„მინდა, თითოეულმა ადამიანმა მიზნის მიღწევით მიღებული კმაყოფილება განიცადოს.“ – ამ სიტყვების ავტორი თამარ ვანიშვილია – ეკონომისტი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და ტრენერთა ტრენერი, რომელმაც არაერთ მიზანს მიაღწია, ამით კმაყოფილებაც არაერთხელ განიცადა და სურს, ადამიანებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თამარი ის ადამიანია, რომლის ერთი დიდი, მთავარი მიზანი, ზოგადად, მიზნების მიღწევაა.
–რას წარმოადგენს დღეს თქვენი საქმიანობის სფერო?
-დღეს მე ვმუშაობ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საგამოცდო ცენტრის მთავარ სპეციალისტად. მაქვს 22-წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 15 წელი აუდიტორიასთან მუშაობას უკავშირდება. მიმყავდა სალექციო კურსები უმაღლეს სასწავლებელში მენეჯმენტის მიმართულებით. ვარ მონოგრაფიის – „მართვის თანამედროვე მოდელის ფორმირება და ორგანიზაციული ქცევის რეგულირების პრინციპების“ – და 26 სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ვარ ჩართული პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადების პროექტში და უწყვეტად ვმუშაობ პიროვნულ თვითგანვითარებაზე.
–რა გზა გაიარეთ იმისათვის, რომ ამ პოზიციისთვის მიგეღწიათ?
-წარმატებისკენ სავალი არცერთი ჩემი გზა არ ყოფილა მარტივი. ყველა გზა საკუთარ სირთულეებს გვთავაზობს. მიზნების მიღწევასა და ბარიერების გადალახვაში შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა დამეხმარა. საკუთარ თავზე უწყვეტი მუშაობით მივიწევდი წინ. ზუსტად ვიცოდი, რომ რაც მინდოდა, მე იმას აუცილებლად მივაღწევდი! ეს გამოვიდოდა! და ეს გამოვიდა!
–თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ პერიოდი, როცა პირველი წარმატება აღიარეთ და რით განისაზღვრებოდა ეს?
-პირველი ჩემი სერიოზული წარმატება იყო სადოქტორო დისერტაციის დაცვა, რომელიც შემდგომ დამუშავდა, გაფართოვდა და მონოგრაფიად გამოქვეყნდა. ეს წარმატების მიღწევის ორი ეტაპი იყო. პირველმა წარმატებამ მეორე განაპირობა, მთლიანობაში კი, ეს ყველაფერი მიზინისკენ სავალ გზაზე შეუჩერებლად სვლამ მომიტანა. მაშინ გავიაზრე ფრაზა, რომელიც დღეს უკვე ჩემი ცხოვრების სლოგანს წარმოადგენს: „მიზანი, ეს არის შედეგი, რომელსაც უნდა მიაღწიო!“. საკუთარი წარმატების აღიარება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც შედეგს ვხედავთ. მე ეს დავინახე და ეს ძალიან სასიამოვნოა.
–თვლით თუ არა, რომ ძლიერ პიროვნება ხართ?
-დიახ, მიმაჩნია, რომ ძლიერი პიროვნება ვარ. პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც ჩემი პიროვნების ძლიერ მხარეს უსვამენ ხაზს, ვთვლი, რომ თანდაყოლილია. ეს ან გაქვს, ან – არა. რაც შეეხება მიზნის მისაღწევად საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და მობილიზებას, ეს პიროვნების საკმაოდ დიდ სიძლიერეს მოითხოვს, რომელიც, ვფიქრობ, ჩვენ თვითონვე უნდა განვავითაროთ.
რამდენად რთულია ამის მიღწევა?
-როდესაც საკუთარი მიზნის თუ სურვილის მკაფიოობაში დარწმუნდები, მთელი შემართებით ეცდები მის ასრულებასა და მიღწევას, ამიტომ რთული არაფერია, თუ მოვინდომებთ.
–რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს პროფესიაში?
-ყველაზე მნიშვნელოვნად საკუთარ საქმიანობაში და ჩემს პროფესიაშიც მე მაინც პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა მიმაჩნია.
-ხართ თუ არა ორიენტირებული მუდმივ განვითარებაზე და რაში გამოიხატება ეს?
-უწყვეტად ვზრუნავ პიროვნულ თვითგანვითარებაზე და პროფესიულ წინსვლაზე, რაშიც მე დღეს ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის მიერ დაფუძნებული ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლა მეხმარება. ქოუჩინგი არის შესაძლებლობა ნებისმიერი დარგის პროფესიონალისთვის, ვისაც საკუთარი მიზნების რეალიზება სურს.
-რას ეფუძნება თქვენი მუშაობის პრინციპი?
-ჩემი მუშაობის პრინციპს დაწყებული სამუშაოს სისრულეში მოყვანა და აუცილებლად ხარისხიანად დასრულება წარმოადგენს. არასდროს ვიწყებ საქმეს, რომელიც ჩემთვის უინტერესოა და არასდროს ვტოვებ ნახევრად შესრულებულ სამუშაოს.
