ავტორი:

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი "ლაშა სვანი", რომელიც უკრაინაში დააკავეს - დანაშაულები საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და იტალიაში

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი "ლაშა სვანი", რომელიც უკრაინაში დააკავეს - დანაშაულები საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და იტალიაში

უკრაინის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ინფორმაციით, დააკავეს 2 ცნობილი "კანონიერი ქურდი", მათგან ერთი - მეტსახელად: "უმკა" აიყვანეს დნეპრის აეროპორტში, ხოლო მეორე "ლაშა სვანი" - სასტუმროში. "ვაგრძელებთ ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ - პოლიციამ დააკავა 2 ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდი". ქვეყნის კანონმდებლობა, პოლიტიკური ნება და ოპერატიული თანამშრომლების პროფესიონალიზმი ნელ-ნელა აღმოფხვრის ჩვენში ამ სამარცხვინო გამოვლინებას", - განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა.

ერთ-ერთი დაკავებული "ლაშა სვანი" ქართველი კრიმინალური ავტორიტეტია, მისი ნამდვილი გვარ-სახელია ლაშა ჯაჭვლიანი. უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, ლაშა ჯაჭვლიანი უკრაინის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი გახლდათ. მან "კანონიერი ქურდის" ტიტული ჯერ კიდევ 1995 წელს, 21 წლის ასაკში მიიღო. ბოლო წლებში კი უკრაინის ერთდროულად რამდენიმე ოლქში აკონტროლებდა კრიმინალურ ქსელს, მათ შორის დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, მიკოლაივში, ზაპოროჟიასა და დასავლეთის რეგიონის ნაწილში.

ლაშა ჯაჭვლიანის აყვანის სპეცოპერაცია უკრაინის ერთ-ერთ სასტუმროში ჩატარდა.

ჯაჭვლიანი უკრაინაში აქამდეც არაერთხელ იყო დაკავებული. მანამდე მან სასჯელი ქართულ ციხეშიც მოიხადა. ბოლოს ჯაჭვლიანი კიევში 2019 წელს დააპატიმრეს. ის დიდი ხნის განმავლობაში საემიგრაციო იზოლატორში იმყოფებოდა, იმჟამად დაკავება კიევის ცენტრში მდებარე რესტორანში მოხდა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრა მიმდინარეობდა. რესტორანში შეკრებას, სადაც გავლენის სფეროებს ინაწილებდნენ, სწორედ ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა.

მას სხვადასხვა დროს ამ ქვეყნებში ჩადენილი დანაშაულების გამო ეძებდნენ როგორც იტალიელი, ასევე რუსი სამართალდამცავებიც.

ინტერპოლით ძებნილი ქართველი "კანონიერი ქურდი" უკრაინელი სამართალდამცავების მიერ 2015 წელსაც იყო დაკავებული, მაგრამ მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და მიზეზად არასაკმარისი სამხილები დაასახელა.

ამას პროტესტი მოყვა იტალიელი სამართალდამცავების მხრიდან და უკრაინაშიც დიდი სკანდალი აგორდა. იმჟამად იტალიელი სამართალდამცავები ლაშა ჯაჭვლიანს ედავებოდნენ იტალიაში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის, ადამიანების გატაცების, ფულის გათეთრებისა და დოკუმენტების გაყალბების გამო… მას უკრაინაშიც ჰქონდა რამდენიმე კრიმინალურ ეპიზოდში მონაწილეობა მიღებული.

2019 წელს დაკავებული ჯაჭვლიანი 2020 წელს საემეგრაციო იზოლატორიდან გაათავისუფლეს, თუმცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ის იმავე დღეს კვლავ დააპატიმრა, თუმცა მან კანონისგან თავის დაღწევა მაინც შეძლო. რამდენად მოახერხებს ახლა კრიმინალური ავტორიტეტი უკრაინული კანონმდებლობისგან თავის დახსნას, მალე გაირკვევა.

ჯაჭვლიანი 1973 წლის 16 აპრილს ოჩამჩირეში დაიბადა, მას ქურდულ სამაყაროში "ლაშა ოჩამჩირსკის" სახელითაც იცნობენ.

შეგახსენებთ, გასული წლის ივნისიდან უკრაინაში ძალაში შევიდა კანონმდებლობა, რომლითაც კრიმინალური გავლენისა და სტატუსის მქონე პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

"გუმათში შეკრებილები პოლიციის ჯებირებს ქვებს ურტყამდნენ... დაწყებულია გამოძიება" - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

სქესობრივი დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ - გორის რაიონში ერთი პირია დაკავებული

"საუბრები, რომ "კლანი" არსებობს, დემაგოგიაა -  შეგიძლიათ, ჩემი კავშირები გამოიკვლიოთ" - რას ამბობს იუსტიციის საბჭოს ახლად არჩეული წევრი?