ავტორი:

"სასაფლაოზე ბევრჯერ ავსულვარ და მისთვის ჩამირთავს ახალი სიმღერა, მჯერა, რომ უსმენს" - როგორ შეცვალა ოჯახის ცხოვრება გიო ხუციშვილის გარდაცვალებამ და რას იხსენებს მეუღლე 3 წლის შემდეგ

"სასაფლაოზე ბევრჯერ ავსულვარ და მისთვის ჩამირთავს ახალი სიმღერა, მჯერა, რომ უსმენს" - როგორ შეცვალა ოჯახის ცხოვრება გიო ხუციშვილის გარდაცვალებამ და რას იხსენებს მეუღლე 3 წლის შემდეგ

წელს, 23 თებერვალს 59 წლის გახდებოდა, 11 ივნისს კი მისი გარდაცვალებიდან 3 წელი გადის. ადამიანი, რომელიც საქართველოს და გამორჩეულად თბილისს უყვარდა. მისი ხმის ტემბრი, გულიანი ნამღერი, იუმორი და კეთილი საქმეები არ ავიწყდებათ... სამწუხაროდ, გიო ხუციშვილი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე გრანდიოზული კონცერტის გამართვა მაინც შეძლო, რითაც ერთგულ მსმენელს, გულშემატკივრებს თანადგომისთვის და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა. რთულია, მის გარეშე დარჩენილი ოჯახის წევრებისთვის ცხოვრება. უჭირთ, რადგან გიოს დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს არაფერი ანელებს. AMBEBI.GE გიო ხუციშვილის მეუღლეს, მუსიკოს მაია ჯორჯაძეს ესაუბრა.

„ძალიან ძნელია მის გარეშე გავლილი სამი წელი. დრო გადის, მაგრამ უფრო და უფრო მძიმდება მისი არყოფნით გამოწვეული სევდა და ტკივილი... გიოსთან ერთად ჩემი ცხოვრების 29 წელი გავატარე... ასე რომ, უმძიმესი რამ არის იმასთან შეგუება, რომ გვერდით აღარ გვყავს... გიო ჩვენთვის ყველაფერი იყო, ეს მის სიცოცხლეშიც კარგად ვიცოდით, მაგრამ ამაში ახლა მეტად და მეტად ვრწმუნდებით... პირადად ჩემთვის მეგობარიც იყო, მეუღლეც, კედელი, იმედი და იმედი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, ყველასთვის. ვსწავლობ, ვსწავლობ და კიდევ ვერ ვსწავლობ უმაგისოდ ცხოვრებას... იცოდა ხოლმე თქმა, - რომ არ ვიქნები, მერე დამაფასებთ... მისი წასვლით ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ოჯახურ ყოფაში, რადგან ხომ ვამბობ, მასზე ვიყავით მიჯაჭვულები. საკუთარ თავზე იღებდა ყველაფერზე პასუხისმგებლობას. აქ ოჯახურ საქმეებს აღარ ვამბობ... თურმე რამდენი რამ არ ვიცოდი და რამდენ რამეს მარიდებდა... როგორი რთული ყოფილა ეს ყველაფერი. ახლა ვსწავლობ, შეიძლება ითქვას, დამოუკიდებლად ცხოვრებას. ამასობაში ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ შეცდომებზე სწავლობს ადამიანი... ამიტომ, არ ვარგა ასე მინდობილი არავისზე - არც დედაზე, მამაზე, მეუღლეზე არასდროს უნდა იყო,“ - გვიყვება მაია ჯორჯაძე. მისი საუბრიდან ვიგებთ, რომ გიო აქტიურად სხვა ადამიანებზეც ზრუნავდა: „ქუჩაში ვიღაც თუ შეგვხვდებოდა და თავის პრობლემის შესახებ მოუყვებოდა, გიო დახმარებას დაპირდებოდა და სანამ პრობლემას არ მოუგვარებდა, იმაზე ნერვიულობდა. სულ უცხო ადამიანებს, 2-ჯერ რომ ჰყავდა ნანახი, იმათაც გულით ეხმარებოდა, - ასეთი იყო,“ - გვიყვება ქალბატონი მაია.

