ავტორი:

"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

"ზურასა და ჩემს ნიჭს მარინა ბერიძე ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე  ზურა გავაბედნიერე" - რას ჰყვება მუსიკოსი რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

ია ფარულავას სტუმრად მარინა ბერიძის ყოფილი ქმრის, ზურა ლალიაშვილის მეუღლე ჰყავდა. რუსუდან მუმლაძემ გულახდილად ისაუბრა მისი და ზურას რომანის, ასევე მარინა ბერიძესთან ურთიერთობის შესახებ.

"ჩვენი ურთიერთობა არ დაწყებულა რომანით, ჩვენი ურთიერთობა დაიწყო მუსიკით. საქმიან ვითარებაში გავიცანით ერთმანეთი - სადაც ვმღეროდი, იქ მოვიდა ზურა და მისი მეგობრები. მერიდება ჩემს თავზე საუბარი, მაგრამ ეტყობა მოეწონათ ჩემი ნამღერი. ნუ ატყდა ერთი ამბავი, კარგად მღერიო, მუსიკალური განათლება, არაფერი არ გაკლიაო და მოდი ვცადოთო, გავაკეთოთო პროგრამა, ზურამ შემომთავაზა.

რაღაც პერიოდის შემდეგ, მამაკაცურ, მოკრძალებულ ინიციატივას იჩენდა, მაგრამ მე მქონდა ჩემი მიზანი, მაშინ არც პირად გეგმებს ვგეგმავდი, იმიტომ რომ შვილი მყავდა გასაზრდელი და ამაზე ვიყავი თავიდან ბოლომდე გადართული. მოკლედ, შემოქმედებაში გავიშალეთ. მუსიკას ძალიან დიდი ძალა აქვს. მე არც ვიცოდი ვის სახლში დავდიოდი, მე მივდიოდი ზურა ლალიაშვილის სტუდიაში. იმ პერიოდში არასდროს შემხვედრია მარინა ბერიძე", - ამბობს რუსუდან მუმლაძე.

კითხვაზე - თვლი თუ არა, რომ აღმოჩნდი მარინა ბერიძისა და ზურა ლალიაშვილის ოჯახის დანგრევის მიზეზი, ასე პასუხობს:

"ვფიქრობ, რომ ურთიერთობაში მთავარი წლები არ არის, ურთიერთობაში მთავარი არის ხარისხი. ალბათ, გაჩნდა იქ სიცარიელე, დარწმუნებული ვარ, ჩემამდეც. როდესაც სიცარიელე არ არის, გამორიცხულია ის ადგილი სხვამ დაიკავოს. ჩვენ (გულისხმობს მარინა ბერიძეს) შევხვდით ერთმანეთს, ამ თემაზე, და გულწრფელად უნდა ვთქვა, მე დავინახე უფრო მეტად რეპუტაციის შელახვის შიში, ვიდრე საყვარელი ადამიანის დაკარგვის", - ამბობს რუსუდან მუმლაძე.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ Ambebi.ge ქალბატონ რუსუდან მუმლაძეს დაუკავშირდა. გვითხრა, რომ მეორე დღეა მის ტელეფონზე ზარები არ გაჩერებულა. მიუხედავად გადაცემის სკანდალურობისა, დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები, რომელიც ჩვენ დავუსვით...

- ოჯახის დანგრევის შემდეგ ქალბატონი მარინა ამბობდა, "არის ოჯახები, რომელსაც ხელი არ უნდა მოკიდო, ეს დამემართა ქალს, რომელიც თავისი ოჯახით ამაყობდა, ერთ-ერთი საუკეთესო ოჯახი მქონდა..." და თქვენ ამ ოჯახს ხელი მოკიდეთ?

- ურთიერთობაში მთავარი მარტო წლები არ არის, მთავარი ხარისხია, მარადიულ სიყვარულს კი სულ საზრდოობა სჭირდება. ზურა ლალიაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ძალიან დიდი მოთმინების უნარი გააჩნია. დახვეწილი და ინტელიგენტი ადამიანია. ის არ გამოვა და ზედმეტ ლაპარაკს არ დაიწყებს - რა იყო, როგორ იყო და რატომ მოხდა ეს ამბავი, არც უნდა დაიწყოს. ერთ-ერთ ინტერვიუში ამოვიკითხე, ამბობდა, ზურა ჩემს ჩრდილქვეშ მოექცაო. მარინა ბერიძე ვერც ზურას და ვერც ჩემ ნიჭს ჩრდილს ვერ მიაყენებს, რადგან ყველაფერი კარგად ჩანს და ხალხი არჩევს შავსა და თეთრს. მეღიმება ხოლმე ამაზე, როდესაც ვკითხულობ მის ინტერვიუს, რომ თურმე ზურა ლალიაშვილს დისკომფორტს წარმატებული ქალი უქმნის. ჩემზე კარიერისტი არავინ მეგულება (იღიმის), რადგან ბავშვობიდან შემოქმედებით ვცხოვრობ, თუმცა ზურას ამ კუთხით პრობლემა არასოდეს შეუქმნია. ჩვენ არ ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო ნიჭიერია, პირიქით, ამას ერთმანეთის სასარგებლოდ ვიყენებთ. რაც შეეხება ყურადღებას, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და შეიძლება მთელი დღე გასული ვიყო, მაგრამ მე და ზურას შორის შინაგანი ძაფი არ წყდება. ალბათ ეს არის ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო.

- ერთ წინადადებასაც წაგიკითხავთ თქვენზე, ქალბატონი მარინას ინტერვიუდან - "მას ეგონა რომ ვბლოკავდი, მისმა პარტიამ გაიმარჯვა ოცნების მხარდამჭერია.." - და მართლაც, სად ხართ ახლა?

