ავტორი:

ძვირადღირებული საათები, სამკაულები და ნაკლებად ცნობილი პირადი ცხოვრება - ვინ არის მარიამ ქვრივიშვილის მეორე ნახევარი?

ძვირადღირებული საათები, სამკაულები და ნაკლებად ცნობილი პირადი ცხოვრება - ვინ არის მარიამ ქვრივიშვილის მეორე ნახევარი?

მარიამ ქვრივიშვილი, რომელსაც 30 წლის ასაკში, უკვე შთამბეჭდავი კარიერა აქვს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. უწყების ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

  • კარიერა

მანამდე მას პარალამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა. პარლამენტარობამდე კი - 2019-2020 წლებში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 2012-2014 წლებში მას ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორი კომპანია "ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი და, ამავდროულად, ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი იყო. 2010 - 2012 წლებში ქვრივიშვილი "აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

მარიამ ქვრივიშვილი არის თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM Business School) მაგისტრატურის კანდიდატი, ასევე დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი (მარკეტინგის განხრით) და ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი კალიფორნიაში, ქ. ბერკლში (University of California, Berkeley).

კერძო სექტორში მისი სამუშაო გამოცდილებიდან განსაკუთრებული წარმატებით შეიძლება აღინიშნოს ავიაკომპანიების - Flynas-ისა დ Salam Air-ის საქართველოში პირდაპირი რეგულარული რეისების განხორცილებისა და წარმომადგენლობის გახსნის პროექტების ინიცირება და მართვა, ასევე ავიაკომპანიების - Jazeera Airways-ის და Gulf Air-ის წარმომადგენლობების საქართველოში გახსნა და პირდაპირი რეისების კომერციული ოპერირება, პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებების გახსნა და ა.შ.

ის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრიცაა. ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, რომ ის თავის დროზე, მთავრობაში, როგორც ექსპრემიერ გიორგი გახარიას კადრი, ისე გამოჩნდა და მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, სწორედ გახარიას გუნდში ვიხილავდით, მაგრამ საბოლოოდ, ქვრივიშვილი "ოცნების" სამთავრობო გუნდს შეუერთდა.

მოკლედ, ახალგაზრდა პოლიტიკოსმა უკვე ბევრი რამის მოსწრება შეძლო. მისი კარიერასავით შთამბეჭდავია, მარიამის ქონებრივი მდგომარეობაც.

  • ქონება

ქვრივიშვილმა ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია პარლამენტის წევრობისას, მიმდინარე წლის 21 აპრილს შეავსო. დეკლარაციის თანახმად, 2020 წლის იანვარ -11 დეკემბრის პერიოდში მისმა შემოსავალმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე 45 953 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება უძრავ-მოძრავ ქონებას, ქვრივიშვილი ფლობს, ბინას თბილისში და მსუბუქ ავტომობილს - BMW - x6-ს. მის საკუთრებაშია ასევე: Rolex-ის საათი, რომელიც 2016 წელს საჩუქრად მიიღო და მისი ღირებულება 10 000 აშშ დოლარია. ამავე ბრენდის მეორე საათი, მარიამ ქვრივიშვილმა 2017 წელს შეიძინა და მასში 12 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დეკლარაციის მიხედვით, ეკონომიკის მინისტრის ახალ მოადგილეს ეკუთვნის Cartier-ს სამაჯურიც, რომელიც 2017 წელს 7 000 აშშ დოლარად შეიძინა და ამავე ბრენდის ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 3 500 აშშ დოლარია.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ქვრივიშვილს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 25,151 ლარი; 3 275 გირვანქა სტერლინგი და 45 000 დოლარი ჰქონდა. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ქვრივიშვილი ფლობს შპს "ვოიაჟერის“ 10%-იან წილს, რომლის საქმიანობითაც გასულ წელს 30 000 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ასევე მის საკუთრებაშია შპს "ეარლაინ რეფრეზენთეიშენ გრუპის“ 30%-იანი წილიც, თუმცა მისი საქმიანობით მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში არ არის მითითებული. აღსანიშნავია, რომ ქვრივიშვილს ორივე კომპანიაში წილის მართვა სხვა პირისთვის აქვს გადაცემული.

  • ვინ არის ახალგაზრდა პოლიტიკოსის მეუღლე?

როგორც მარიამ ქვრივიშვილის დეკლარაციიდან ვიგებთ, მისი მეუღლე 1992 წელს, სოხუმში დაბადებული ოთარ (ოთო) ბერიშვილია. ის მარიამისგან განსხვავებით, ჯერჯერობით, კერძო სექტორში მოღვაწეობს.

როგორც მარიამის დეკლარაციიდან ირკვევა, ის არის რამდენიმე კომპანიის (შპს "გემო-96“, შპს "რუბიკონი 1“, შპს "კურორტი აბასთუმანი სანატორიუმი არაზინდო“, შპს "ს ბათუმი“, სს "დასასვენებელი სახლი შუქურა“, შპს "ინდუსტრიული ქალაქი“) დირექტორი, რომელთა საქმიანობითაც, მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში არ ფიქსირდება. მასვე უკავია შპს "აჭარა ჯგუფისა" და სს "ნინოს" ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია, სადაც შემოსავლის სახით 81 085 და 7 890 ლარი აქვს მიღებული; შპს "კოლექტივ დეველოპმენტის“ დირექტორის პოზიციაზე კი შემოსავალმა 36 000 ლარი შეადგინა. ოთო ბერიშვილი ფლობს მსუბუქ ავტომობილს - Mercedes- E Clas-ს, ორ ბინას თბილისში და კიდევ ერთი ბინის 33,33%-იან წილს. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 10 064 ლარი ჰქონდა.

ოთო და მარიამი პირადი ცხოვრების აფიშირებას ნაკლებად ცდილობენ, შესაბამისად, მათ ოჯახურ იდილიაზე შეგვიძლია მხოლოდ იმ კომენტარებით ვიმსჯელოთ, რომლებსაც სოციალურ ქსელში ახლობლები უწერენ.

წყვილს სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო აქვს გამოქვეყნებული. მაგალითად, 12 მარტს მეუღლეს დაბადების დღე მარიამმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ მათი ერთობლივი ფოტოთი მიულოცა. ახლობლები კი კომენტარებში უწერენ, რომ "ეს უმაგრესი და ულამაზესი ცოლ-ქმარია“... მათ ასევე "ოქროს წყვილად" მოიხსენიებენ.