- მიუხედავად იმისა, რომ გიოს ოფიციალური სამსახური სულ ჰქონდა, ის მომღერალი იყო და ხალხმა მასობრივად სიმღერით გაიცნო... როგორც მუსიკოსმა, ობიექტურად რომ შეაფასოთ გიო, როგორც მომღერალი...

- ჩემთვის ეს ცოტა ძნელია, მაგრამ ვეცდები... პრინციპში, ერთად ვაკეთებდით ყველაფერს... დღე რომ ვუსმენ მის სიმღერებს, გიოს ნამღერ ტექსტებს, ფრაზებს რომ ვუკვირდები, ვხვდები და ვრწმუნდები, რომ ძალიან ცოტა გვყავს ასეთი მომღერალი... იმ დღეს მანქანაში რადიო მქონდა ჩართული და უცებ დაიწყო მისი სიმღერა. სულ სხვა ყურით მოვუსმინე და მართლა სხვებისგან გამორჩეული მომღერალია, თავისებურად მოჰქონდა მსმენელამდე სიმღერა.

- კი და ეს გამოარჩევდა კიდეც სხვებისგან...

- ცოტა ხნის წინ ლილიკო ნემსაძე ყვებოდა: თურმე რაღაც სიმღერას წერდნენ. ბევრი მომღერალი იყო ჩართული. ლილიკოს უნდოდა, გიოს ერთი ფრაზა ჩაეწერა. დაურეკავს მისთვის, - მოვარდა, არც იცოდა, რა სიმღერა იყო, მაგრამ რაც ვუთხარი, ის ფრაზა მაშინვე თავისებურად ჩაწერა, მაგრამ ისე, რომ მერე მთელი სიმღერა გადავაკეთეო...

- ანუ როგორც გაიგო, ისე იმღერა...

- მართლაც ეგ ჰქონდა, როგორც ესმოდა, ისე მღეროდა... ახალი გარდაცვლილი რომ იყო, მის სიმღერებს ვერ ვუსმენდი... ბოლო კონცერტიც არ მინახავს და სურვილიც არ მაქვს, ვნახო, არ შემიძლია. ამას წინათ ერთ-ერთ არხზე ყოფილა, მწერდნენ, მაგრამ ტელევიზორი ვერ გადავრთე იმ არხზე... იმ დღეს ყველამ იმღერა გიოს სიმღერები, მაგრამ ვერავინ, ვერც ერთი სიმღერა ვერ იმღერა მისნაირად...

- ბოლო დღეებში რა განწყობა ჰქონდა... თვითონ მგონი, ოპტიმისტურად იყო, ხომ?

- ოპტიმისტურად კი იყო, მაგრამ ახლა რომ ვაკვირდები და ვხვდები, უფრო ჩვენ გვაწყნარებდა. არადა, ყველაფერი გადასარევად იცოდა, როგორ არ იცოდა... ერთად ვიყავით ექიმთან, რომელმაც პირველად გვითხრა მისი დიაგნოზის შესახებ. გიო იქვე მომიბრუნდა და - შენ არ ინერვიულოო... პირველივე დღიდან იცოდა, მაგრამ ისეთ განწყობას გვიქმნიდა, რომ არ გვტკენოდა, არ განგვეცადა... ბოლოს ძალიან ცუდად იყო 5 დღე, ჩაწვებოდა ისე, რომ საერთოდ არ ჭამდა, ოთახიდან არ გამოდიოდა. მერე გადასხმებს იკეთებდა... იმ კონცერტამდე თავი ასე მიიყვანა და კონცერტიდან ორ კვირაში გარდაიცვალა.

- ... ზუკასთვის როგორია გიოს გარეშე ცხოვრება?

