ავტორი:

როგორია ჩცდ-ს "ლევანიკოს" რეალური ცხოვრება და რით ჰგავს საკუთარ გმირს - ბუბა ჭოღოშვილი სერიალზე, სასცენო პარტნიორსა და მაყურებლის მწვავე რეაქციებზე

როგორია ჩცდ-ს "ლევანიკოს" რეალური ცხოვრება და რით ჰგავს საკუთარ გმირს - ბუბა ჭოღოშვილი სერიალზე, სასცენო პარტნიორსა და მაყურებლის მწვავე რეაქციებზე

ის სერიალში გოცირიძეების ოჯახის ძიძის, ირას შვილია, ცოტა დაბნეული და დაულაგებელი ახალგაზრდა კაცის როლი აქვს. სერიალში მეცხრე სეზონიდან მონაწილეობს. გადაღების პროცესში რომ ჩაერთო, ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, ახლა უკვე პროფესიონალი მსახიობია. ამბობს, რომ "ჩცდ" მისთვის ერთგვარი სკოლა აღმოჩნდა, რადგანაც კამერასთან მუშაობა პრაქტიკულად იქ ასწავლეს... შესრულებულმა როლმა კი წარმატება მოუტანა, პოპულარული გახდა. ამ სეზონზე მისი პერსონაჟი, ლევანიკო სერიალში გააქტიურდა და ბოლო სერიაში სკანდალშიც გაეხვა.

AMBEBI.GE ბუბა ჭოღოშვილს ესაუბრა:

- თქვენი გმირი მაყურებლისთვის მგონი, საინტერესო პერსონაჟი ხდება. ბოლო სერიებში მის გარშემო სიტუაცია დაიძაბა... ძნელია ამ როლის გათვისება? ფაქტია, რომ დამაჯერებელია თქვენი თამაში...

- ჰო, არ ისვენებს (იცინის)... როლის შესრულება რაღაც სირთულესთან ყოველთვის არის დაკავშირებული - ყველა ჯერზე ცდილობ, საკუთარი თავიდან გასვლას და რადიკალურად სხვა პიროვნების თამაშს. ამ შემთხვევაში უარყოფითი უფრო მეტია, ვიდრე დადებითი, სცნარიც მის გარშემო ასე ვითარდება. ამიტომ, რაღაც სირთულეები, რა თქმა უნდა, არის.

- გგავთ ცხოვრებაში თქვენი პერსონაჟი?

- როდესაც ამას მეკითხებიან, ასე ვხუმრობ - მხოლოდ გარეგნულად მგავს! თუმცა შეიძლება, რაღაც უმნიშვნელო მსგავება მაინც იყოს ჩვენ შორის, მაგრამ მასში ბევრი უარყოფითია და იმედია, მას არ დავემსგავსები...

- სოციალურ ქსელში ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს გმირს არც ისე სასიამოვნო კომენტარებით ამკობენ... წამიკითხავს მაგალითად, ასეთი შეფასება - ლევანიკო უსაქმური და ალფონსია...

- კი... მე ისეთიც მინახავს, მსახიობს, როლის შემსრულებელს პერსონაჟთან რომ აიგივებენ...

- და რას გრძნობთ მაშინ?

- ალბათ რაღაც მომენტში მაინც სასიამოვნოა, როდესაც ადამიანები ასე ჩართულები არიან და შენს ნამუშვარს რეალურად აღიქვამენ. საკუთარ თავზე ცოტა უხერხულია რაიმე ვთქვა, მაგრამ თუ ასე წერენ ე.ი. რაღაც დონეზე, როლი სწორად შევასრულე და მაყურებლის გულამდე მივედი. მეტად ვაგრძნობინე ეს პიროვნება.

- როდესაც ამა თუ იმ სერიისთვის მუშაობას იწყებთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- ყველაფერი - გარემო, პარტნიორი, სიტუაცია, სცენარი... მინდა, ვთქვა, რომ გადამღებმა ჯგუფმა თავიდანვე ისეთი კომფორტი და თბილი აურა დამახვედრა, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის... "თეატრალურში“ კამერასთან მუშაობას სიტყვიერად გვასწავლიდნენ, რადგან სამწუხაროდ, არ იყო პრაქტიკული მუშაობის საშუალება. ახლა მაგ მხრივ ცოტა წინ წავიდა საქმე გააქტიურდა. ამიტომ "ჩცდ"-ს ჯგუფმა მისვლისთანავე ძალიან მარტივად ამიხსნა ყველაფერი და ხომ ვამბობ, ყველანაირი კომფორტი შემიქმნა. წლებთან ერთად იქ ბევრთან დავმეგობრდი... მეცხრე სეზონიდან სერიალის მსახიობი ვარ, ოღონდ, ჩემი გმირი ამ ხნის მანძილზე ხან სად მიდიოდა, ხან - სად...

