ავტორი:

"ჩემმა მეგობარმა ზურას დაურეკა, - სიყვარულის თაობაზე რომ გაწუხებდით, მე ის ვარო" - ზურაბ ჟვანიას რძლის სიყვარულის, წარმატების და დიდი ტკივილის ისტორია

"ჩემმა მეგობარმა ზურას დაურეკა, - სიყვარულის თაობაზე რომ გაწუხებდით, მე ის ვარო" - ზურაბ ჟვანიას რძლის სიყვარულის, წარმატების და დიდი ტკივილის ისტორია

ეს ადამიანი წარმატებული ქალის მშვენიერი ნიმუშია. მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა და იმედგაცრუებისა, ფარ-ხმალს არასდროს ყრის. გული წყდება, რომ ამ ეტაპზე სამშობლოსთვის არ უწევს იმ რესურსისა და გამოცდილების დახარჯვა, რომელიც პერიოდულად უცხოეთში დაუგროვდა. მისთვის პრიორიტეტულია გარემოს დაცვა და ოცნებად აქვს, ოდესმე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც იმუშაოს. "ტიპიური გურული“ ნინო შარაშიძე ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გარემოსა და ჯანმრთელობის ევროპული ცენტრის ტექნიკური ოფიცერია და გერმანიის ქალაქ ბონში ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ გაეროში მუშაობა პრესტიჟული და ბევრისთვის საოცნებოა, ნოსტალგიით გამოწვეულ ემოციებს ვერაფერს უხერხებს:

"ვერ წარმომიდგენია უფრო დიდი პროფესიული ბედნიერება, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში რაიმე სასარგებლოს გაკეთებაა. საქართველოში ცხოვრება ჩემთვის ბედნიერება, აქ ცხოვრება კი სავალდებულო სამსახურივითაა. ჩემი სუნთქვა და არსებობა საქართველოა და ამას ფიზიკურად ვგრძნობ. მენატრება, მეტირება, ჟრუანტელი მივლის, სულ მეფიქრება, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ ის საქართველო გვქონდეს, როგორიც ყველას გვინდა, ისეთი იყოს, რომ არც მე და არც სხვას დიდი ხნით არ დასჭირდეს უცხოეთში ყოფნა“.

ambebi.ge-სთვის გერმანიიდან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ყოფილი მოადგილე და პოლიტიკოს - გოგლა ჟვანიას მეუღლე ნინო შარაშიძე გვესაუბრება.

  • ბავშვობა საყვარელ ქუჩაზე

1971 წელს მოვევლინე ქვეყანას, სადაც ორი წლით უფროსი ძმა დამხვდა… კახას წყალობით ბიჭების გარემოცვაში ვიზრდებოდი, სულ მათ ვბაძავდი და მათნაირი მინდოდა ვყოფილიყავი. მანქანებზე და განსაკუთრებით ფეხბურთის თამაშზე ვგიჟდებოდი და თუ ვინმე გაბედავდა და მეტყოდა, - გოგო ხარ და ფეხბურთს არ გათამაშებთო, - ვეუბნებოდი, მოდი, ვიჭიდაოთ და ვინც მოერევა, იმან ითამაშოს - მეთქი. ჩემხელებს თითქმის ყველას ვერეოდი. იმჟამად საბურთალოზე ვცხოვრობდი, ერთ პატარა საყვარელ ქუჩაზე (ამ ქუჩაზე 20 წლის ასაკში ისევ დავბრუნდით საცხოვრებლად და დღემდე იქ ვცხოვრობთ). ველოსიპედით სიარული მიყვარდა, უზარმაზარი ველოსიპედი მყავდა "უკრაინა“, პედლებს ძლივს ვწვდებოდი, მაგრამ ხელებგაშვებული ვატარებდი. კარგად ვცურავდი, ზაფხულობით ზღვაზე, რომ მივდიოდით, ძალიან ღრმად გავდიოდი, იქაც ბიჭებს ვეჯიბრებოდი, ზამთარში - თხილამურებით სრიალშიც, თუმცა ამაში სხვა გოგო- ბიჭები მჯობნიდნენ. 9 წლის ვიყავი, როცა ჩემი მშობლები დაშორდნენ და საბურთალოდან დიღმის მასივში გადავედით საცხოვრებლად. სკოლაც შევიცვალე - 25-ე სკოლიდან 169-ეში გადავედი.

