"მე ვარ ერთი მოყვარული კაცი, რომელშიც ღმერთმა, მშობლებმა და გარემომ უფრო მეტად სიყვარული დააგროვა, ვიდრე სიძულვილი. სიძულვილის მიმართ ერთგვარი ფობია მაქვს. ამიტომ ვცდილობ, გულს სიძულვილი არ გავაკარო, მტრის სიძულვილიც კი, რადგანაც ეს გული სიყვარულმა დაიკავა". ეს სიტყვები ცნობილ ჟურნალისტს ნუგზარ რუხაძეს ეკუთვნის. საყვარელი საქმის, ახლობლებისა თუ საყვარელი ქალის მიმართ ერთნაირად აუთვისებია. საყვარელი ქალისგან დღეს შორს ცხოვრობს, მაგრამ ამითაც კმაყოფილია. ჩემი რესპონდენტის კარადაში ერთი წითელი ბლოკნოტი ინახება, რომელშიც Georgian journal-ის რედაქტორი ცხოვრებაში დაშვებულ შეცდომებს იწერს. რა ჩაწერა ბოლოს ამ ბლოკნოტში და რას ასწავლის დღეს შვილებს, ბატონი ნუგზარი თავად გიამბობთ.
- როცა დამირეკე და ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ინტერვიუ მთხოვე, გამეღიმა. იცი, რა მოხდა ჩვენს დროში და საერთოდ ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც ადრე საბჭოთა კავშირი ერქვა და ახლა მხოლოდ ნამსხვრევებიღა დარჩა? მისი, გამოცდილებების გადაფასება. ის გამოცდილება, რომელიც ჩვენს თაობას ჰქონდა, ამ დროში აღარ გამოიყენება. ეს არის მიზეზი იმისა, რამაც ჩემი თაობა გააღიზიანა. ძალიან ძნელია იმის აღიარება, რომ შენი განვლილი ცხოვრება აღარაფერია, შენი გამოცდილება აღარ იყიდება. შეიძლება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და ზოგი არც დამეთანხმოს, მაგრამ გამოცდილება, რომელიც სოციალიზმმა მოგვცა, არ გამოდგა. იმიტომ, რომ ის იყო სრულიად განსაკუთრებული სახის ფორმაცია, ისტორიული. მაგალითად, დღეს უკვირს პარტიის ისტორიის მასწავლებელს, რატომ აღარ არის მისი გამოცდილება და ცოდნა საჭირო. თუმცა, მეორე მხრივ, სიბრძნე სიბრძნეა და თუ ის სიბრძნე რეალურად არის შეძენილი, ყველგან იმუშავებს. ამიტომაა, რომ ზოგიერთი პარტიული მუშაკი არ დაიბნა, აჰყვა ახალ დროს და ეს ნიჭი გამოიყენა.
მთელი ჩემი ცხოვრება გამოცდილებაა. მამაჩემისგან თავშეკავებული, დაფიქრებული ლაპარაკი ვისწავლე, წამოყრანტალება რომ არ ვარგა, ეს მან მასწავლა. ჯერ დაფიქრდი და მერე თქვიო, მეუბნებოდა, - სიტყვას, რომელიც პირიდან გამოვა, აღარაფერი აღარ უშველისო. მამა ადრე მომიკვდა. მის ორმოცზე 15 წლის გავხდი, 43 წლის ვაჟკაცი მოგვიკლა გულმა. მან შემძინა ადამიანებთან საუბრისა და ურთიერთობის გამოცდილება. რომ ვაკვირდებოდი, მამაჩემის საუბარი მისთვის ყოველთვის მომგებიანად მთავრდებოდა. ყოველთვის, იმ შედეგს აღწევდა, რომელიც მას სურდა.
- მამა რა პროფესიის იყო?
- ვეტერინარი გახლდათ და მთელი ვეტერინარული სამსახური მიჰყავდა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირი გახლდათ და მძღოლი ემსახურებოდა, არ მახსოვს, კვირა დღეს სახლში არ ეფუსფუსა. ეზოში სარდაფი გვქონდა. იმ სარდაფში ხან ღორს ზრდიდა, ხან ქათმები მოაშენა.