-რა პერიოდი დაგჭირდათ იმისათვის, რომ საკუთარი თავი გეღიარებინათ?
-უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე უწყვეტი სამუშაო სტაჟი მაქვს. ყველა ეტაპი, რომელიც კარიერულ წინსვლას გულისხმობდა, გარკვეულწილად, აღიარებაც იყო, რადგან საკუთარი შრომის, სწავლის, განათლების შედეგს უშუალოდ კარიერული წინსვლით ვაფასებთ. როდესაც ეს ასე ხდება, ეს უკვე გამართლებაა. არცერთი საფეხური არც განათლების და არც კარიერის თვალსაზრისით, იმ შეგრძნებით არ დამისრულებია, რომ მე ეს არ გამომივიდა, პირიქით! ეს, ალბათ, საკუთარ თავზე მუშაობის და ისევ განვმეორდები, შრომისმოყვარეობის შედეგია.
–რას სთავაზობთ დღეს მომხმარებლებს?
-დღეს მომხმარებლებს მინდა გავუზიარო ჩემი თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება, ყველა ის უნარ-ჩვევა, რომელიც დასახული მიზნის რეალიზებაში თუ მიღწევაში გამოადგებათ. მომხმარებლები შეძლებენ:
· საკუთარი მიზნების სწორად ფორმირებას და მიზნების რეალურობის დანახვას, რაც წარმატების საწინდარია;
· მიზნების სიზუსტისა და მათი მკაფიოობის განსაზღვრას, რაც მათ რეალიზებას გულისხმობს;
· ირწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია დაუღალავი და მიზანმიმართული შრომა.
მინდა, თითოეულმა ადამიანმა მიზნის მიღწევით მიღებული კმაყოფილება განიცადოს.
–რამდენად მნიშვნელოვანია ეს მომსახურება დღეს საზოგადოებისთვის?
–მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ისწავლიან არა მხოლოდ თეორიულ მასალას, რომელიც შესაბამის სახელმძღვანელოშიც შეიძლება ამოიკითხოთ, არამედ ადამიანები შეძლებენ:
· თანამედროვე, მოქნილი, მსუბუქი შეთავაზებების, მოდელების, პრაქტიკული რჩევებისა და მაგალითების საფუძველზე, მიიღონ და შეარჩიონ მათთვის და საკუთარი კომპანიისთვის – სასარგებლო, თანამშრომელთათვის – მისაღები, მარტივი მოდელი თუ მოსაზრება, რომელიც წარმატებულს გახდის როგორც მათ საქმიანობას, ასევე, დაეხმარება მთლიან გუნდს;
· მისცემს მათ იმის გააზრების საშუალებას, რომ სისტემაში არსებული დანერგილი რგოლური სისტემა აუცილებელია, თუმცა დღეს უფრო მეტად აუცილებელი ხდება რგოლურ სისტემაში არსებული თითოეული რგოლის აღიარება და მოტივაცია;
· განსაზღვრავენ, თუ როგორია მართვის თანამედროვე მიდგომით, გუნდური მუშაობის პრინციპით მიღებული წარმატების ეფექტურობა და ა.შ.
–ზოგადად, შესაძლებელია თუ არა, საკუთარ თავზე მუშაობით, შეცვალო საკუთარი ცხოვრება?
-საკუთარ თავზე მუშაობით, აუცილებლად შეძლებთ საკუთარი ცხოვრების შეცვლას. თუ შენ შეიცვლები, ავტომატურად გეცვლება ხედვა და მიდგომები. შესაბამისად, იცვლება შედეგიც. ამიტომ, ეს შესაძლებელია.
–რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
-მსურს, დაგროვილი თეორიული ცოდნა გავხადო საზოგადოების იმ ფენისთვის ხელმისაწვდომი, რომელსაც ეს დაეხმარება და გამოადგება. სამყარო მუდმივ ცვლილებებს გვთავაზობს. ჩვენ ვცხოვრობთ მოულოდნელი და სწრაფი ცვლილებების ეპოქაში, ამიტომ აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ამ ცვლილებებს და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ.
–შეუძლია თუ არა ადამიანს, მართლაც მიაღწიოს იმას, რაც სურს? და რა არის საჭირო ამისთვის?
-შეუძლია! თუ შენ გჯერა შენი მიზნის რეალურობის, მის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებ და ამაში მთელი სამყარო დაგეხმარება. ამისათვის კი საჭიროა:
· მიზანდასახულობა;
· დაუღალავი შრომა;
· მიზანსწრაფულობა.
შესაძლებელია ცვალოთ მიზნისაკენ სავალი გზები, მაგრამ არასდროს, დაიმახსოვრეთ, არასდროს შეცვალოთ მიზანი!
–ყველაზე ხშირად რას ეუბნებით სამყაროს? და რას ეტყოდით ახლა ადამიანებს, რომლებიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ?
-ყველაზე ხშირად ვეუბნები სამყაროს და ადამიანებსაც, რომლებიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, ვეტყვი, რომ შეუძლებელი არაფერია! თუ ეს შეძლო სხვამ, შეძლებ შენც! თუ ეს ვერავინ შეძლო, მაშინ შენ პირველი იქნები! იყავით პირველები!
NS