- უხერხულია პარტიებით საუბარი, რას ნიშნავს მისმა პარტიამ, პარლამენტარი ვარ თუ მინისტრი? მაშინ "ნაციონალები" მისი პარტიაა, მაგრამ მე ეს არასოდეს მიხსენებია, რადგან ადამიანებს პარტიების მიხედვით არ ვყოფ. უბრალოდ, გულზე მოხვდა რომ "ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა და ეს სიტყვებიც ამან ათქმევინა.

- თქვენ კი განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით საუბრობთ მეუღლეზე, როგორც ჩანს, ბატონი ზურა კარგი ქმარია...

- რამდენი ინტერვიუც წავიკითხე, ქალბატონი მარინა ზურას სახელს არ ახსენებს. მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, რომ „ვიღაც კაცზეა“ საუბარი. ამ დროს ზურას დიდი ხანია ყველა იცნობს როგორც პიროვნებასა და ხელოვანს. ის ზოდიაქოთი კუროა, მიუხედავად მისი ხასიათის დადებითი შტრიხებისა, მის ღირსებას არ უნდა შეეხო, რადგან ამ დროს უკომპრომისო ხდება და უკან აღარ იხევს. გადაწყვეტილებებს რთულად იღებს, მაგრამ თუ რაიმე გადაწყვიტა, ეს იქნება დიდი ფიქრისა და განსჯის შედეგი. და ვერც ვერაფერს დააძალებ, ჯიუტი კუროა, თუ არ უნდა, არ გააკეთებს. გამორიცხულია, მას ვინმემ რამე დააძალოს, თუნდაც ეს მე ვიყო.

- ხელოვნებას ემსახურებით სამივე, თქვენ, ქალბატონი მარინა და ბატონი ზურა, საერთო მეგობრებს არჩევანის გაკეთება ხომ არ მოუწიათ?

- კარგი კითხვაა, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ამ დროს ბევრი ადამიანი ამჟღავნებს სახეს. იყვნენ ისეთებიც და ასეთებიც. ძალიან ბევრი პოზიტივი მიგრძვნია იმ ადამიანებისგან, ვინც შეიძლება მარინასთანაც მეგობრობდნენ. არავინ არ გვავიწყდება მე და ზურას, ის ადამიანებიც კარგად გვახსოვს ვისაც შეეშალა, რაც წესით, არ უნდა შეშლოდათ. მაგრამ რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. თუმცა მაინც იყვნენ ადამიანები, რომლებიც მარინაზე ადრე ზურას იცნობდნენ და ზურათი ამაყობდნენ, თუმცა მერე სიტუაციებს მოერგნენ... სხვათა შორის, გუშინდელი გადაცემის შემდეგაც შევნიშნე ერთი-ორი ადამიანისგან მსგავსი საქციელი, გამიკვირდა და მათ მაგიერ მეუხერხულა.

მე ზურას პიროვნებას და ნიჭიერებას უდიდეს პატივს ვცემ, პირიქით, ყველა ინტერვიუში მინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ვისაუბრო მასზე. ზურას შემოქმედებითი საღამო, რომელსაც ის ნამდვილად იმსახურებდა, არ იქნებოდა ურიგო, რომ ჩემამდეც გაკეთებულიყო, თუმცა მე მოვკიდე ხელი და გავაკეთე. რა უნდა ადამიანს? - როდესაც გრძნობს, რომ დაფასებულია, მითუმეტეს, როდესაც ყველანაირად იმსახურებს. მეღიმება, ზურა ვერავის ჩრდილქვეშ ვერ მოექცევა, რადგან უკიდეგანოდ ნიჭიერი მუსიკოსია.

- როდესაც ოჯახი შექმენით, ამბობდნენ, რომ ზურას შვილმა მამასთან ურთიერთობა შეწყვიტა...

- ეს არის ტყუილი, ზურას გადასარევი შვილი ჰყავს და ძალიან უყვარს. კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. მათი ურთიერთობისთვის ხელი ამ ამბავს არ შეუშლია. ოთხი შვილიშვილი ჰყავს და გიჟდებიან ბაბუაზე. მე კი ეს უზომოდ მახარებს და ჩემი მხრიდან მაქსიმალურად ვცდილობ, ხელი შევუწყო ამ ურთიერთობებს. იმედი მაქვს, დრო ყველაფერს დაალაგებს, ჩემგან დადებითისა და პოზიტივის გარდა მათთან არაფერი მივა.

- არასოდეს გინანიათ ამ ნაბიჯის გადადგმა?

- არა, მე ვარ ადამიანი, რომელიც ძალიან ძნელად იღლება. შინაგანად ძლიერი ვარ და მტერი ვერაფერს დამაკლებს. ვფიქრობ, რომ ზურა გავაბერდნიერე და არ გამიუბედურებია. როგორც კი პანდემია დასრულდება, მინდა, რომ ზურას შემოქმედებითი საღამო კიდევ ერთხელ გავაკეთო, უფრო დიდი მასშტაბით. ასევე პასუხს გავცემ კითხვაზე, რატომ არ ვჩანვარ ხშირად, ეს უნდა ვკითხოთ ტელევიზიებს, რადგან მე მოქმედი მუსიკოსი ვარ, რომელსაც ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია მიუჯდეს როიალს და ცოცხლად იმღეროს და შედეგი დადოს. სადაც კი გამოვსულვარ, მსმენელისგან კეთილგანწყობისა და აპლოდისმენტების გარდა არაფერი მიმიღია. ჩემთვის ისეთი პროფესიონალი მუსიკოსების, როგორებიც არიან ვაჟა აზარაშვილი, რომა რცხილაძე და სხვების შეფასებები და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რომელსაც ყოველთვის ვგრძნობ და ეს ძალიან მახარებს...