ავტორი:

"დიდი დაძაბულობაა "ოცნებაში", ბევრ ჯგუფად დაიყო და გადარჩენისთვის მიდის ბრძოლა..." - რას ფიქრობს ხათუნა ხოფერია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ვის გუნდს უერთდება?

"დიდი დაძაბულობაა "ოცნებაში", ბევრ ჯგუფად დაიყო და გადარჩენისთვის მიდის ბრძოლა..." - რას ფიქრობს ხათუნა ხოფერია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ვის გუნდს უერთდება?

პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს. ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მას და ქართველ ხალხს იმედები გაუცრუა. მმართველ გუნდს ბევრ რამეში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ მალე ისინი ხელისუფლებიდან წავლენ. როგორც თავად ამბობს, უკვე გამოჩნდა მისთვის მისაღები ძალა, რომელთანაც ის თანამშრომლობას აპირებს.

ხათუნა ხოფერია:

- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ერთადერთი შემიძლია ვთქვა - ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. რაიონიდან ჩამოსულმა მეგობარმა მითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, მგონია, ბავშვთა სახლში ვარ და იმიტომ, რომ პატრონი არ მყავს, ცუდად მექცევიანო. ასეთი განცდაა დღეს ჩვეულებრივ ადამიანებში. პოლიტიკური სივრცე ქაოსმა მოიცვა, ეს ეხება ოპოზიციასაც და მმართველ პოლიტიკურ ძალასაც. ამაში დამნაშავე კი მმართველი პოლიტიკური ძალაა. ხელისუფლების მხრიდან როგორც კი ხდება მართვის სადავეების მიშვება, როდესაც თავს იჩენს არაკომპეტენცია და ხელისუფლება მყარად დგება ოპორტუნიზმის გზაზე, ამას მოყვება არაადეკვატური ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან, უკანონოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა და უამრავი ასეთი რამ. პრაქტიკულად, სახელისუფლებო მმართველი პოლიტიკური ძალის დაშლა ხდება, პარალელურად, იშლება ოპოზიციის ძირითადი ბირთვი, რასაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია. ამაში დამნაშავე, პირველ რიგში, ხელისუფლებაა, რომელმაც ვერ შეძლო პროცესების სწორი ანალიზის გაკეთება, მართვა და საერთაშორისო ურთიერთობების დალაგება, რომელიც საჭიროა, ზოგადად, საერთაშორისო, საგარეო ოჯახში ადგილის დასამკვიდრებლად. დავკარგეთ ბუნებრივი მოცემულობა და ადგილი კავკასიაში.

"ქართულ ოცნებაში" რაც ხდება, იმას ჩვენ ძალიან მსუბუქ ფორმაში ვხედავთ, მაგრამ, რეალურად, ძალიან დაძაბულობაა პარტიაში, ბევრ ჯგუფად დაიყო და გადარჩენისთვის მიდის ბრძოლა. გავრცელებულია ფრაზა, ბიძინა ივანიშვილი წავიდა და დატოვა კობახიძე. კობახიძემ დაიტოვა ხელისუფლება ივანიშვილის წასვლის შემდეგ და სცადა, გაეტარებინა თავისი პოლიტიკა ბოლომდე, რაც შარლ მიშელის სამარცხვინო დოკუმენტით დამთავრდა, რასაც შეიძლება დავარქვათ სუვერენიტეტის დაკარგვის დოკუმენტი. კობახიძე-მდინარაძის გუნდის ასოციალურობის გამო მოხდა ეს, ისინი ხალხთან ვერ კონტაქტობენ, გუნდი შიგნით ძალიან სერიოზულად ჩამოიშალა. არაფერს ვამბობ გიორგი გახარიაზე, რომელსაც არჩევანიც კი არ დაუტოვეს, იძულებული გახდა, წასულიყო. თუ დაიჭერდა მელიას, მაინც მოუწევდა წასვლა, საერთაშორისო, ასევე - "ენჯეოების" და თავად "ოცნების" ლიდერების მხრიდან ზეწოლა იქნებოდა, უბრალოდ, გახარიამ გადაწყვიტა, არ დაეჭირა ნიკა მელია, არ გადაედგა ეს იდიოტური ნაბიჯი და უფრო სუფთად წასულიყო. არ ვიცი, რამდენად უნიჭო და არაადამიანი უნდა იყო, კახი კახიშვილი, ამხელა გამოცდილების მქონე, ასეთი კარგი ადამიანი ისე გაამწარო, რომ თქვას, მე შეიძლება ფრაქცია დავტოვო იმის გამო, რომ არავინ არაფერს მეკითხება და მე ვერ შევასრულებ სხვის მიღებულ გადაწყვეტილებებსო. ახლა ყრილობა არის მოახლოებული და კობახიძეს უნდა შეინარჩუნოს პოლიტსაბჭო, თანამდებობა და ამ ლეგიტიმაციის შემდეგ, ალბათ, ექნება პრეტენზია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს და "ნაციონალებთან" ერთად მინისტრთა კაბინეტი აირჩიოს, ანუ მთლიანად გადავიდნენ ვია კოალიციურ მმართველობაში. ნელ-ნელა მივდივართ კოალიციური მმართველობისკენ მაშინ, როცა გამარჯვებული პოლიტიკური ძალა იყო, შევიდა უმრავლესობით პარლამენტში და ვერ ახერხებს, თავისი პოლიტიკა გაატაროს ქვეყანაში, აიღოს ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რაც ქვეყანაში მოხდება მისი მმართველობის დროს. უცებ გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას ათქმევინა უარი ოპოზიციამ, რომელმაც წააგო არჩევნები და რომელიც საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი. სისხლის სამართლის დამნაშავეა "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აკეთებენ კოალიციურ მთავრობას.

