ავტორი:

"ამ იარას ვერავინ მოაშუშებს იმიტომ, რომ ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეეწირა" - დათო არჩვაძე პირველი ქორწინების დანგრევით გამოწვეულ ტკივილზე

"ამ იარას ვერავინ მოაშუშებს იმიტომ, რომ ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეეწირა" - დათო არჩვაძე პირველი ქორწინების დანგრევით გამოწვეულ ტკივილზე

მომღერალ დათო არჩვაძისა და სოფო კუჭავას ოჯახი წლების წინ დაინგრა. მომღერალი მეორედ ეთუნა ფარეხელაშვილზე დაქორწინდა. პირველი ქორწინებიდან მას შვილი, თამარ არჩვაძე ჰყავს და ამბობს, რომ მისი ნახვის შესაძლებლობა არ აქვს. მომღერალმა ია ფარულავას გადაცემაში "ფარული კონვერტი" შვილზე და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც პირველი ოჯახის დანგრევას მოჰყვა.

დათო არჩვაძე:

"ამ იარას ვერავინ მოაშუშებს იმიტომ, რომ ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა შეეწირა. როდესაც დავოჯახდით, მე ვიყავი 27 წლის, სოფო -23-ის. ოჯახები ინგრევა, შორდებიან წყვილები, სხვათაშორის, ძალიან ცუდი მიზეზებით, რაც ჩემთან მიმართებაში სულ სხვანაირადაა. მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს ხმამაღალი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის.

ცხოვრებისეული სირთულე წყვილის მოსაგვარებელია, ორ ადამიანს შორის უნდა გაირჩეს, მოგვარდეს, თუნდაც ხმამაღლა, თუნდაც წყნარად, მშვიდად. საერთოდ, როდესაც ოჯახი იქმნება, ერთ სისხლ და ხორც არიან, ხო, მეუღლეები?! და არავინ არ უნდა ჩაერიოს, არასდროს. ჩარევა მოხდა ყველასგან, ყოველთვის.

მარტო მშობლები არ ჩარეულან - ყველა ჩაერია, ყოველ ჯერზე ყველა ჩაერია.

პირველი ორი წელი, ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ორი წლის თავზე, იცი როგორი წერტილი დავსვი? რომ ვნახე, რომ არაფერი არ გამოსწორდებოდა... სხვათაშორის, ერთმა ძალიან დიდმა ბერმა მიმანიშნა, ჟესტიკულაციით მაჩვენა, რომ გაეშვიო მაგ თემასო, იმიტომ რომ ღმერთიც კი ვერ ჩაერევაო.

ჩემმა მეუღლემ, ეთომ, როგორც ქალმა სხვა კუთხით დამანახა ეს ყველაფერი და ძალიან ვუმადლი მას. ეთომ დაურეკა სოფოს და უმორჩილესად სთხოვა, უნდოდა ჩემი შვილის გაცნობა, ჩახუტება, მაგრამ აბსურდული უარი მიიღო. სანამ დიდი ქალი არ გახდება, არ უნდა გაიგოს შენი ცოლ-შვილის არსებობაო.

დათო არჩვაძე მეუღლესთან, ეთო ფარეხელაშვილთან ერთად

  • სასამართლოთი მეკუთვნის ბავშვის წამოყვანა, ერთი ღამით დარჩენა, ანუ გარკვეული საათებია იქ, მაგრამ ბავშვის ცნობიერებაში დააფიქსირეს ის, რომ ბავშვი მამას არ უნდა გაჰყვეს. პატრულიც კი დამხვედრია იქ მისულს. სამწუხაროდ, ფარ-ხმალი დავყარე, დროებით. დიდი გოგოა უკვე, 13 წლის.

მეც უკვე დიდი კომპლექსი გამიჩნდა - უცბად გამოჩნდე ბავშვთან და..." - ამბობს დათო არჩვაძე.

მომღერალი იხსენებს იმ მომენტს, როდესაც შვილს შემთხვევით შეხვდა:

"სამედიცინო უნივერსიტეტში ლიფტის კარები გაიღო და ვხედავ ჩემს შვილს. ეს იყო შოკი. მივედი, შუბლზე ვაკოცე. ისეთი მომენტი იყო...ჩემი მეუღლე მახლდა, უცებ ვერც მიხვდა რა მოხდა და რომ გამოვედით, ვუთხარი... ვაიმეო, გავჩერებულიყავითო, წამოგეყვანაო, ცოტა ხანი მოფერებოდიო, მაგრამ მე იმდენად დიდი შოკი მივიღე, ოთხი წლის უნახავ შვილს რომ შეხვდები, უკვე რომ ვერც იცნობ კარგად და თვალებით რომ ამოიცნობ... მივედი, მოვკიდე ხელი, შუბლზე ვაკოცე და მამიკო, მიყვარხარ-მეთქი და მეცო და ის "მეც“ იყო ჩემთვის ყველაფერი ცხოვრებაში.

ისე განვიცადე, რომ ორ დღეში დავლიე და მცხეთიდან წამოვედი და ისეთ ავარიაში მოვყევი, რომ ლამის შევეწირე, თუნდაც ის ერთი პატარა შეხვედრა იმდენად ემოციურად განვიცადე. თითქოს, დროებით გონებიდან წაშლილი ეს სტრესები და რაღაცები ყველაფერი ამოტივტივდა.

ერთადერთი შანსი დამრჩა რომ დაველოდო მაგ ფაქტს (როცა თამარი სრულწლოვანი გახდება), მე კი არ ვითხოვ, რომ მოვიდეს, პირიქით, შენ უნდა მიხვიდე.

სხვათა შორის, ბევრმა ჩემმა მეგობარმა ვერ გაიგო, იყო რაღაც პერიოდები რომ მსაყვედურობდნენ - "რას ქვია ბიჭო, დავცხრილავ ყველას და გავწევ და გამოვწევ, მივვარდები და გამოვგლიჯავ..".კი, იყო ის პერიოდებიც, რომ ძალიან დიდი კონფლიქტის ნიადაგზე მომყავდა ბავშვი, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, მე მაგ დროს ბავშვის ფსიქიკას ვუფრთხილდები", - ამბობს არჩვაძე.