- და რა უნდა, როგორ ფიქრობ ლევანიკოს?

- ძალიან დაბნეული, ინფანტილური ადამიანია, არიან ცხოვრებაშიც ასეთები. ბოროტი არ არის, ვინმესთვის ცუდი რომ უნდოდეს. უბრალოდ, რაღაცეებს ეპოტინება... ხომ ვამბობ, არიან ასეთი ტიპები.

- და "ტარაკნის ისტორიაც" ასე შექმნა?..

- ფული არ ჰქონდა, არადა, ქალბატონის დაპატიჟება უნდოდა და ასე მოიქცა. საბოლოოდ, მისმა არც ისე კარგმა ნაბიჯმა ბოლოს გაამართლა...

- უშუალო პარტნიორზე, ეკრანულ დედაზე, ნანუკა ხუსკივაძეზე რას იტყვით?

- დავიწყოთ იმით, რომ დიდი პატივია ნანუკა ხუსკივაძესთან ერთად თამაში. გიზო ჟორდანიას ჯგუფი დავამთავრე, ნანუკა გიზოს ასისტენტი იყო. მსახიობად მათ გამზარდეს და ჩამომაყალიბეს. აქედან გამოდინარე, ჩვენი, როგორც მოწაფე-მასწავლებელის პარტნიორობა პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა. მოკლედ, სერიალში მუშაობა და მის გვერდით საქმიანობა ძალიან გამიმატრივდა, რაც თავიდანვე სასიხარულო იყო.

- რას მოიფიქრებს სცენარის ავტორი - ქეთი დედვარიანი არავინ იცის, მაგრამ ვარაუდი, რომ დავუშვათ - რა შეიძლება მოხდეს ლევანიკოს ცხოვრებაში?

- ქეთის ულევი ფანტაზია აქვს, მართლა რა შეიძლება მოხდეს, არავინ იცის, თუმცა რაღაცები ვიცი, მაგრამ ბევრი არაფერი... ისე ვერსია სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, ამიტომ, ვნახოთ...

- სერიალის გარდა კიდევ სად საქმიანიობთ?

- თეატრებში მიწვევენ და მიწვევით ვთამაშობ. "გრიბოდედოვში“ პანდემიამდე საოცარი რეჟსორი ანდრეი ჟოლდაკი იყო ჩამოსული და დადგა "მეფე ლირი". თუმცა მერე კორონა დაიწყო, სპექტაკლები შეჩერდა... ახლა "თუმანიშვილში" მაქვს რეპეტიციები - რუსიკო ბოლქვაძე "ზაფხულის ღამის სიზმარს“ დგამს...

- მოკლედ, პროფესიამ გაამართლა - სწორედ აირჩიეთ, ხომ?

- ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარს და დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ჩემთვის მთავარია, ვაკეთო საქმე, რაც მსიამოვნებს და მინდა, ვაკეთო...

- ბავშვობაშიც ეს გინდოდათ, გეკეთებინათ?

- მაშინ საერთოდ არ მიფიქრია მსახიობობაზე. არქიტექტორობა მინდოდა და კიდევ რაღაცებზე ვფიქრობდი, მაგრამ ბოლო წელს, როდესაც აბიტურიენტი გავხდი, ერთ დღესაც გავიღვიძე იდეით, მსახიობი უნდა გავხდე-მეთქი და გავხდი. ძალიან გამიმართლა იმაში, რომ გიზო ჟორდანიას მოსწავლე ვიყავი. თუმცა მქონდა პერიოდი, როცა "სამედიცინოზე" სწავლა მომინდა, ამ სფეროში დღემდე მაინტერესებს რაღაცები. თან, ჩემი ოჯახი, დიდი ბაბუიდან დაწყებული, სამედიცინო სფეროში არიან. ბაბუაჩემმა, შოთა მაჭავარიანმა საქართველოში რეანიმაცია დაარსა, მაგრამ ეს ტრადიცია არ გავაგრძელე.

- რას ეტყოდი მაყურებელს, რომელიც გიყურებს და მერე სოციალურ ქსელში კომენტარებს წერს?

- არაფერს, გააგრძელოს ასე, რასაც აკეთებდა, თუ მას ეს სიამოვენებს, წეროს. სერიალი, ეს პროდუქტიც ხომ ამისთვის იქმნება, რომ ხალხი ჩაერთოს და ყველამ თავის ემოცია გადმოსცეს. ასე რომ, უყურონ სერიალს და ვისაც რა უნდა, ის წეროს...