- თბილისში?
- თბილისში, შუა ფალიაშვილზე გრძელი შუშაბანდიანი სახლი გვქონდა, სახლის წინ ფარდული და ამ ფარდულში - მთელი მეურნეობა. აქ ზრდიდა მამაჩემი ღორს საახალწლოდ. არ დაიზარებდა დილით ადრე ადგომას და ღუმელის ანთებას, თბილად რომ დავეტოვებინეთ სახლში. ერთი სიტყვით, ფიზიკური შრომის გამოცდილებაც მამისაგან შევიძინე. დედაჩემი ძალიან ფუსფუსა ქალი იყო. არ დაიჯერებთ და დღეისათვის ისეთი თანამედროვე თვისებები ჰქონდა, ქალი თავიდან ბოლომდე გეგმა იყო, დილით რომ ადგებოდა, მის თავში უკვე გეგმა იყო, რომელიც, რომ მომკვდარიყო, უნდა შეესრულებინა.
- ჰგავხართ დედას ამ მხრივ?
- ვგავარ და მაგ გეგმებით ცხოვრებამ ამომაძრო სული. იმდენად მიჯაჭვული ვარ გეგმაზე, ასე რომ არ ვცხოვრობდე, ალბათ ფულს ვერ გავაკეთებდი. ერთ ფაქტს გეტყვით, ოღონდ არ დამცინოთ. რომ ვწვები, ისე ვიმზადებ მაისურს სკამის საზურგეზე გადაკიდებულს, დილით რომ ავდგები, არ "ვეჩალიჩო", პირდაპირ ჩამოვიმხო თავზე, დრო რომ არ დამეკარგოს. დროსა და სივრცეში ხდება ყველაფერი. მე დროის კალკულატორი ვარ. დროის თვლა ისეთივე აუცილებელია, როგორც იმ ფულის თვლა, რომელიც ჯიბეში გაქვს და მთელი თვე უნდა იმყოფინო.
- როდის გაგიჩნდათ საკუთარი ფული ჯიბეში?
- მამა დავასაფლავე თუ არა, რამდენიმე თვეში მოსწავლეები ავიყვანე, ინგლისურ ენას ვასწავლიდი. ძირითადად მეზობლებს ვანათლებდი, მანეთს მიხდიდნენ საათში, ფულს დედას ვაძლევდი. ეს იყო ჩემი პირველი შემოსავალი და მიმაჩნია, რომ გვიან დავიწყე საკუთარ ფულზე ფიქრი. მაგალითად, მე მყავს პატარა მეგობარი, 11 წლის გიორგი შავქალაშვილი, რომელსაც ჩემს ინგლისურ გაზეთში გვერდის რედაქტორობა შევთავაზე. დამთანხმდა, იმდენად კარგად ფლობს ენას და ისეთი საზრიანია, რომ გაზეთის მფლობელები ამაში მას ჯამაგირს უხდიან.
- შორს წავედით, იმ გარემოზე ვსაუბრობდით, რომელშიც იზრდებოდით, რა გამოცდილება მოგცათ ეზომ?
- დღევანდელი ბავშვები ოთახებში იზრდებიან, კომპიუტერებთან, ლეპტოპებთან, აიპოდებთან. ეს გლობალური პრობლემაა. ჩვენ ეზოში გავიზარდეთ, იქ ყალიბდებოდა ჩვენი თვისებებიც, ვიქნებოდით მშიშრები თუ გულადები, კეთილები თუ ბოროტები, ხელგაშლილები თუ ხელმომჭირნენი, სხვისი დამხმარენი თუ თვალის დამხუჭავნი და გვერდის ჩამვლელნი. ვთამაშობდით ფეხბურთს, ლახტს, "გრძელ ვირს".
- გაულახიხართ ეზოში ბავშვებს?