  • "მამა ანტისაბჭოური სულისკვეთებით გვზრდიდა"

დედა ფილოლოგი, მამა კი ფილოსოფოსი იყო. ძალიან საინტერესო მშობლები მყავდა, მამა - განსაკუთრებით, რომელიც შვილებს ბავშვობიდან ანტისაბჭოთა იდეებით გვასაზრდოებდა. დედა ამას ძალიან განიცდიდა და ეშინოდა. მაგალითად, მოჰყავდა ზვიადისა და მერაბის ცხოვრება და მამას საყვედურობდა, რატომ რისკავ და რა ცხოვრებას სთავაზობ ბავშვებსო. კახა 2 წლით უფროსი იყო ჩემზე, ძალიან პოეტური, განათლებული, ამავე დროს, "მოლიდერო" ტიპი, ბევრს წერდა. ისეთი სივრცე იყო, ქუჩასაც რომ ვერ აუვლიდი გვერდს, მით უმეტეს, თუ ლიდერობაზე გქონდა პრეტენზია. მას შეეძლო მთელი ღამე ეკითხა, დღის განმავლობაში კი "მაგარი“ ბიჭის იმიჯი ჰქონოდა. ძალიან კარგი ძმა მყავდა, ძალიან... უბანში პოპულარული იყო, გარეგნობაც განსაკუთრებული ჰქონდა... ალბათ მამას გავლენა იყო, ერთთავად სისტემის წინააღმდეგი რომ იყო და ყველა უსამართლობას აპროტესტებდა. კახას მუდმივად წინააღმდეგობა ჰქონდა სკოლის კომკავშირის მდივანთან და დირექტორთან. დირექტორს კაბინეტში სტალინის სურათი ეკიდა. ერთხელ კახამ საპროტესტო ლექსი დაწერა და დირექტორს კაბინეტში შეუგზავნა. მაშინ ჩემი მშობლები პედსაბჭოზე დაიბარეს.

მამას ოცნება იყო საბჭოთა კავშირიდან წასვლა, მაგრამ ვერ გამოუვიდა.. ამ დროს დაიწყო ეროვნული მოძრაობა და ეს ისეთ დიდ თანხვედრაში იყო ჩემი ცხოვრების ოცნებასთან... იმ ოცნებით ვიზრდებოდით, რომ საქართველოს მომავალი არის სადღაც, დამოუკიდებელ ევროპულ სივრცეში. 1987 წლიდან დაწყებული, ყველა პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართული. ეს 16-17 წლის გოგონები ისე ვგულშემატკივრობდით ეროვნულ მოძრაობას, ამ ცვლილებებზე დიდი ვნება ჩვენთვის არ არსებობდა. ისეთი განცდა გვქონდა, სხვა სამყაროში ვაბიჯებდით...

  • "ყველაფერზე გურულობა მაწერია"

თავდაპირველად ჟურნალისტობა მინდოდა, დავდიოდი ჟურნალისტთა სკოლაში, სადაც ნოდარ ტაბიძე გვიკითხავდა ლექციებს. მერე ძალიან დიდი მოთხოვნები წავუყენე ჩემს თავს და გადავწყვიტე, რომ არ ვიქნებოდი კარგი ჟურნალისტი. ფსიქოლოგობაც მინდოდა, ფილოლოგობაც... მოკლედ, ყველაფერი მინდოდა, გარდა ეკონომიკისა და ბოლოს ეკონომიკურზე ჩავაბარე - ჩემი მეგობრები აბარებდნენ და ხუთივე მოვხვდით. დედაც გურულია, დოლიძეა გვარად. ორმხრივად გურული ვარ, ტიპიური გურული. ვფიქრობ, მთელი ცხოვრება ხელს მიშლის გურულობა - ძალიან ემოციური ვარ. მთელი ცხოვრება ყველა რომ გასწავლის, ემოციები უნდა მართოო, სულ ვფიქრობდი, რამდენად დიდი ფორა აქვთ ადამიანებს, ვისაც არანაირი ძალისმევა არ სჭირდება და ეს ბუნებრივად გამოსდის-მეთქი. გურულს ეს არაფრით არ გამოუვა. სახეზე, ქცევაზე და ყველაფერზე მაწერია გურულობა. გაეროში ვმუშაობ, სადაც ემოციების მართვა ლამის ერთ-ერთი მთავარი კომპეტენციაა, თუმცა მე ეს ნაკლებად გამომდის... მიყვარს გურია, იქაური ტენიანი სურნელი სულ მენატრება, ვგიჟდები ყველაფერი გადამწვანებული რომაა. მაგრამ ეს გურული ხასიათი....

