დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ აკონკრეტებს, იყრის თუ არა კენჭს მეორედ თბილისის მერად.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის თქმის დრო ჯერ არ მოსულა, ამიტომ საზოგადოება პარტიის და მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.
"ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, როგორც მოგეხსენებათ, არჩევნები არის შემოდგომაზე, ამიტომ დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო, ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. შესაბამისად, როცა ამის დრო მოვა, გულწრფელად გეუბნებით, პირველები იქნებით, ვინც გაიგებთ პარტიის თავმჯდომარისგან და ჩემგან ამ ინფორმაციას. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს, ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ამ პოლიტიკურ გუნდს და დარწმუნებული ვარ, ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ექნება.
ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო დედაქალაქის მერი, მე კარგად მაქვს გათვითცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ღირსეულად გავართვა თავი. 4 წელი მთავრდება. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როცა ამის დრო მოვა პირველი ვიქნები, ვინც ინფორმაციას მოგაწვდით", - განცხადა კალაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ესწრებოდა გუშინ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას, კალაძემ დღეს მედიის წარმომადგენლებთან მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ ამის ორი მიზეზი ჰქონდა.
"ვემზადებოდი პრეზენტაციისთვის, ასევე, კონტაქტი მქონდა ინფიცირებულთან და ველოდებოდი ტესტის პასუხს",- განაცხადა დედაქალაქის მერმა.