- კი, არაერთხელ ვარ ნაცემი, მორჩილი ტანის ბიჭი ვიყავი, მაგრამ ძალიან სწრაფი. ჩემი ხელიც მოხვედრია ბევრს. ზოგჯერ ველოსიპედის გამო ვჩხუბობდით, ზოგჯერ ფეხბურთში უსამართლო წაქცევის გამო. ყოველთვის მითქვამს და გავიმეორებ, რომ თუკი ოდესმე რამე მომიხერხებია ჟურნალისტიკაში, ტელევიზიასა თუ პრესაში, ეს ყველაფერი სწორედ იმ გამოცდილების შედეგია. სხვათა შორის არაფერი არ ხდება.
- სკოლა, მასწავლებლები, განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ რომელიმე?
- რა თქმა უნდა, მაგრამ რომ გითხრა, ჩემი ყველა მასწავლებლის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ-მეთქი დღემდე და ყველა სამაგალითოა ჩემთვის, ალბათ გადავაჭარბებ. გუშინწინ კლასელები ვისხედით და სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, ვინ რა გამოცდილება მოგვცა სკოლიდან. გამოცდილების თვალსაზრისით, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ჩემი ყოფნა სოფელში. ასეთი ტრადიცია გვქონდა ოჯახში, დამთავრდებოდა თუ არა მაისი, დედა ჩაგვსხამდა მატარებელში და წაგვიყვანდა მამაჩემის სოფელში, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვედა საქარაში. მერე გადავიდოდით დედულეთში, გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში. იქიდან ბახმაროში და მერე ქობულეთში. ეს იყო ჩვენი ყოველწლიური კლასიკური მარშრუტი. ამ სოფლებში ძირითადად მიწასთან ვმუშაობდით, განსაკუთრებით გურიაში.
არ მახსოვს ზაფხული, დედას ჩემთვის ნება მოეცა, რომ არ მემუშავა. ვბარავდი, ვთოხნიდი, თხა მიმყავდა საძოვარზე, საქონელი მიმყავდა, ბალახი მომქონდა, ეზოში ხილს ვაგროვებდი და ღორს ვაჭმევდი. არყის გამოხდაში ვეხმარებოდი ჩემებს. ერთხელ, დავიღალე, ჩავიმუხლე, ჭიაყელას ვეთამაშებოდი, დედაჩემმა მათრახი გადამიჭირა ზურგზე ისე, რომ დამაკივლა, რა დროს დასვენებაა, მოკვდა ხალხი შრომითო. დედას ასეთი დევიზი ჰქონდა, ვინც არ შრომობს, ის არ ჭამსო. ეს კარგად მქონდა გააზრებული და ვცდილობდი, თავი არ შემერცხვინა.
- არყის სმაშიც ხომ არ ეხმარებოდით თქვენებს?
- არა, მაშინ პატარა ვიყავი, 15 წლამდე. მერე, ხომ გაგიგონიათ, იზრდება და ვირდებაო, ასე დამემართა მეც. ავიწყვიტე და უკვე დამოუკიდებლობას ვითხოვდი, ზაფხულობით ზღვაზე მეგობრებთან ერთად მინდოდა წასვლა.
- სასიყვარულო გამოცდილებაზე რას მეტყვით?
- მე ვარ ერთი მოყვარული კაცი, რომელშიც ღმერთმა, მშობლებმა და გარემომ უფრო მეტად სიყვარული დააგროვა, ვიდრე სიძულვილი. სიძულვილის მიმართ ერთგვარი ფობია მაქვს. ამიტომ ვცდილობ, გულს სიძულვილი არ გავაკარო, მტრის სიძულვილიც კი. რადგანაც ეს გული სიყვარულმა დაიკავა. ამ სიყვარულს გამოვლინება და განხორციელება სჭირდება. ეს სიყვარული ჩვენ ყველას, ბიჭებს მას შემდეგ გვეწვია, რაც გოგონები შემოგვიერთეს სკოლაში. მანამდე ვაჟთა სკოლაში ვსწავლობდი. დავინახეთ თუ არა გოგონები, გაგვინათდა სახე. თითო ბიჭს ხუთი-ექვსი გოგო შეგვიყვარდა, კლასელები, პარალელურკლასელები, უფროსკლასელები. ამ სიყვარულებმა ჩემთვის შედეგი სკოლაში მაინცდამაინც არ გამოიღო.
