ავტორი:

4 ცნობილი ქართველი, რომელიც მცხეთის მონასტრის ეზოშია დაკრძალული - მოკლე ისტორიები

4 ცნობილი ქართველი, რომელიც მცხეთის მონასტრის ეზოშია დაკრძალული - მოკლე ისტორიები

მცხეთაში, სამთავროს დედათა მონატრის მონახულებისას იქვე, ეზოში ყოველთვის ვჩერდები ჩვენი საყვარელი მწერლების, პოეტისა და მსახიობი ქალის საფლავთან. სულ მაინტერესებდა - თითოეულის ნეშტი იქ როგორ მოხვდა, როდესაც ასეთი დამსახურების ადამიანებს ძირითადად ამა თუ იმ პანთეონში კრძალავენ ხოლმე. როგორც გაირკვა, - მათ თავიანთი ცხოვრებით, სიტყვით თუ საქმით ასე გადაწყვიტეს, თუ დაიმსახურეს - გარდაცვალების შემდეგ პანთეონის ნაცვლად, მონასტრის ეზოში დაკრძალულიყვნენ და მონასტრის ეზოში, იქ გარდაცვლილი სასულიერო პირების გვერდით, არის: პოეტ მორის ფოცხიშვილის, მწერალ ლევან გოთუას, მწერალისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის და მსახიობ ზინა კვერენჩხილაძის საფლავები...

შეიძლება თუ არა მონასტრის ეზოში საერო პირის დაკრძალვა? - ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: კურთხევას კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II გასცემს... ვეცნდებით, მოგიყვეთ, როგორ აღმოჩნდა ამ ადამიანების ნეშტი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში და აქვე თითოეულის ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდსაც გავიხსენოთ...

ლევან გოთუა

მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლევან გოთუა მწერლის, პუბლიცისტის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ოჯახში დაიბადა... იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, რის გამოც ცხოვრების 66 წლიდან 22 სამშობლოსგან შორს, პატიმრობაში გაატარა. "წითელი" ტერორის მსხვერპლი აღმოჩნდა. "ღირსეული მამულიშვილები გვინდოდა ვყოფილიყავით, სამშობლოში ამის საშუალება კი "ჩეკამ" დაგვიხშო", - წერდა ლევან გოთუა ოჯახს ერთ-ერთი პატიმრობისას. მიუხედავად იმისა, რომ მას ბოლოს თბილისში დაბრუნების უფლება მისცეს, ჯაშუშები მაინც მიუჩინეს, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებოდნენ. საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი ქალიც კი ჰყავდა მიჩენილი, რომ გაეკონტროლებინა, აკრძალულ ლიტერატურა არ წაეკითხა. 1946 წელს სამშობლოს ღალატი წაუყენეს ბრალად და ვორკუტის შრომა-გასწორებით ბანაკში 10 წლით გაამგზავრეს... როგორც პატიმარს, წერა აუკრძალეს, მაგრამ გაუსაძლისი პირობების მიუხედავად, მწერლობისთვის თავი არ დაუნებებია, რისთვისაც ხერხს მიმართა: ელექტრიკოსობა შეისწავლა და მაღაროში მაღალი ძაბვის მონტიორად მოეწყო. შევიდოდა სატრანსფორმატორო სადგურში, ჩაწვებოდა ტრანსფორმატორის გვერდით ამოთხრილ ორმოში, დაიდგამდა სანთელს და წერდა. ზედამხედველები შიშით ვერ ბედავდნენ იქ შესვლას, რადგან კარზე თავის ქალა დაახატა და ქვეშ მიაწერა: "სასიკვდილოა". სწორედ იმ პერიოდში დაიწყო "გმირთა ვარამზე" მუშაობა. მაღაროში გათხარა სამალავი, სადაც ნაწერებს ინახავდა. ბანაკიდან მათი გამოტანა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მაინც ახერხებდა. შეიძლება ითქვას, რომ "გმირთა ვარამის" ორიგინალი განადგურებას ასე გადაურჩა... 55 წლის მწერალი საქართველოში რომ დაბრუნდა, ქალაქგარეთ, არმაზში დასახლდა, რომ მუშაობისთვის მეტი დრო ჰქონოდა. წარსულის გახსენება არ უყვარდა, უბრალოდ, ასე ამბობდა: "სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი, ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად? ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც!" მწერალი 1973 წლის თებერვალში არმაზში დაიკრძალა, თუმცა საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მცხეთის სამთავროს ეზოში 2005 წლის 15 დეკემბერს გადაასვენეს.