- ზუკამ ძალიან განიცადა, ლოგინიდან ვერ დგებოდა, 6 თვე ამ მდგომარეობაში იყო, საშინელი დეპრესია ჰქონდა. როგორც გავიგე, მამა-შვილს გარდაცვალებამდე ულაპარაკიათ, მაგრამ რაზე, ამის შესახებ ზუკასთვის დღემდე არ მიკითხავს... 10 წლის განმავლობაში, ყოველ 1-ელ იანვარს გიოს კონცერტი ჰქონდა ხოლმე „ოტიუმში“. მისი გარდაცვალების შემდეგ იქიდან რომ დარეკეს, - მოვხსნათ თუ არა კონცერტიო? ზუკამ უთხრა, მე გავაგრძელებ მაგ ტრადიციასო და სხვათა შორის, ზუკას ამ საქმეში აქტიურად ჩართვა, ძალიან დაგვეხმარა... ბენდი შეცვალა, ახალგაზრდა მუსიკოსები აიყვანა და გააგრძელა მამის საქმე. მერე ორივე გადავერთეთ მაგ კუთხით... რამდენჯერ მქონდა ის განცდა, რომ ახლა მივალ, გიოს ახალ სიმღერას მოვასმენინებ-მეთქი. ადრე, ხომ ასე იყო? რომ გავაკეთებდით სტუდიაში მუსიკას, სახლში მიმქონდა და ვასმენინებდი, მერე ერთად ვმუშაობდით მასზე, ბოლოს კი სტუდიაში შედიოდა და ჩაწერდა. მოკლედ, ახლაც ასეა - სასაფლაოზეც ბევრჯერ ავსულვარ და მისთვის ჩამირთავს ახალი სიმღერა, რადგან მჯერა, რომ უსმენს. ხომ ვამბობ, მისი ყურით და თვალით ვუსმენ და ვუყურებ ბევრ რამეს.

- ადამიანებს გიოს სიმღერის გარდა, გიოში მისი იუმორი, სიკეთე მოსწონდათ... თბილისში გამორჩეულად უყვარდათ გიო ხუციშვილი. როგორ გგონიათ, რით დაიმსახურა ასეთი დამოკიდებულება?

- ისეთი გაცილება, როგორიც გიოს ქალაქმა მოუწყო, იშვიათია... ის თავის თავში ბევრ რაღაცას აერთიანებდა... რომ ვფიქრობ, კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ისე იცხოვრა, შეცდომა არ დაუშვია. არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ რაღაც შეშლოდა... ბევრი ნერვიულობა იყო, ბევრი რამ იყო, მაგრამ არავინ გაულანძღავს, გული არავისთვის უტკენინებია...

- მაიკო, სამომავლოდ რას ისურვებდით?

- ორი კვირის წინ კიდევ დიდი დარტყმა მივიღე - გიოს უახლოესი მეგობარი, ირაკლი ჭანტურია იმავე დაავადებით გარდაიცვალა. საოცარი რამ მოხდა. ხომ ვამბობ, ეს ისეთი დარტყმა იყო ჩემთვის, ვერც გადმოგცემთ. გიოს ავადმყოფობის პირველივე დღიდან ირაკლი ჩვენს გვერდით იყო. ერთად ვიბრძოდით. კიდევ ბევრი ადამიანი გვყავდა გვერდით. ყველა ჯანმრთელად მინდა იყოს, მაგრამ ირაკლი მართლა ჩვენი ოჯახის წევრი იყო... ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც ადამიანს სჭირდება. კი, ჯანმრთელობა და მშვიდობა, დანარჩენი ყველაფერი იქნება...

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

"ჩამოსული არიან ფერწერის და სახურავის ექსპერტები, ისინი დაწერენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა" - გელათში უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ

"სამყაროში ყველაზე სასურველი მამაკაცი და ის ჩემია" - ნინი გოგიჩაიშვილი თხოვდება?!