- სიყვარული გაბედნიერებთ თუ გტანჯავთ?
- ერთგვარი ტანჯვაც არის, მაგრამ მე უფრო მაბედნიერებს. ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს განუხორციელებელი სიყვარული, ერთი-ორი შემთხვევის გარდა. მაგალითად, ინსტიტუტში გულში ჩამივარდა ერთი გოგონა, რომელსაც მერე შეყვარებული აღმოაჩნდა. ამან, რა თქმა უნდა, გულის წყრომა გამოიწვია, ძალიან გამიჭირდა იმ გოგოს დავიწყება, მაგრამ მერე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა. ახლა მეგობრები ვართ, ერთმანეთს ვნახულობთ კიდეც.
- ვიცი, რომ არაერთი ოჯახი გყავდათ.
- ჰო, რამდენჯერმე დამენგრა ოჯახი, მაგრამ ისევ წამოვდექი ფეხზე და ისევ შევქმენი ახალი. ახლა ქორწინებაში ვარ, ამჯერად უკვე ჯვარდაწერილი. აქამდე ჯვარი არ დამიწერია. ჩემი მეუღლე რუსია და თბილისში ხშირად არ არის. ახლაც არ არის აქ, ამერიკაშია, მაგრამ მე ჩავდივარ ხოლმე. არის სიშორე ჩვენ შორის სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ჩვენ კეთილი, მეგობრული და საიმედო ურთიერთობა გვაქვს, რომელსაც ორივე მხარე ძალიან ვუფრთხილდებით. სამწუხაროდ, დღეს მარტო ვცხოვრობ, წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვე ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ამის გადალახვა შეიძლება.
- პროფესიულ გამოცდილებაზეც მინდა გკითხოთ, როგორც ვიცი, ჟურნალისტი ხართ.
- რამდენიმე პროფესია მაქვს. ვარ ინგლისური და იტალიური ენების მასწავლებელი, დავამთავრე თბილისის უცხო ენების ინსტიტუტი. ვარ აგრეთვე დიპლომატი, მოსკოვის დიპლომატიური აკადემიის კურსდამთავრებული გახლავართ. ვარ თეორეტიკოსი პედაგოგი, სადოქტორო მაქვს დაცული ლენინგრადში, დღევანდელ სანქტ-პეტერბურგში. ასე რომ, ჟურნალისტური განათლება, როგორც ასეთი, არ მაქვს, ცხოვრებამ მაქცია ჟურნალისტად. დღეს აქტიური ჟურნალისტი ვარ. ინგლისურენოვან ყოველკვირეულ გაზეთს ვხელმძღვანელობ და სიმართლე გითხრათ, ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება სწორედ ამ გაზეთში იღვრება. სამი წელიწადია გაზეთი გამოდის და უკვე 171-ე "მოწინავე" დავწერე. ეს არის ჩემი სვეტი პირველ გვერდზე, სადაც გარკვეულ თემაზე ვწერ ხოლმე.
- რა გაწუხებთ?
- ჰო, ბოლო დროს ბათუმსა და მის განვითარებაზე ვწერდი და ასეთი საჭირბოროტო კითხვა დავსვი, ეს დიდი ინვესტიცია, რომელიც ბათუმში იდება, ბოლოს და ბოლოს, გადაიქცევა თუ არა მატერიალურ კეთილდღეობად ჩვენი ხალხისთვის, ანუ გავაკეთებთ თუ არა ფულს ამით. ეჭვს კი არ ვბადებ, უბრალოდ, შეკითხვას ვსვამ და თითქოს ვაფხიზლებ ხალხს... ამას წინათ ასეთი თემაც მქონდა, ინგლისური ენა რომ სახელმწიფო სტრატეგიად იქცა, რაშია საქმე?!