  • "ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი"

ჩემი უდიდესი ტრაგედია ჩემს ძმას უკავშირდება, საშინელება დაგვატყდა თავს. ჩემი 22 წლის ძმა 1991 წელს ქუჩაში მოკლეს. ეს ამბავი დოლიძეზე მოხდა - ნასვამმა დოლიძელებმა თავისსავე უბანში მოკლეს ჩემი ძმა. ისინი სამნი იყვნენ და სიგარეტის გამო შეკამთდნენ.

ეს ერთი ტრაგედია იყო, მეორე კი სასამართლო პროცესები, - ყველა მოსყიდული იყო, ჩვენი ადვოკატიც კი. მკვლელი, რომელსაც არც უარუყვია მკვლელობა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, იმ მოტივით, თითქოსდა თავს იცავდაო. ისე გამოიყვანეს, თითქოს ჩემი ძმა დაესხა სამივეს თავს, ისინი კი იგერიებდნენ. იმ დროისთვის უკვე ბევრი უსამართლობა მქონდა ნანახი, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო, მაგრამ ასეთი - არაფერი. კახას დიდი და ძლიერი სამეგობრო ჰყავდა. მზად იყვნენ შურისძიებისთვის, მაგრამ დედა ყველას სათითაოდ ეხვეწებოდა, - შვილებო, ფიქრიც არ გაბედოთო. სულ ეშინოდა, კახას მეგობრებს სამაგიერო არ გადაეხადათ. არ ვაჭარბებ, კახა ყველასთვის სათაყვანებელი, ლამაზი, ნიჭიერი და კარგი ადამიანი იყო. ამასთანავე, ის ძლიერი, პოეტური, სამართლიანი, გოგონებისთვის სასურველი ბიჭი და ბიჭებისთვის სასურველი მეგობარი იყო. მოკლედ, ძალიან მძიმედ გადავიტანეთ ეს ტრაგედია, ჩემი მშობლები ამ დროს უკვე 60-ს გადაცილებულები იყვნენ. ეს უმძიმესი დარტყმა იყო ჩვენთვის ყველასთვის. მაგრამ მოხუცი მშობლები მთლად განადგურდნენ. მამა მალევე გარდაიცვალა.

  • "ცოტა ხანში, გოგლაც გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში"

ცოტა ხანში, გოგლა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ის "მწვანეთა მოძრაობაში“ გავიცანი, მაშინ 21 წლის სტუდენტი ვიყავი. მანამდე, ერთი მეგობარი მყავდა, ჩემთან იყო, დედას ტელეფონების წიგნაკი ჰქონდა, ალფაბეტს რომ ჩამოვყევით, მ-ზე ეწერა - "მწვანეები“. მეგობარი მეუბნება, მოიცა, მანდ დავრეკოთ, მათი სპიკერი - ზურა ჟვანია მომწონსო. ვუთხარი, რატომ მოგწონს, ბებერია-მეთქი. იმ ასაკში დიდად მეჩვენებოდა. 1992 წლის არჩევნების წინა პერიოდი იყო და ზურასთან ტელეფონით დაკავშირება რთული იყო. დავრეკეთ და მაკა მდივანს ეუბნება, ნანა ვარ, დევდარიანი, სასწრაფო საქმე მაქვსო. ზურამ ყურმილი აიღო, და მაკა ეუბნება, - ზურა, ნანა არ ვარ, მაკა ვარ და ძალიან მიყვარხარო. ზურას გაეღიმა, მაგრამ თბილად მოიშორა, უთხრა, ახლა არჩევნები გვაქვს და როცა ჩაივლის, მერე დამირეკეო.

