდს ლუდომანიისკენ უბიძგოს.

"ყველაფერი მაინც ოჯახიდან მოდის“, - გვეუბნება ფსიქოლოგი და მშობლების პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

მაგდა ფერაძე

"ლუდომანიის ძირითადი მიზეზებია: რეალობიდან გაქცევის სურვილი, რაც არაჯანსაღი გარემოთი არის განპირობებული, სიყვარულის დეფიციტი, მატერიალური პრობლემები, იოლი ფულის შოვნის სურვილი. პუბერტატის ასაკში ხდება პიროვნების ინდივიდუალიზაცია. ამასთან, მოზარდებს ახასიათებთ კომფორმულობა, რაც გარკვეული სახის ჯგუფთან მიკუთვნებულობას გულისხმობს. საერთო ჯამში, ყველაფერი ოჯახიდან და აღზრდის სტილიდან გამომდინარეობს, ასევე გარემოდან.

ნებისმიერ შემთხვევაში მშობლები ვართ პასუხისმგებელი საკუთარი შვილების ქცევაზე. იმაზე, რომ მათ არ გაუჩნდეთ რეალობიდან გაქცევის სურვილი. თუ ოჯახში ძალადობრივი გარმოა ან რომელიმე მშობელია მოთამაშე, ეს მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, ვინაიდან ამ დროს ხდება ქცევის დასწავლა. ამასთანავე, მნიშნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ მოზარდებს მოჭარბებული ენერგია აქვთ და საჭიროა მისი სუბლიმირება მოხდეს სწორი გზით, სწავლაში, სპორტში და ა.შ. " - გვეუბნება მაგდა ფერაძე.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ნომერ პირველი ამოცანა ლუდომანის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემად აღიარებაა და ამის შემდეგ მის დასაძლევად შესაბამისი სისტემური პოლიტიკის შემუშავება.

მაგდა ფერაძის შეფასებით, ლუდომანია, როგორც გლობალური პრობლემა, სახელმწიფოს მხრიდან მეტ ჩართულობას საჭიროებს.

"ამ პრობლემის დაძლევა მხოლოდ აღიარებით და კომპეტენტური ადამიანების დახმარებით ხდება. ადიქციის ამ ფორმას - გემბლინგს ეწოდება ფსიქოლოგიური ნარკოტიკი, ანუ დამოკიდებულების პათოლოგია, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ოფიციალურად იყოს აღიარებული დაავადებად, რათა მოთამაშეებს არ მოიხსენიებდნენ "ლუზერებად“ .

საჭიროა, მოხდეს მათი მკურნალობა და რესოციალიზაცია, დაინერგოს შესაბამისი სერვისები, რითაც ისინი შეძლებენ სარგებლობას. მნიშვნელოვანია, მშობელის იფორმირებულობაც, რათა მან დაიცვას საკუთარი შვილი ამ საფრთხისგან. თუ მშობელს ექნება ახლო ემოციური კავშირი შვილთან, ხშირად ესაუბრება მას, დაინტერესდება მისით, ლუდომანიის რისკები მნიშვნელოვნად შემცირდება. მშობელი მუდმივად უნდა იყოს საქმის კურსში, რა მოსწონს, რა პრობლემები აქვს, ვისთან მეგობრობს მისი შვილი. შვილის და მშობლის ემოციური ბმა არ კომპენსირდება ძვირადღირებული საჩუქრებით. ამასთანავე, კარგია, თუ ბავშვებს სხვადახვა აქტივობებში ჩავრთავთ, განსაკუთრებით სპორტში, რადგან ამ დროს ხდება ენერგიის გახარჯვა. პრევენციისთვის ეს ფაქტორები უმნიშვნელოვანესია“, - ამბობს მაგდა ფერაძე.

  • უკონტროლო ონლაინკაზინოები

"აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელის გუგა ბესელიას შესაფებით, საგანგაშო სტატისტიკის უკან უკონტროლო გარემო დგას. მისი თქმით, საქართველოში გემბლინგი რეგულაციების მიღმა არსებული სივრცეა, რაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთოს მასში.

გუგა ბესელია

"სახმელეთო კაზინოებში ასაკობრივი ზღვარი რეალურად კონტროლდება, რასაც ონლაინსამორინეებზე ვერ ვიტყვით. არ არსებობს არანაირი კონტროლის მექანიზმი, რომელიც შეისწავლიდა რა ხდება ონლაინ-კაზინოებში. არარსებული პირადობის მოწმობითაც კი შეიძლება ექაუნთის შექმნა და თამაში. რამდენი ხანია ვამბობთ, რომ აუცილებელი სამოქალაქო რეესტრი ჩაერთოს თავისი სერვისებით და მან მოახდინოს იდენტიფიცირება, ვინ რეგისტრირდება და თამაშობს.

საჭიროა ასევე, ვიდეოვერიფიკაციიის სერვისის დანერგვაც, იმაში დასარწმუნებლად, რომ პირადობაში არსებული ადამიანი და მოთამაშე ერთი და იგივე პიროვნებაა. ხშირია შემთხვევები, როცა მოზარდები ბებიების, ბაბუების თუ მეზობლების პირადობის მოწმობებით აკეთებენ ანგარიშებს", - ეუბნება ambebi.ge - ს "აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

  • მოძველებული კანონმდებლობა

გემბლინგს საქართველოში "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონი არეგულირებს, რომელიც 2005 წელს არის მიღებული. გუგა ბესელიას თქმით, საკანონმდებლო ბაზა თანამედროვე გამოწვევებს არ პასუხობს, რადგანაც, როცა იგი შეიქმნა, აზარტული ონლაინ-თამაშები თითქმის არ არსებობდა.