- უარყოფითი დამოკიდებულება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
- არა, ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.
- დასასრულიკენ უნდა წავიდეთ და ცხოვრებისეულ შეცდომებზეც მინდა შევჩერდეთ, განსაკუთრებით თუ დარდობთ რომელიმეს?
- აი, ამ კარადაში წითელი ბლოკნოტი მაქვს, ჩემმა რამდენიმე მეგობარმა თუ იცის ამ ბლოკნოტის არსებობის შესახებ. ამ ბლოკნოტში ჩამოწერილი მაქვს შეცდომები, რომლებიც დავუშვი და არ უნდა დამეშვა.
- მერამდენე ფურცელზე ხართ უკვე?
- 4-5 გვერდი უკავია ჩემს შეცდომებს. 2 თვის წინ მე და ჩემი მეგობარი ზურა აბაშიძე ერთად ვსადილობდით ერთ-ერთ რესტორანში. ჩქარ-ჩქარა ვჭამდი, ზურა თავშეკავებულად მიირთმევდა, ეტყობოდა, ძალიან არ შიოდა. გაიცინა და მითხრა, იმ წითელ ბლოკნოტში ხომ გეწერა, წესიერი ჭამა უნდა ვისწავლო, რა მოგივიდაო (იცინის). ერთ-ერთი ჩემი შეცდომა ლონდონს უკავშირდება. თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ გველის ნაკბენივით მახსოვს. ახალი აღებული მაქვს ჯამაგირი და პიკადილიზე მოვდივარ, ხალხი შეგროვილა ერთ ადგილზე, ვიღაც შულერი თამაშობს და იმას უყურებენ. დავიწყე თამაში და მთელი ჯამაგირი ამ შულერთან წავაგე. სახლში ცარიელი ჯიბეებით მივედი. იქ დავიფიცე, რომ თამაშს ფულს არასდროს აღარ გავატანდი და არც გამიტანებია. იმის მერე 33 წელი გავიდა და აზარტული თამაში შემძულდა, სიცილით ვკვდები, კაზინოს რომ ჩავუვლი.
- ბოლოს რა ჩაწერეთ იმ წითელ ბლოკნოტში?
- ჩემი დანგრეული ოჯახის ისტორია. მე ძალიან ლამაზი ოჯახი მქონდა, დიდი შეცდომა იყო იმის დანგრევა. ჩემი დღევანდელი მეუღლე მეკითხება ხოლმე, რა დაგემართა, რატომ დაანგრიე ეს მშვენიერი ოჯახი, რა მოგივიდაო. ვხვდები, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. შეცდომა მომივიდა. არა მხოლოდ ჩემი ოჯახი დავანგრიე, ვის გამოც ცხოვრება ავიწეწე, იმასაც თავზე ჩამოვამხე მისი ცხოვრება, გზა-კვალი ავურიე. მართლა დიდი შეცდომა ჩავიდინე. ჩემი ცოლი მართლა არ იმსახურებდა ამას.
არ ვიცი, ადამიანები ადვილად გამოჰკრავენ თუ არა ხელს მესამე და მეორე ქორწინებაში ბედნიერებას, მაგრამ ბოლომდე განქორწინება არასოდეს არ ხდება, ლანდები სულ შენთან არიან და ამ ყველაფერს თავისი მსხვერპლი სჭირდება, ითხოვს რაღაცას, მორალურსაც, მატერიალურსაც. ქორწინება ისეთი ნაკაწრია, ღრმად რჩება, იმის ამოშლა აღარ შეიძლება. ამიტომაც, ყოველთვის ვეუბნები ახალგაზრდებს, ჩემს შვილებს, რომ ჯერ კარგად უნდა დაფიქრდე, სანამ ოჯახს შექმნი და მერე - სანამ დაანგრევ. ნგრევა ადვილია, შენება - ძალიან ძნელი.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)