ვფიქრობ, კახა კალაძეც ელოდება იმ მომენტს, როდესაც მოხდება პარტიაში ძალების გადანაწილება, შეძლოს ეს ძალები თავისკენ მოიზიდოს. თავისი ხალხი მას პარლამენტშიც ჰყავს, მხარდამჭერებიც ჰყავს, დედაქალაქის ადმინისტრაციის რესურსიც მისია და კალაძე არ არის მსუბუქი პოლიტიკური ძალა, ალბათ, ის ეცდება, გადმოქაჩოს თავისკენ სახელისუფლებო პოლიტიკური ბერკეტები. ანალოგიურად იმოძრავებს, ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც, ასევე, ექნება მცდელობა, თანამოაზრეები შეკრიბოს. თუმცა არ ვიცი, პოლიტსაბჭოში რამდენად აქვს გავლენა მას. გული მწყდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი მსხვერპლია იმ არასწორი პოლიტიკის, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლები მყარდებოდა. ირაკლის ამის დეკლარირება არ გაუკეთებია, მაგრამ მან გააჟღერა ეროვნული კონცეფციის იდეა და ვთვლი, რომ ირაკლი არის პატრიოტი, კონსერვატორი და მისი ცხოვრების წესიც ასეთივეა, შესაბამისად, ვერანაირად ვერ მოძოვს მდინარაძე-კობახიძესთან ერთად, რომლებმაც ქვეყანა, პოლიტიკა, ქართველი ხალხი შესწირეს ფსევდოლიბერალების ბატონობას და სუვერენიტეტი გადააბარეს ევროპულ ჯგუფს, რომელიც ანალოგიურს აკეთებს თავის ქვეყანაში.

- გიორგი გახარიას გამოჩენა რას შეცვლის ამ ვითარებაში?

- იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც კეთდება, ვინ მიდის მასთან და რა პოზიციები უკავია, ვფიქრობ, გახარია არ იქნება ისეთი მძიმე ფსევდოლიბერალი, როგორიც კობახიძის ჯგუფია, მაგრამ ის მაინც ეცდება, ეს ნიშა დაიკავოს. სრულიად განსხვავებულია ლევან ვასაძის ჯგუფი. ვნახეთ, ძალიან შეცვლილი იყო ამ დღეებში ლევან ვასაძის ტონი იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. მაშინ, როცა მას ეკავა სამოქალაქო აქტივისტის, პატრიოტის პოზიცია, მასში იყო უფრო აგრესიული ტონალობა, მაგრამ როგორც კი გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლაზე, შეიცვალა და გარკვეული პასუხიმგებლობა იგრძნო. შენ თუ მოდიხარ პოლიტიკაში, სხვა თამაშით უნდა ითამაშო და აპირებს ქვეყანაში ამ კონსერვატორული ღირებულებების, ტრადიციების, ჩვენი რწმენის, ოჯახის წევრების დაცვას კანონიერი გზით, საკონსტიტუციო ცვლილების გზით, თუნდაც ლგბტ-ს საზოგადოებაში თავისი ადგილი კანონის გზით მიუჩინოს. ძალიან მომეწონა მისი მსჯელობა, დიდი სიმპათიებით ვარ და ვფიქრობ, ლევან ვასაძეს შევუერთდები.

"ძალიან მომეწონა მისი მსჯელობა, დიდი სიმპათიებით ვარ და ვფიქრობ, ლევან ვასაძეს შევუერთდები"

- უკვე გქონდათ მასთან მოლაპარაკებები?

- მას რამდენიმეჯერ შევხვდი. თუ ადამიანი აპირებ, ვიღაცას მხარი დაუჭირო პოლიტიკურად, როცა პოლიტიკური ველი ასეთია, სრული ქაოსია და მართლა ქარიშხალს მიაქვს, ათასი სიბინძურე ტრიალებს, გარკვეული პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ადამიანის თვისებები უნდა იცოდე და უნდა იცოდე, რამდენად შეძლებ მასთან ყოფნას. მე ზურა ჟვანიას გუნდში ვიყავი და მისი თვისებებიდან გამომდინარე, კარგი, მეგობრული ურთიერთობები მქონდა. ხალასი ხასიათი არ გატყუებს, ეს ვიცი.

იმდენად კმაყოფილი წამოვედი ლევან ვასაძის შეხვედრებიდან, მინდა დაველოდო, ახლა რა იქნება "ქართული ოცნების" ყრილობაზე, ან შეიძლება მანამდეც მივიღო გადაწყვეტილებები და მის გვერდით დავდგე, ფაქტობრივად, ერთ ენაზე ვსაუბრობთ. წაიკითხეთ სრულად

"შიგნიდან ვიცით ინფორმაციები, რომ მელიასაც და სხვებსაც ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ სცხვენიათ" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად გავიმარჯვებთ" - ირაკლი ღარიბაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე

"გახარიამ მოიტყუა, ეს ძალიან მძიმე ტყული იყო... მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს" - ირაკლი კობახიძე