არჩევნებმა "მწვანეებისთვის“ ტრიუმფალურად ჩაიარა, მაკას არ დავიწყნია, ზურას დაურეკა და ეუბნება - გამარჯობა ზურა, სიყვარულის თაობაზე რომ გაწუხებდით, მე ის ვარო. ძალიან სასაცილო იყო... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იუმორის დონეზე დარჩა. მაკას ინიციატივითვე შევედით "მწვანეებში“. გარემოს დაცვა ყოველთვის მაინტერესებდა. "მწვანეებს“ დიდი გეგმები ჰქონდათ, ევროპარლამენტარებთან ურთიერთობდნენ, ძალიან საინტერესო გუნდი იყო და გული მწყდება, რომ მერე "მოქკავშირად" გადაიქცნენ და სულ სხვა მიმართულებით წავიდნენ. მათ სხვა მასშტაბების პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდათ, თორემ, მაშინდელი "მწვანეთა მოძრაობა“ იყო სუპერპროგრესული ძალა.

თვითონ ზურა იყო ძალიან პროგრესული ადამიანი. მდგრადი განვითარების პრინციპები ისე ესმოდა, როგორც არავის იმდროინდელ საქართველოში (და შეიძლება მის ფარგლებს გარეთაც). მოკლედ, ძალიან მომწონდა იქ ყოფნა. მაშინ პოლიტექნიკურში ვმუშაობდი კათედრაზე, პარალელურად კი "მწვანეებში“ დავდიოდი, სადაც შევხვდი გოგლას. ზურა რამდენადაც სწრაფი იყო მოქმედებასა თუ აზროვნებაში, გოგლა იმდენად ნელი და დინჯი იყო, ტიპიური ლეჩხუმელი (ბებია ყავდა ლეჩხუმიდან, სოფელ დერჩიდან, რომელზეც გიჟდებოდა)... ძმები რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. ზურას შეეძლო ერთ ღამეში ერთი წიგნი წაეკითხა, 4 საათი სძინებოდა და მეორე დღეს ფორმაში ყოფილიყო. მართლაც უნიკალურად ნიჭიერი იყო. ზოგადად, მათი ოჯახი იყო ყველაზე დიდი სიმდიდრე, ზურას და გოგლას საოცარი დედ-მამა ჰყავდათ.

  • "ძალიან განვიცდი, ჩამოსვლა რომ ვერ მოვახერხე"

შევარდნაძე ჩემთვის ბავშვობიდან მიუღებელი იყო, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ზურას ათასგვარი ბინძური ჭორი აუგორა, ხან უკანონო შვილობას აბრალებდნენ, ხან ეთნიკურ წარმომავლობაზე უვრცელებდნენ ჭორებს. ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ეთნიკური ნიშნით ადამიანების გარჩევაზე ლაპარაკი არ ყოფილა, ყველას ერთნაირად ვცემდით პატივს და არავის ვანსხვავებდით. გოგლას არაჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ დედა ეთნიკურად არაქართველი იყო, ძალიან ქართული. მათთან სიახლოვემ ბევრი რამ შემძინა.

გოგლას მშობლებზე ვგიჟდებოდი, საოცრად თბილები, დახვეწილები და განათლებულები იყვნენ. დიდი სანათესაო ჰყავდათ ორივე მხრიდან და მათი სახლი ყველას შეკრების ადგილი იყო. მამა გოგლასავით დინჯი და კეთილშობილი, დედა კი აქტიური, ენერგიული და საოცრად კეთილი - ყველაზე გადაყოლილი იყო. გერმანიაში ვიყავი, როცა რემა დეიდა გარდაიცვალა, გოგლა სამი დღით ადრე ჩავიდა საქართველოში. მე და ჩემი შილები კი კოვიდის გამო, საერთოდ ვერ ჩავედით და დღემდე ამას ძალიან განვიცდი....

  • "გეხვეწები, პალატაში შევარდნაძეზე ცუდი არაფერი თქვაო"