მორის ფოცხიშვილი

პოეტის ლექსები თარგმნილია არაერთ უცხოურ ენაზე. აქტიურად მოღვაწეობდა საბავშვო პოეზიაშიც. მისი სტრიქონები საფუძვლად დაედო ქართველი კომპო-ზიტორების სიმღერებს... 9 აპრილის შემდეგ შექმნილმა ლექსმა - "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები", პირველივე სიმღერად აჟღერებისთანავე, საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა... არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი. არასდროს ყოფილა ჩარჩოებსა თუ შტამპებში მოქცეული ადამიანი, შინაგანად თავისუფალი და ძლიერი პიროვნება იყო... მისი შვილები არიან - მხატვარი თამრიკო ფოცხიშვილი და რეჟისორი - ბასა ფოცხიშვილი... თამრიკო ფოცხიშვილი: "ბოლო ორი თვე ძალიან ცუდად იყო. ფეხი უნდა მოგაჭრათო რომ უთხრეს, სასტიკი უარი თქვა. როგორც მოვედი ორი ფეხით, ღმერთთანაც ისე უნდა წარვდგეო. სულიერად ემზადებოდა, განწმენდის გზაზე დადგა. ჭკუას გვარიგებდა. მე დამიბარა, უარის თქმა ისწავლეო. ბასას უთხრა, - დედაშენი და თამრიკო სუსტი ნებისყოფის ადამიანები არიან, შენ მაგარი ხარ და არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდე, ფეხი მომკვეთონ. მისცა ლექსები, გადახედეთ, ყველაფერი არ უნდა დაიბეჭდოსო. ასევე დაგვიბარა, მცხეთაში, ჩვეულებრივ სასაფლაოზე დამკრძალეთ, მაგრამ უწმინდესის კურთხევით, მცხეთის მონასტრის ეზოში დაიკრძალა. მაშინ საერო პირები იქ არ იკრძალებოდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ მორისის გვერდით ლევან გოთუა დაასაფლავეს. ეს ფაქტიც უფლის ნებით მოხდა. ლევანს ჩვენს ოჯახთან დიდი ახლობლობა აკავშირებდა".

ზინა კვერენჩხილაძე

ქართული თეატრის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი, ზინა კვერენჩხილაძე განსაკუთრებული ხმის ტემბრით, მეტყველებითა და ტრაგიკული არტისტიზმით გამოირჩეოდა. რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო, მხატვრული სიტყვის ოსტატი, თეტრალური უნივერისტეტის პედაგოგი, დოცენტი. ავტორია წიგნის "ჩემი ანტიგონე", გადაღებულია არაერთ ფილმშიც, "დათა თუთაშხიაში" მონაზვნის როლი შეასრულა, ბოლო წლებში კი მისი ცხოვრება სწორედ ამ გზით წავიდა... განსაკუთრებულად ჰყვარებია სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტერი, სადაც იქაურ დედებთან ახლო ურთიერთობა 2005 წლიდან ჩამოუყალიბდა. ოცნებობდა, სამთავროს მონასტრის ახლოს, ერთი ოთახი ჰქონოდა, ეს რომ დედებმა გაიგეს, საცხოვრებლად მონასტერში მიიწვიეს. თავისი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მონასტრის შინაგანაწესით ნაკლებად იზღუდებოდა, თუმცა ბუნებრივად მოახერხა შერწყმოდა მისთვის უჩვეულო გარემოს და მოთხოვნებს, რომელიც მონასტერში არსებობს. სამთავროში ცხოვრებას თან ახლდა მისი უხილავი შინაგანი მზადებაც, რომ გადაწყვეტილება მიეღო - საბოლოოდ მონასტერში დარჩენილიყო და მონაზვნად აღკვეცილიყო... მაგრამ მან ეს ვერ მოახერხა, 79 წლისა გარდაიცვალა. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, რითაც მისი სურვილი შეუსრულებელი არ დარჩენილა...

გოდერძი ჩოხელი

მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, ადამიანი, რომლის ნაწარმოებები და ფილმები ერთ მთლიანობას ქმნის და სიკეთისა და მშვენიერების ნიმუშია. როგორც იხსენებდა, კინოთი მაშინვე მოიწამლა, როცა პირველად მესამეკლასელმა მშობლიურ სოფელში ეკრანიდან თავისი სახელი გაიგონა - "გოდერძი, შვილო!" (ფილმიდან "ჯარისკაცის მამა"). კინოს სიყვარულმა თეატრალურ ინსტიტუტში მიიყვანა და მაშინვე გავრცელდა ამბავი, რომ მთიდან პატარა "ვაჟა-ფშაველა" ჩამოსულა და გამოცდაზე ფილმის გარჩევას ლექსად წერსო... პირველი გრან-პრი საკურსო ნამუშევარმა "ადგილის დედამ" მოუტანა. მოგვიანებით იყო "ვერცხლის ნიმფა" ფილმისათვის "ცოდვის შვილები". იმავე წელს მიიღო იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი, პრიზები საუკეთესო სცენარისა და რეჟისურისათვის. გრან-პრი ანაპის ფესტივალზე "კინოშოკი" - ფილმისთვის "სამოთხის გვრიტები". 1998 წელს "ლუკას სახარება" საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოეს. ყველა კინოსურათი თუ მოთხრობა მის მშობლიურ მხარეს, - გუდამაყარს ეძღვნება. ნაწარმოებებში ერთდროულად იგრძნობა სევდა და სიცოცხლის სიყვარული. "სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა," - წერდა ის... გოდერძი ჩოხელი სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში მიაბარეს მიწას...