"ეს კანონი მხოლოდ სახმელეთო სამორინეებზეა მორგებული, ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკულად უცილებელია. არანაკლები პრობლემაა აღსრულებაც. ონლაინ-კაზინოების, ისევე როგორც სახმელეთო სამორინეების ერთადერთი მარეგულირებელი ფინანსთა სამინისტროა, მაგრამ ესეც ფორმალურ ხასიათს ატარებს. 10 წლზე მეტია, რაც საქართველოში ონლაინკაზინოები არსებობს და ამ ხნის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს არცერთი ჯარიმა არ გამოუწერია. რაც აჩენს ეჭვს, რომ კონტროლი არ არსებობს. დავიჯეროთ ამ ხნის განმავლობაში არცერთ ონლაინკაზინოს არაფერი დაურღვევია?!“ - ამბობს გუგა ბესელია.

  • აგრესიული სარეკლამო კამპანია

სახმელეთო თუ ონლაინკაზინოების შესახებ რეკლამებს ყველგან შეხვდებით. იქნება ეს მაყურელისთვის საყვარელი და რეიტინგული სატელევიზიო გადაცემები თუ შთამბეჭდავი ბილბორდები ქუჩებში. ინტერნეტში კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია თვალი აარიდო სათამაშო ბიზნესის შესახებ რეკლამებს. ხშირია შემთხვევები, როცა გემბლინგს რეკლამას ცნობილი სახეები უკეთებენ, რაც მოზარდებისთვის კიდევ უფრო მაცდუნებელი ხდება. ლუდომანიის პრობლემაზე მომუშავე ყველა პროფესიონალი ერთხმად აღიარებს, რომ აზარტული თამაშის რეკლამირება უნდა აიკრძალოს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი, რომელიც გემბლინგის რეკლამის აკრძალვას ისახავდა მიზნად, პარლამენტმა არაერთხელ ჩააგდო.

"ჯანმომ გასულ საუკუნეში აღიარა ლუდომანია ფსიქიკურ დაავადებად და შესაბამისი კოდიც მიანიჭა. თუ ჩვენც იმავეს არ გავაკეთებთ, ყოველთვის გაჩნდება კონტრარგუმენტი, მაშ, რატომ უნდა ავკრძალოთ ამის რეკლამირება. ამით უნდა დავიწყოთ და ამას მოჰყვეს რეკლამის აკრძალვა, კონტროლის გამკაცრება და ა.შ.“ - ამბობს გუგა ბესელია.

როგორ უნდა დაიცვას სახელმწიფომ მოზარდები ლუდომანიის საფრთხისგან, როგორია პრობლემიდან გამოსავლის გზები - სპეციალისტები სისტემური პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე მიუთითებენ. გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი კვლევა, რომელიც მოზარდებში გემბლინგის პრევენციის საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას ისახავდა მიზნად, ამბობს, რომ აზარტულ თამაშებზე მოთხოვნილების შემცირება შესაძლებელია ცნობიერების ამაღლების, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის ამოქმედების გზით.

გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანმრთელობისა და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ნანა ფრუიძე ambebi.ge ს ეუბნება, რომ აზარტულ თამაშებში ჩაბმისა და პრობლემური გემბლინგის ჩამოყალიბების ალბათობა უფრო მაღალია იმ მოზარდებში, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ცოდნა პრობლემური გემბლინგის შესახებ, იმათთან შედარებით, რომლებიც უკეთ არიან ინფორმირებულნი აზარტული თამაშების საზიანო შედეგებზე.

ნანა ფრუიძე

"დასავლეთის ქვეყნების მაგალითზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გლობალური პრობლემაა. ყველგან, ისევე როგორც საქართველოში, მოზარდებში აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება სულ უფრო იზრდება. ევროპული ქვეყნების მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, იქ ინტენსიურად მიმდინარეობს პირველადი პრევენციული ღონისძიებები. საინფორმაციო აგიტაცია. როგორც მშობელი, ისე მასწავლებელი უხსნის ბავშვებს, რა არის ლუდომანია და რა დამანგრეველი შედეგები მოაქვს მას. ასევე, არაერთ ქვეყანაში ძალიან ეფექტურად აკონტროლებენ ონლაინ -კაზინოებში რეგისტრაციისა და თამაშის წესებს, რათა არასრულწლოვანი ვერ მოხვდეს ამ სივრცეში. ამასთან, დასავლურ ქვეყნებში პოზიტიური მშობლობის კულტურა მაღალია. მშობლები ცდილობენ იმეგობრონ შვილებთან, გაუგონ ყველა სიტუაციაში და ხელი შეუწყონ მათ ჩართვას სხვადასხვა შემეცნებით, კულტურულ საქმიანობაში. პანმდენიამ დამატებითი გამოწვევები ამ მხრივაც გააჩინა. იზოლაციის გამო ბავშვები ძირითადად ინტერნეტთან არიან მიჯაჭვულები, რაც ლუდომანიის რისკებს ზრდის", - ამბობს ნანა ფრუიძე.

  • კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში 2020 წლის ივნისიდან მოქმედებს ცხელი ხაზი მოზარდებისათვის -111, სადაც ახალგაზრდებს, მათ მშობლებს თუ მასწავლებლებს უფასოდ უწევენ პირველად ფსიქოლოგიურ დახმარებას, მათ შორის აზარტულ თამაშებში ჩართვით გამოწვეულ ფსიქოლოგიური საჭიროებების კუთხით.

"გუშინ დმანისში ჩავედი... აი, რა ვნახე" - რას წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში მომხდარი დაპირისპირების შესახებ

"უნდა დაისვას კითხვები: რატომ მოხდა, რატომ დასრულდა ამ შედეგით და როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს შემდგომში" - რას ამბობს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი

პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობა, პრევენცია და მკურნალობა -  აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რეკომენდაციები