გოგლას ლაპარაკი არ უყვარს და მხოლოდ ქცევით მაგრძნობინა სიყვარული, მთელი მისი ქმედებებით გამოხატავდა ამას. სხვათა შორის, 22 აპრილს ვიქორწინეთ - დედამიწის დღეს, სპეციალურად არ დაგვიმთხვევია... შეუღლება ვიწრო წრეში აღვნიშნეთ, მძიმე პერიოდი იყო - აფხაზეთის ომი... ქორწინების პირველი პერიოდიდან რაც მახსენდება, ეს არის ომი, პოლიტიკური საუბრები... როგორც უკვე ვთქვი, მამაჩემისთვის შევარდნაძე სრულიად მიუღებელი იყო და როცა გოგლას მივყვებოდი ცოლად, მაშინ ზურას გამოკვეთილი პროშევარდნაძისტული პოზიცია ეჭირა. ამაზე ცოტა არ იყოს, ვნერვიულობდი. მამა თავის აზრებს არასდროს მალავდა და განვიცდიდი, პირველივე შეხვედრაზე რამე უხერხულობა არ შეექმნა. მახსოვს, ვეხვეწებოდი, შევარდნაძეზე ცუდი არაფერი თქვა-მეთქი. იმ პირველ საღამოს გაგვიწია ანგარიში. ჩემთვისაც იმდენად მიუღებელი იყო შევარდნაძე, მეც გამოვხატავდი ამას. წარმოიდგინეთ, ის პერიოდია, როცა ზურა არის შევარდნაძის უახლოესი, მე კი სულ პროტესტს და უკმაყოფილებას გამოვხატავ. ერთი სასაცილო მომენტი მახსენდება: მუცელი ამტკივდა და სამშობიაროში უნდა წამიყვანონ, 1994 წლის 8 მარტია, პატარა ვარ, დედამთილი მეუბნება, რაღაც უნდა გთხოვო და შემისრულეო. მეგონა, მეტყოდა ექიმებს დაუჯერეო ან რაიმე მსგავსს, ის კი მეუბნება - გეხვეწები, პალატაში შევარდნაძეზე ცუდი არაფერი თქვაო. ისე განიცდიდა ამ დაპირისპირებულ აზრებს, სამშობიაროში მიმავალსაც ამას მთხოვდა. ძალიან სასაცილო იყო. სამწუხაროდ, მე მართალი აღმოვჩნდი, საბოლოოდ, შევარდნაძემ ზურა დაუნდობლად გაწირა...

  • ორჯერ გარემოს დაცვის სამინისტროში და ორჯერ - გაეროში

ნინო ჩხობაძეს "მწვანეებიდან“ ვიცნობდი. მინისტრად რომ დანიშნეს, მეც შემომთავაზა სამინისტროში მისვლა. საინტერესო პერიოდი იყო. მწვანეებიდან მისული ნინო გარემოსდაცვით სფეროში საერთაშორისო ვარსკვლავად იქცა. ბევრი ისეთი კანონი მივიღეთ და ისეთ მრავალმხრივ ხელშეკრულებას მივუერთდით, საკანონმდებლო დონეზე გარემოსდაცვითი სტანდარტებით საქართველო გამორჩეულად პროგრესული იყო მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ზურა იმხანად პარლამენტის თავმჯდომარე იყო და კარგად ესმოდა, რა იყო გარემოს დაცვა, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში იშვიათი გამონაკლისი იყო. მერე, სააკაშვილის პერიოდში კი დაერივნენ გარემოსდაცვით კანონმდებლობას, მაგრამ 90-იანების ბოლოს, ჩვენი სამინისტრო წამყვანი იყო. ბევრ მინისტრთან მიმუშავია, მათ შორის გოგა ხაჩიძესთან, რომელმაც განსხვავებული აზრის, თუ შეკამათების გამო სამსახურიდან ძალიან ცუდი ფორმით გამათავისუფლა (საერთაშორისო ურთიერთობების და გარემოს დაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვიყავი).

ამის შემდეგ ჟენევაში წავედი და გაეროში დავიწყე მუშაობა. არჩევნებამდე სამი თვით ადრე საქართველოში დავბრუნდი და ჩავერთე "ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში, მათ შორის, გარემოსდაცვითი პროგრამის შემუშავებაში. მერე მოხდა ცვლილება, რასაც მოჰყვა ჩემი და ხათუნა გოგალაძის ისევ გარემოს დაცვის სამინისტროში დაბრუნება. ფაქტობრივად, თავიდან მოგვიწია სააკაშვილის დროს დაშლილი სამინისტროს აღდგენა. მინისტრის მოადგილე ვიყავი, ორივეს კარგად გვესმოდა რა იყო გასაკეთებელი, თუმცა სრულიად ხელ-ფეხშეკრულები აღმოვჩნდით. ბევრი სირთულე გადაგვხდა თავს და საბოლოოდ, ჩვენს მიერ დასახული მიზნების განხორციელება ვერ შევძელით, რაც ჩემთვის დღემდე ძალიან მტკივნეულია. ეს იყო სფერო, რომელსაც ძალიან ცოტა გულშემატკივარი ჰყავდა ხელისუფლებაში.

მერე მოხსნეს ხათუნა, მეც წამოვედი და ისევ ჟენევაში დავბრუნდი. წელიწადნახევარი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოს დაცვით განყოფილებაში ვიმუშავე, შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდი. ახლა კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და ტრანსპორტის საკითხებზე ვმუშაობ. ეს განყოფილება ბაზირებულია გერმანიაში, ვცხოვრობ ქალაქ ბონში და ვმუშაობთ 56 ქვეყნის სამ სექტორთან, რათა ევროპის რეგიონში შევამციროთ ტრანსპორტით გამოწვეული დაბინძურება, გამონაბოლქვი, ხმაური, და მოვახდინოთ მაქსიმალურად ჯანსაღი ტრანსპორტის წახალისება, როგორიცაა ველოსიპედით სიარული და გარემოსთვის უვნებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ძალიან საინტერესო საქმეა და უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებს, თუ კი რეალურ შედეგებს მივაღწევთ.

საქართველოში მუშაობის სურვილი ჩემს აქ ყოფნას მუდმივად თან გასდევს. ვერ წარმომიდგენია უფრო დიდი პროფესიული ბედნიერება, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში რაიმე სასარგებლოს გაკეთება.

  • "ოჯახმა ერთად მოვიყარეთ თავი"

დედას ჩემი ძმისთვის უნდოდა ბექა დაერქმია, მაგრამ არ დაარქვა და უფროს შვილს მე დავარქვი ეს სახელი. მეორე შვილს ზურა ჰქვია და ორივენი ბიძებთან არიან კავშირში... ჩემი უფროსი შვილი გერმანიის საუნივერსიტეტო ქალაქ აახენში სწავლობს კომპიუტერულ მეცნიერებას, ზურა კი ბონის საერთაშორისო სკოლაში დადის. ის ბევრს ფიქრობს მომავალ პროფესიაზე და ამ ბოლო დროს ინჟინერიამ დააინტერესა. აქ ეს დარგი ძალიან კარგადაა განვითარებული, თუმცა ჯერ გერმანული არ იცის და ალბათ ისწავლის.

გოგლა 2 თვეა, რაც ბონშია, ერთად ვართ. მაწუხებს, რომ 90 წლის დედა მარტო მყავს თბილისში და წელიწადნახევარია არ მინახავს. ჩემი ოცნებაა, ოდესმე ადამიანის უფლებების კუთხით ვიმუშაო. უსამართლობა ყველა სფეროში მიუღებელია და სამართლებრივ სახელმწიფოზე ვოცნებობ.

  • "ვთვლი, რომ ჯარში ვარ..."

ევროპაში ცხოვრებამ იცით, რა მაჩვენა? საქართველოსთან შედარებით, აქ ისეთი მძიმე ბიუროკრატიაა, სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ არიან ეს ქვეყნები ასეთი განვითარებული, სად არის წარმატების მთავარი საიდუმლო.

საქართველოში როცა ხარ, არაფერი მოგწონს და გგონია, სხვაგან ყველაფერი უკეთესია, ჩვენი ქვეყნების განვითარებას შორის განსხვავება ძალიან დიდია, მაგრამ თითოეულ ადამიანთან ურთიერთობაში, თითოეულ უწყებასთან ურთიერთობაში გაქვს განცდა, რომ ისინი ჩვეულებრივები არიან, არაფრით უკეთესები. ჩემი დაკვირვებით, ევროპული წარმატების მთავარი საიდუმლო ორ რამეშია - პროფესინალიზმსა და დისციპლინაში (ამ უკანასკნელში მაღალი პასუხისმგებლობა, პატიოსნება, არმოტყუება შედის).

ნოსტალგიას ვერ აღგიწერთ... საქართველოში ცხოვრება ჩემთვის ბედნიერება, აქ ცხოვრება კი სავალდებულო სამსახურივითაა. ჩემი სუნთქვა და არსებობა საქართველოა და ამას ფიზიკურად ვგრძნობ. მენატრება, მეტირება, ჟრუანტელი მივლის, სულ მეფიქრება, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ ის საქართველო გვქონდეს, როგორიც ყველას გვინდა, ისეთი იყოს, რომ არც მე და არც სხვას დიდი ხნით არ დასჭირდეს უცხოეთში ყოფნა. ეს არის და ეს...